ჯეისონ კიდის ნომრით აღარ ითამაშებენ

AutoSharing Option
NBA-ს კლუბის, "ბრუკლინ ნეტსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ხმარებიდან ამოიღოს მე-5 ნომერი, რომელითაც ამ გუნდში ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი თამაშობდა. საზეიმო ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს დაგეგმილია წინასასეზონო მატჩი "ბრუკლინსა" და NBA-ს მოქმედ ჩემპიონ "მაიამი ჰიტს" შორის.

"ამ მოვლენით ჩვენ აღვნიშნავთ კიდის უდიადეს კარიერას და მის უპრეცედენტო წვლილს კლუბის განვითარებაში,
- განაცხადა "ბრუკლინის" მფლობელმა მიხაილ პროხოროვმა. - როცა კარიერის ერთი თავი სრულდება, მალე მეორე იწყება და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ჯეისონის სამწვრთნელო კარიერის სტარტს".

"ნეტსის" ისტორიაში მსგავსი პატივი ხუთ კალათბურთელს ერგო:
კლუბის არენის თაღზე ჩამოკიდეს დრაჟენ პეტროვიჩის (მე-3 ნომერი), ჯონ უილიამსონის (23), ბილ მელჩიონის (25), ჯულიუს ირვინგისა (32) და ჩარლზ უილიამსის (52) მაისურები.

კიდმა თავის 19-წლიან კარიერაში მხოლოდ ერთი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო "დალასის" შემადგენლობაში, აგრეთვე აშშ-ის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი - 2000 და 2004 წლებში. ის NBA-ს ისტორიაში მეორე ადგილზეა შედეგიანი გადაცემებისა და ჩაჭრების რაოდენობით.

40 წლის მცველმა ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", "ნეტსის" რიგებში კი 506 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.6 ქულა, 9.1 შედეგიანი გადაცემა და 7.2 მოხსნა დააგროვა. დღეისთვის კიდი "ნეტსის" ყველა დროის ლიდერია პასების (4620), ჩაჭრების (950), სამქულიანებისა (813) და სამმაგი დუბლების (61) რაოდენობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ