NBA. პლეი ოფი: "ტორონტოს" გაუმართლა, ატლანტა

AutoSharing Option
"ტორონტოსა" და "ინდიანას" გუშინდელი მატჩი ისეთივე გამოვიდა, როგორიც მთლიანად ეს სერიაა - დაძაბული და საინტერესო.

"პეისერსს" სულ მცირედი დააკლდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოეპოვებინა საკუთარი მოედნის უპირატესობა. სტუმრებმა პირველი მეოთხედი 15 ქულით მოიგეს, პირველი ტაიმი - 9 ქულით, ხოლო ბოლო მეოთხედის წინ, სხვაობა 13 ქულა იყო.

მაგრამ, მეოთხე 12-წუთეულში "ინდიანას" თამაში მთლიანად აირია. სტუმრებმა დარჩენილ დროში 15-დან მხოლოდ ოთხი ტყორცნა ჩააგდეს თამაშიდან, ტორონტოელებმა კი 15:2 გაქცევა მოაწყვეს და ძირითადი დროს დასრულებამდე ექვსწუთნახევრით ადრე, ანგარიში გაათანაბრეს - 92:92.

"რეპტორზმა" ეს გაქცევა
მაშინ შეასრულა, როცა "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ფოგელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა მატჩის საუკეთესო მოთამაშე პოლ ჯორჯი, რაც სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა. ჯორჯმა და დემარ დეროზანმა შთამბეჭდავი დუელი გამართეს. ჯორჯის ანგარიშზე 39 ქულა იყო, დეროზანმა კი, რომელმაც სერიის პირველ ოთხ მატჩში 29 პროცენტის სიზუსტით ისროლა (71-დან 21 ტყორცნა ჩააგდო), 34 ქულა დააგროვა.

დარჩენილი დრო, ძირითადად, ქულა ქულაში თამაში მიდიოდა - "ტორონტოს" მცირე უპირატესობით. სირენამდე 15 წამით ადრე, სოლომონ ჰილმა სამქულიანით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 99:100, თუმცა იქვე დეროზანმა ორი ზუსტი საჯარიმოთი სამამდე გაზარდა უპირატესობა - 102:99.

"ინდიანას" თამაშის გადასარჩენად 2.7 წამი რჩებოდა, როცა ელისმა სოლომონ ჰილს გადააწოდა ბურთი. ფორვარდმა ისევ ჩააგდო სამქულიანი და თითქოს შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, მაგრამ ვიდეოგამეორებამ აჩვენა, რომ ჰილს ჯერაც ხელში ეჭირა ბურთი, როცა დრო ამოიწურა.

"ტორონტო" დაწინაურდა სერიაში - 3:2 და კარგი შანსი მიიღო, არსებობის ისტორიაში პირველად მოიგოს პლეი ოფში შვიდმატჩიანი სერია.

ტორონტო-ინდიანა 102:99
20:35, 32:26, 25:29, 25:9
ტ: დეროზანი (34), ლოური (14+5 პასი), ვალანჩუნასი (11+5 მოხსნა+2 დაფარება), ბიიომბო (10+16 მოხსნა), პაუელი (10), ჯოზეფი (8), პატერსონი (7), კეროლი (5), როსი (3).
ი: ჯორჯი (39+8 პასი+8 მოხსნა), ჰილი (15+3 პასი), ტერნერი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), ჰილი (11+6 მოხსნა), ელისი (8+3 პასი), მაილსი (5), მაინმი (4+6 მოხსნა), სტაკი (2+5 პასი), ლოუსონი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.2/45.2), სამქულიანები (23.1/44.8), საჯარიმოები (85.7/87).
სერია: 3-2

* * *
ტორონტოს მატჩისგან განსხვავებით, თითქმის არ ყოფილა ბრძოლა ატლანტაში. "ჰოქსისა" და "ბოსტონის" სერიაში, ჯერჯერობით, მასპინძლები იგებენ და შესაბამისად, "ატლანტა" უნარიანად იყენებს საკუთარი მოედნის უპირატესობას.

"სელტიქსმა" პირველი მეოთხედი ხუთი ქულით მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, "ატლანტა" სრულ უპირატესობას დაეუფლა, ხოლო მესამე 12-წუთეულში 28:8 გაქცევით გაანადგურა მეტოქე. მესამე მეოთხედში "ჰოქსმა" 62-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და 42 ქულა დააგროვა. სხვაობა ბოლო მეოთხედის წინ 27 ქულას უდრიდა.

"ბოსტონის" წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ლიდერის აიზია ტომასის სუსტი თამაში იყო. მცველმა, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ბოსტონში "სელტიქსის" ორ მოგებაში (ჯამური უპირატესობა 35 ქულა), 12-დან მხოლოდ სამი ტყორცნა მოათავსა კალათში და 7 ქულა დააგროვა.

ატლანტა-ბოსტონი 110:83
15:20, 32:19, 42:23, 21:21
ა: სკოტი (17+5 მოხსნა), ბეიზმორი (16+5 მოხსნა), ტიგი (16+3 პასი), კორვერი (13+5 ჩაჭრა), მილსეპი (10+8 მოხსნა+6 პასი), შრიოდერი (9), ჰემფრიზი (8), სეფოლოშა (6+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰორფორდი (6+8 მოხსნა+4 პასი), ჰარდუეი (4), პატერსონი (3), ჰაინრიხი (2+3 პასი), მუსკალა (0+6 მოხსნა).
ბ: ტერნერი (15+5 მოხსნა), კრაუდერი (10), სალინჯერი (10), სმარტი (10), ტომასი (7+3 პასი), ჯონსონი (6+7 მოხსნა), ზელერი (6+5 მოხსნა), ჟერებკო (6+8 მოხსნა), როზიერი (4+5 მოხსნა+4 პასი), მიკი (4), ჰანტერი (3), იანგი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.8/37.7), სამქულიანები (38.9/24.1), საჯარიმოები (75/72).

"კლიპერსი": აღარც პოლი, აღარც გრიფინი
საბოლოოდ გაირკვა, რომ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" პლეი ოფში ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩა. გამთამაშებელი კრის პოლი და მძიმე ფორვარდი ბლეიკ გრიფინი სეზონის ბოლომდე გამოვიდნენ მწყობრიდან, - წერს ESPN. "პორტლენდთან" სერიის მეოთხე მატჩში პოლმა მარცხენა ხელის შუა თითი მოიტეხა, გრიფინმა კი გაიმიზეზა მარცხენა ბარძაყის ტრავმა. ორივე კალათბურთელის მკურნალობას, სავარაუდოდ, თვენახევარი დასჭირდება.

მიმდინარე პლეი ოფში პოლი საშუალოდ 23.8 ქულას, 4 მოხსნასა და 7.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, გრიფინის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები კი 15.0 ქულას, 8.8 მოხსნასა და 4.0 შედეგიან პასს უდრიდა.

"კლიპერსსა" და "პორტლენდს" შორის სერიაში ანგარიშია - 2:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული