ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრებში ითამაშებს

AutoSharing Option
13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. გასული წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “ზაზა აკადემიაში” ასპარეზობს, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მე-3 წელია, Junior NBA-ს განხრით ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობს. Junior NBA – GBF ლიგის მესამე სეზონი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13-წლამდელთა 30 გუნდი მონაწილეობს
და საუკეთესო NBA-ს ფორმატის ანალოგიურად, რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი-ოფის შედეგად გამოვლინდება. Junior NBA – GBF ლიგის ორგანიზებაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას პარტნიორობას უწევენ ამერიკის საელჩო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი კი წელს პირველად ტარდება და მის შესარჩევ კემპს, 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით, სლოვენიის ქალაქმა როგლამ უმასპინძლა, სადაც კონტინენტის 17 ქვეყნიდან რჩეული მოზარდები იყვნენ შეკრებილები. კემპის მიზანი 10 საუკეთესო გოგონას და 10 საუკეთესო ბიჭის შერჩევა იყო, რომლებიც Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

სლოვენიაში ლუკა ალავიძესთან ერთად მოთამაშეები – გეგა წულაია, მარიამ გოგიჩაიშვილი და მწვრთნელი – ჯაბა ბაქრაძე იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ვარჯიშისა და მოთამაშეებზე დაკვირვების შემდეგ კემპის დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში ორგანიზატორებმა არჩევანი გააკეთეს: ლუკა ალავიძე ევროპის საუკეთესო 10 მოზარდს შორის მოხვდა და Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი კონტინენტის ნაკრებში ითამაშებს.

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც წარმოადგენს ამ ტიპის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ საკალათბურთო ტურნირს, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14-წლამდელთა გუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის. თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთი ამერიკა) წარმოადგენს. ამერიკის 8 გუნდი და დანარჩენი მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩები იქნებიან „მაიამი ჰიტის“ წევრი და NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის სამგზის მონაწილე – დუეინ ვეიდი და „ლოს ანჯელეს სპარკსის“ ფორვარდი და ქალთა NBA-ს ჩემპიონი – კენდის პარკერი. ჯუნიორ-NBA-ს ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ მოედანზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ შეიძენენ სხვა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას და მონაწილეობას მიიღებენ “NBA cares”-ის საზოგადოებრივ პროექტებში.

NBA-ს ახალგაზრდული კემპისა და შემდგომ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო მგზავრობის ხარჯებს დაფარავს NBA.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ jrnba.com/worldchampionship


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული