თორნიკე შენგელიამ 16 ქულა ჩააგდო, თუმცა მისი "ბასკონია" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" კრიზისი უდგას. გუნდმა სეზონი რიხით დაიწყო, თუმცა შემდეგ შედეგიანობას უკლო. ეს უფრო ევროსარბიელზე ითქმის, სადაც ესპანურმა კლუბმა მორიგი მარცხი განიცადა. ბასკონიელები ევროლიგის აუტსაიდერს, მონტენეგროს "ბუდუჩნოსტს" პოდგორიცეში შეხვდნენ და 84:99 დამარცხდნენ. ეს "ბუდუჩნოსტის" პირველი გამარჯვება იყო ევროლიგაში, შენგელიას გუნდისთვის კი - მე-5 მარცხი.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და სტუმართა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ მოედანზე 27:38 წუთი გაატარა და 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო,
ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაარღვიეს.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19 შეადგინა და ის ბასკონიელთა რიგებში მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (26) ჩამორჩა, რომელმაც 13 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ ჯენინგს, მან 21:28 წუთში 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 0 სამქულიანი), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

"ბუდუჩნოსტის" გამარჯვება მასპინძელთა ზუსტმა შორეულმა სროლებმა განაპირობა. მათ 34-დან 21 სამქულიანი (61.8%) გამოიყენეს, ყველაზე მეტად კი საფრანგეთის ნაკრების წევრი ედვინ ჯეკსონი გამოირჩა, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულას გამორჩა.

"ბასკონიას" შვიდ ტურში 2 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს, სტუმრად იტალიურ "მილანთან" გამართავს.

altთორნიკე შენგელიას "ბასკონია" "ფენერბახჩესთან" დამარცხდა

altთორნიკე შენგელიამ "ვალენსიას" 14 ქულა ჩაუგდო

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული