საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთთან 18 ქულით დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები წინაზე უფრო ძლიერ მეტოქეს ხვდებოდა. მართალია, სერბეთსაც არაერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდა, მაგრამ ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიის ეროვნულ გუნდზე ძლიერია და ეს ავსტრიის განადგურებითაც დაამტკიცა (85:64).

ნებისმიერი მწვრთნელი მატჩის წინ მოწინააღმდეგის თამაშს ნახავდა და იმის მიხედვით აირჩევდა სტრატეგიასა და ტაქტიკას. ბუნებრივია, ასე მოიქცა სლავების თავკაცი ალექსანდრ ჯორჯევიჩი, რომელმაც
არც დამალა, რომ ჩვენი წამყვანი კალათბურთელებისთვის მაიკლ დიქსონისა და მანუჩარ მარკოიშვილისათვის არ უნდა მიეცა პერიმეტრიდან სროლის საშუალება. არაფერი უთქვამს საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილზე - გერმანიასთან წაგებულ ფარზე. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ამ კომპონენტში დიდწილად ერთ ცენტრალურ თავდამსხმელზე, გამოუცდელ, მაგრამ პერსპექტიულ 18 წლის გოგა ბითაძეზეა დამოკიდებული, რომელმაც ჰემნიცურ შეხვედრაში ოდენ 4 ქულა ჩააგდო და 5 პერსონალური მიიღო.
ეს რაც შეეხება ვიზავის.

ბუნებრივია, თავისი ჩანაფიქრი და მონახაზი საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ილიას ზუროსსაც ქონდა და ძალიან საინტერესო იყო რა სიურპრიზს შესთავაზებდა მეტოქეს. ისიც უნდა ითქვას, ამ შემადგენლობით ბერძენ სპეციალისტს თამაშის გადაწყობის და გამრავალფეროვნების დიდი საშუალებაც არ აქვს და რაც წინა მატჩში ჩვენმა გუნდმა აჩვენა, მიმდინარე ეტაპზე ალბათ, მისი მაქსიმუმია.

პირველმა მეოთხედმა დაგვანახა, რომ ამ ფორმაციის სერბეთის ნაკრები იმის აჩრდილიც არაა, რომელიც კონტინენტის გასულ ჩემპიონატზე ვიხილეთ. ვერც პერიმეტრი ჩაგვიკეტეს, დაცვაშიც უამრავი შეცდომა დაუშვეს და საჯარიმოებიც ვერ გამოიყენეს. ჩვენმა გუნდმა კი მოახერხა შორიდან სროლებით ქულების აღება, ოღონდ ეგაა, ფარი წააგო და დაცვაშიც ვერ ვარგობდა. მოკლედ, თანაბარი თამაში წავიდა და საწყისი მეოთხედი ფრედ დასრულდა.

მეორე პერიოდში მასპინძლებმა აქტიურ დაცვას მიმართეს და 6 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დიქსონის 3 სამქულიანით ანგარიში გათანაბრდა,  თამაში ქულა-ქულაზე წავიდა და პირველი ტაიმი 45:44 მოვიგეთ. აღსანიშნავია, რომ დიქსონმა უნიკალური შედეგი აჩვენა, 17:43 წუთში 23 ქულა ჩააგდო. სერბეთის ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი 15 ქულით ცენტრალური თავდამსხმელი მიროსლავ რადულიცა იყო.

მესამე პერიოდში სერბებმა ჯარიმების სროლა გამოასწორეს, დაცვაშიც უფრო ყურადღებით გაისარჯნენ, თანაც შეცვლაზე კარგად შესულმა მიხეილ ბერიშვილმა მე-4 პერსონალური მიიღო, ბითაძეს ჯარიმები არ წაუვიდა, დიქსონმაც რამოდენიმე შეცდომა დაუშვა და 64:74.

დასკვნით პერიოდში იგივე პრობლემის წინაშე დავდექით, რაც გერმანიასთან მატჩში გვქონდა - ძალა აღარ ეყო ჩვენს გუნდს, მოკლე სათადარიგოთა სკამმაც არ მისცა ჩვენს წამყვან კალათბურთელებს დასვენებისა და ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება, მარკოიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მეხუთე პერსონალური მიიღო, სამწამიანის ზონაში ადვილად ვუშვებდით მოწინაღმდეგეებს, დაცვა მოიშალა, დიდი ანგარიშით 87:105 დამვარცხდით და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა იქნებოდა ანგარიშში სხვაობა დიქსონს 36 ქულა რომ არ აეღო...

ერთი სიტყვით, ისევ დავმარცხდით, რაც საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფიდან სამი გუნდი გადის, ყველაზე სუსტ მოწინააღმდეგესთან, ავსტრიასთან ორივე თამაში ჩასატარებელი გვაქვს, ყველაზე რთული მატჩები უკან მოვიტოვეთ, მომავალ წელს გერმანიასაც და სერბეთსაც თბილისში ვმასპინძლობთ, ვითარება კატასტროფული არაა. თან, იქნება მაშინ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც დაგვეხმარონ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს არის ჯერჯერობით მაქსიმუმი. იმედი გვქონდეს, რომ მოვუმატებთ.ვერ ვუძლებთ ბოლომდე
გგგ
28 ნოემბერი 2017 01:14
1
ვფიქრობ, ზუროსი არა მარტო ევროპის, მსოფლიოს ერთ-აერთი საუკეთესო მწვრთნელია. მის ხელში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. ბიჭებმა პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ითამაშეს და დაცვაშიც რომ ეყოჩაღათ, შესაძლოა მოგებაზეც გვეფიქრა. დიქსონი საუკეთესო გამთამაშებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თანაც ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება და ჯიგრით თამაშობს. მარკოიშვილიც კარგია. ბითაძე ამხელა პასუხისმგებლობას მიჩვეული არ არის, მაგრამ ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და იმედია, მალე მაღალ დონეს აჩვენებს. მოკლედ, თებერვლის თამაშებს ველით, წარმატებას ვუსურვებ. აუცილებლად უნდა შეავსოს გულშემატკივარმა სპორტის სასახლე
კოტე
28 ნოემბერი 2017 10:13
0
ძალიან ბევრი იყო დაკარგვები ფარი ხომ საერთოდ ბევრი მუშაობით შედეგის მიღწევა შეიძლება საჭირო იქნება ამხანაგურები მეტი რაოდენობით
nnn
28 ნოემბერი 2017 09:48
0
dixoni magari kazi, sagol magis momkvans.
qomagi
28 ნოემბერი 2017 07:10
0
მოსალოდნელი იყო, მაგრამ.... გულშემატკივარს ილუზიური მოლოდინი მაინც გვქონდა უკეთესობის. რეალისტები უნდა ვიყოთ,შეურაცყოფის გარეშე, დიქსონის გარეშე კალათბურთი რასაც ქვია ევროპული დონის-საქართველოში არ გვაქვს,(ლეგიონერების გარეშე). კი, რაღაც პოტენცია გაჩნდა- 3 ქულიანების სროლას ვსწავლობთ, როცა არ ,,გვიშლიან", 2 ქულიანბს კი ვივიწყებთ- მანუჩარი პიკიდან დაღმავლობის ეტაპზეა, დიქსონიც( პატივისცემას იმსახურებს-ეგეთი არც გვყოლია) ისე იღლება-იფიტება გაუაზრებელ დაკარგვებს აგროვებს.ცქიტო ხომ საერთოდ ვეტერანია. გოგას ნიჭიერების ვერაფერი შევატყე სამწუხაროდ. ყბადაღებული გამოცდილებაო, ანდრიატიკის ჩემპიონატში ხომ თამაშობს?! რა თაობა მოდის ვინმემ მიკარნახეთ, გამიხარდება- რაგბიში ჩანს, კალათბურთში? ნიჭიერი( უკვე პროფესიონალია) დონჩიჩზე ითქმოდა, მიახლოებული ვინმე გვეზრდება?. მოძრაობა, აზროვნება, იმპროვიზაცია, მუხტი-აფეთქება, ფიზიკაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ქართულ სპორტში-ბევრი გვაკლია. ბიჭებს ბოლო ფაზა- ალმასისავით- დამუშავება- მეტი ოფლის ღვრა აკლიათ....როგავას რატომ არ ათამაშებსო, ზუროს ასწავლიან, სუპერლიგის საუკეთესოაო, ,,ჩვენი სუპერლიგის?! "- გამოვიდა და ეგრევე დაკარგა ბურთი გარემო უნდა შევუქმნათ და შეიქმნან თითონაც, რომ უკეთესები გახდნენ. სტაგნაციაში მყოფი საქართველოს განათება რომ შეძლონ. შეუძლიათ და ამიტომაც გვაქვს ხოლმე გადამეტებული მოლოდინი. გაიბრწყინე საქართველო...
გუსანი
28 ნოემბერი 2017 13:35
1
ზუროსი მეცოდება ძალიან,კლასიანი მწვრთნელისათვის ამდენი უაზრო ჯარიმა და და ბურთის დაკარგვა,მართლაც ძნელი მოსათმენია და კაცი გიჟდებოდა.დიქსონი მგონი თავსაც გადაახტა,მაგრამ მანუს ასეთი არევა,არასოდეს მახსოვს.ეროვნული ჩემპიონატის ბიჭები კარგად ესროდნენ შორიდან,მაგრამ ასეთ სისწრაფეებზე თამაშს უჩვევნი არიან და ალბათ ამიტომაც იყო ამდენი შეცდომა,რაც შეეხება ჯარიმების სროლას,ეს აუხსნელია,მანუმაც კი ორიდან ორივე ააცილა და ეს ალბათ მის კარიერაში პირველი შემთხვევაა.მთლიანად თამაშს რაც შეეხება ,ამ ბიჭებს დრო უნდათ და თამაშების რაოდენობა ნაკრებში,შემდეგ დაცვაც დალაგდება და შემტევი კომბინაციებიც დამუშავდება,ავსტრიასთან კი იმედია ესეც გვეყოფა.ბითაძისაგან გაცილებით მეტს ველით,თუნდაც ნებისყოფის მხრივ,თორემ თუ ეს მისი მაქსიმუმია ამჟამად,მაშინ ამავე ასაკში ზაზას ჩრდილიც ვერ ყოფილა.ასე რომ ითამაშე გოგა ,იბრძოლე და დაამტკიცე,რომ ზაზას ღირსეული მემკვიდრე ხარ,ავსტრიასთან თამაში ჩვენთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტია და მისი ბედი დიდწილად სამწამიან ზონაში გადაწყდება.
სოსო
28 ნოემბერი 2017 10:52
0
ნაკრებს არა უშავს, რესურსი არის, მომატება შეგვიძლია. ამხანაგურები გვჭირდება ბევრი. ბითაძეს ჯერჯერობით მუხლები უკანკალებს, მაგრამ თუ ერთი გაიმაგრა, შეიძლება წინ ვერავინ დაუდგეს. დაცვას მიხედე ზუროს დაცვას.
P.S. ზუროსი მაგარი კაცია, მაგის იმედი მაქვს. ნაპერწკლიდან ალს ააგიზგიზებს. :)))
gio
28 ნოემბერი 2017 10:29
0
ერთადერთი კარგი იმის თქმა შეგვიძლია რო ბოქოლიშვილი და ბერიშვილი მართლა იმსახურებენ კარგ გუნდში თამაშს. ბოქოლიშვილი საერთოდ უშეცდომოდ თამაშობს. მეტი რავი სანამ გუნდს ოდნავ ნორმალური ცენტრი მაინც არ ეყოლება ნუ პრეტენზიები მარტო ავსტრიასთან უნდა გვქონდეს.
ჯაბა
28 ნოემბერი 2017 11:59
0
მარტო დიქსონმა რა ქნას დანარჩენებმა ვერ აუბეს მხარი
dixon
28 ნოემბერი 2017 09:55
0
ყოჩაღ ბერიშვილი და ბოქოლიშვილს, კარგად ჩაჯდნენ გუნდში დდდა ნამდვილი ოსტატები არიან 3- ქულიანების.
გია
28 ნოემბერი 2017 09:40
0
ყოჩაღ მაშინ უნდა შეაქო როცა რამდენიმე თამაშს ჩაატარებენ კარგად
ყოჩაღ
28 ნოემბერი 2017 11:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული