გამოცემა "ევრობასკეტმა" თორნიკე ევროლიგის მესამე ტურის ტოპ-სამ კალათბურთელს შორის დაასახელა. რომ მოეგოთ, შეიძლება საუკეთესოც გამხდარიყო.
"შენგელია საოცარ სეზონს ატარებს. მან "ვალენსიასთანაც" შედეგიანად ითამაშა, თუმცა არის ერთი პრობლემა - მისი გუნდი ვერ თამაშობს მაღალ დონეზე, მხოლოდ ქართველი თავდამსხმელის გარჯას კი გამარჯვება ვერ მოაქვს", - ვკითხულობთ "ევრობასკეტზე", რომლის ვერსიით მესამე ტურის საუკეთესო კალათბურთელი რეალელი ლუკა დონჩიჩი (27 ქულა) გახდა.
პრიჯიონის დამშვიდობება
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე - თამაშის კომენტირებას არ ვაპირებ. მინდა გამცნოთ ჩემი გადაწყვეტილება - "ბასკონიას" მწვრთნელი აღარ ვარ. სამწვრთნელო შტაბი კი ეცადა, აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. წასვლის მიზეზი მარტივია: ვერ გავამართლე ის იმედი, რასაც ჩემზე კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი ამყარებდა. ბოდიშს მოვუხდი მათ ამისთვის.
ვალდეოლმილოსი
პაბლო პრიჯიონის ადგილს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისივე თანაშემწე სერხიო ვალდეოლმილოსი დაიკავებს. სწორედ ის გაუძღვება გუნდს ევროლიგის მოახლოებულ მატჩში, "ბამბერგთან". ეს შეხვედრა 27 ოქტომბერს გერმანიაში გაიმართება.იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ "ბამბერგმა" დაამარცხა 25 ოქტომბერს გიორგი შერმადინის "უნიკახა" მისსავე მოედანზე (80:67). შერმადინმა ამ მატჩში 10 ქულა ჩააგდო.
ისევ თოკო და პაბლო
ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ინტერვიუ თორნიკე შენგელიასთან, რომელშიც იგი "ბასკონიას" მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ ლაპარაკობს.- რთულია პოზიტიურად მოვლენების შეფასება, გუნდში სერიოზული ცვლილება მოხდა, მთავარი მწვრთნელი წავიდა. თუმცა კალათბურთელები ვართ და უნდა შევინარჩუნოთ წონასწორობა და ვიფიქროთ წინსვლაზე, - აღნიშნა შენგელიამ და განაგრძო:
- მოთამაშეებიც ვეცადეთ, მწვრთნელისთვის გადაგვეთქმევინებინა, მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ. პაბლო პრიჯიონის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.
"ბასკონიას" ქართველი კაპიტანი აცხადებს, რომ გუნდის წარუმატებლობა მწვრთნელის ბრალი არ არის:
- თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრიჯიონიმ სეზონის დასაწყისში გუნდთან მუშაობისას შეცდომა დაუშვა, ძალიან ცდება. ახალგაზრდა, მაგრამ მაღალი დონის სპეციალისტია. მწვრთნელის რა ბრალია, თუ კალათბურთელები ხელს არ ვანძრევთ? თავს სათანადოდ არ ვიცავთ? მოხსნისთვის ბოლომდე არ ვიბრძვით? ჩვენს საქმეს კარგად არ ვასრულებთ? ეს, პირველ რიგში, ჩვენი, კალათბურთელების პასუხისმგებლობაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"