კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U18. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ევროჩელენჯერის პირველი მატჩი დათმო

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სტარტი აიღო 18-წლამდელთა ტოპ-ნაკრებთა ჩელენჯერმა, რომელშიც მასპინძელი ქვეყნისა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად სერბეთის, გერმანიის, ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები მონაწილეობენ. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილ გუნდს საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ჰყავთ, რაც იმითაა გამოწვეული, რომ საქართველოს წლეულს გაუქმებულ A დივიზიონის გუნდებთან ასპარეზობის შანსი მიეცა და ძლიერებთან ძალების მოსინჯვასა და სოლიდური გამოცდილების მიღებაზე ჩვენებმა უარი არ თქვეს.

შედეგად, საქართველო მოხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის ჩელენჯერში, სადაც ზემოთ ნახსენები ტოპ-კლასის გუნდები ასპარეზობენ. ყველაზე სუსტად ჩრდილოეთი მაკედონია შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, იმის გათვალისწინებით,
რომ ტურნირი ამ ქყვეყანაში ტარდება, მასპინძლებიც საკმაოდ სოლიდურ მეტოქეებად ითვლებიან.

ქართველების პირველი მეტოქე ესპანეთი გახლდათ, რომელიც ბოლოს ჩატარებული 18-წლამდელთა A დივიზიონის გამარჯვებულია და ზოგადად, რაც უნდა იყოს, ამ ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები ყოველთვის ფავორიტთა შორისაა. საქართველოს ნაკრებმა სახელიან მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და რომ არა დაღლილობა, რომელმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი, ანგარიშში სხვაობა ბევრად მცირე იქნებოდა.

ბოლო ათწუთეული ქართველებმა 2:18 წააგეს და საბოლოოდ შეხვედრა 42:74 დათმეს. ჩვენმა ნაკრებმა უძლიერეს მეტოქესთან 3 პერიოდი ბრძოლაში გაატარა და ამ შეხვედრიდან მთლიანობაში უდიდესი გამოცდილება მიიღო.

ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგიანობა ლუკა კუჭუხიძემ აჩვენა, რომელმაც 8 ქულა და 8 მოხსნა ისე მოინაგრა, თამაშიდან მხოლოდ 1 ბურთი ააცილა. ბომბარდირი 11 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გახდა, რომელმაც 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მიითვალა, თუმცა დაკარგვები ჰქონდა ზომაზე მეტი.

ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში სერბეთმა გერმანიას 91:78 სძლია. ჩრდილოეთ მაკედონიასა და ხორვატიის შეხვედრა კი გვიან ღამით დასრულდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე შეხვედრას 4 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მასპინძელ მაკედონიელებთან გამართავს.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ