ცსკა-სა და "ბასკონიას" ევროლიგის პლეი-ოფის სერიის წინ sports.ru-მ ვრცელი წერილი მიუძღვნა ბასკური გუნდის ქართველ კაპიტანს თორნიკე შენგელიას. არ დაიზაროთ, აუცილებლად წაიკითხეთ, ძალიან, ძალიან საინტერესოა.
"არასოდეს მინახავს, ათს ერთი გაჭირვებით შეეკავებინოს. მოსკოვში ვიტორიელი ველური მოდის
თორნიკე შენგელია ნამდვილი ქართველია, ცსკა-ს რისხვა, რომელმაც კირილენკო კარიერის დასრულებაზე დააფიქრა.
სამშაბათს ცსკა ევროლიგის მეოთხედფინალის სერიას იწყებს. არმიელებს საქმის დაჭერა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მეტოქესთან მოუწევთ, რომლის ლიდერი და კაპიტანი თორნიკე შენგელიაა - ევროპაში მოასპარეზე საუკეთესო მეოთხე ნომერი.
- დღეს შენს მეგობარ თოკოს ვნახავ, რა ვუთხრა? -
- უთხარი: "როგორ ხარ, ველურო?" ველური ეს ქართულიდან თარგმანში მიახლოებით გამოითქმის. შესაძლოა, რუსულად უფრო სწორი შენგელიას მხეცად მოხსენიება იქნებოდა.
"საიდან ასეთი თიკუნი? ის როგორ გითხრათ... დაუოკებელი, თითქოს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონეა. რაც მახსოვს, არასოდეს დაღლილა. შეუძლია ვარჯიშსა და თამაშზე დაჰქროდეს, პარკეტი კბილებით დაღრნას, ენერგია კი არ გამოელევა. მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია".
მუხლის ტრავმის გამო ოპერაცია დასჭირდა, ორი თვე გამოვიდა მწყობრიდან, შემდეგ კი ჩვეულად მაღალ დონეზე გააგრძელა ასპარეზობა. მათ შორის შესანიშნავად გაისარჯა ცსკა-სთან სახლში მოგებულ შეხვედრაში, სადაც ბოლოს მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო.
"ის სატვირთო მატარებელივივითაა. თუ სისწრაფე აკრიფა, გზიდან უნდა ჩამოეცალო", - ასე ახასიათებს ყოფილ პარტნიორს ფრანგი კიმ ტილი. ამიტომაც აქვს კიდევ ერთი თიკუნი - თოკომოტივი.
ორი კვირის წინ მან მოსკოვში თავად შეაჩერა საკუთარი თავი. უჩვეულოდ პასიური იყო, 8-დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდო და 6 ქულა მიითვალა, რაც გამონაკლისთა შორის გამონაკლისია. ის განსაკუთრებით კარგად ცსკა-სთან თამაშობს. გასულ სეზონში დაბლ-დაბლი (20 ქულა, 12 მოხსნა) სწორედ მოსკოვურ გუნდთან შეასრულა და სარგებლიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (33).
შენგელია კიდევ ერთი სამახსოვრო ეპიზოდის ავტორია. მიტიშებში თამაშისას ფარი ჩამოლეწა.
ნიღბიანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ფარი ჩამოამსხვრია [VIDEO]
თავად თოკო ამბობს, რომ თითქმის ყოველ მატჩს მამასთან ერთად არჩევს. ეს მარტო მამაშვილობის გამო არ ხდება. კახა შენგელია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. "ის თავის დროზე არაორდინალური ცენტრი იყო, - ამბობს ცსკა-ს მწვრთნელი ანტონ იუდინი. - მაშინ გუნდში 215-სანტიმეტრიანი ცენტრი უნდა გყოლოდა. კახა კი მხოლოდ 206 სანტიმეტრი სიმაღლის იყო. ამასთან, ძალიან ნიჭიერი შემტევი გახლდათ, ფარქვეშ მოძრაობის მდიდარი არსენალი ჰქონდა. ჭაბუკთა დონეზე დომინირებდა, შემდეგ კი გარდაქმნის ხანაში დაიკარგა, როდესაც კარგი მოთამაშეები ხშირად გაურკვეველ ევროპულ გუნდებში გადადიოდნენ".
"90-იანი წლების დასაწყისში 1971 წელს დაბადებულთა საბჭოთა კავშირის ნაკრები ტურნეზე აშშ-ში გაემგზავრა, - იხსენებს იუდინი. - ეტყობა, უკვე ნათელი იყო, რომ ეს გუნდი დიდხანს აღარ იარსებებდა და მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ერიომინი მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლებს ხშირად არ ათამაშებდა. კახასაც ცოტა უწევდა თამაში. ტურნეს დასასრულს ალიასკაზე გვქონდა მატჩი. დარბაზში ციოდა. შესვენებაზე გასახდელში მწვრთნელს ვუსმენთ, შენგელიამ კი, რომელიც სულ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მშვიდად ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. "კახა, შენ რას შვები?" - უთხრა სტანისლავ გეორგის ძემ. "ცივა!" უპასუხა შენგელიამ და გავიდა.
საინტერესო ფაქტი: ანდრეი კირილენკომ ორივე შენგელიასთან მოასწრო თამაში - კახასთან კარიერის სტარტზე პეტერბურგის "სპარტაკში" და თორნიკესთან ფინიშზე, "ბრუკლინში".
"ვეუბნები თოკოს, კახა შენგელია შენი ნათესავი ხომ არაა, ან ძმა? მე მასთან ოდესღაც ერთ გუნდში ვიყავი, - ამბობს კირილენკო. ის მპასუხობს, რა ძმა, ის ხომ ჩემი მამაა! მაშინ მივხვდი, რომ ჩემი კარიერის დასრულების დრო მოვიდა..."
"შესანიშნავი მოთამაშეა, აგრესიული, - სკაუტურად ახასიათებს ყოფილ პარტნიორს კირილენკო. - მისი ძლიერი მხარე ფარქვეშ შესვლაა, ძალისმიერად. დაცვაში ძლიერია, კარგად გარბის. მოკლედ, კლასიკური მძიმე თავდამსხმელია, აქტიური".
ყველა ეს თვისება ქართველ ვუნდერკინდს ჭაბუკურ ასაკში შეემჩნეოდა. მისი კარიერა ფაქტიურად "ვალენსიაში" დაიწყო, სადაც ძალიან ახალგაზრდა გადავიდა.
"მაშინ ძირითადში ხანდახან ათამაშებდნენ, იხსენებს მეორე ექს-ვალენსიელი ნანდო დე კოლო. - მაშინ შორიდან სროლა არ უვარგოდა, სამაგიეროდ ფიზიკურად ჩამოყალიბებული იყო, თუმცა მთლად ისეთი არა, როგორიც ახლაა. აგრესიულად მიიწევდა ფარისაკენ. რაც დამამახსოვრდა - მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობისა, მუდამ საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. შეცდომებს არ განიცდიდა და ჯიუტად აკეთებდა ყველაფერ აუცილებელს. ვარჯიშების შემდეგ სისტემატურად რჩებოდა და მწვრთნელის ასისტენტთან ერთად მუშაობდა. მერე ბელგიაში წავიდა, თანდათან გუნდის ლიდერი გახდა და ერთხელაც NBA-ში არ აღმოვაჩინე! მომწონს, როგორ მიისწრაფოდა თავისი მიზნისაკენ, ჭაბუკთა გუნდიდან დაიწყო და გახდა ის, რაც ახლაა. ეს პატივისცემას იმსახურებს".
"მაშინ ძირითადში ხანდახან ათამაშებდნენ, იხსენებს მეორე ექს-ვალენსიელი ნანდო დე კოლო. - მაშინ შორიდან სროლა არ უვარგოდა, სამაგიეროდ ფიზიკურად ჩამოყალიბებული იყო, თუმცა მთლად ისეთი არა, როგორიც ახლაა. აგრესიულად მიიწევდა ფარისაკენ. რაც დამამახსოვრდა - მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობისა, მუდამ საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. შეცდომებს არ განიცდიდა და ჯიუტად აკეთებდა ყველაფერ აუცილებელს. ვარჯიშების შემდეგ სისტემატურად რჩებოდა და მწვრთნელის ასისტენტთან ერთად მუშაობდა. მერე ბელგიაში წავიდა, თანდათან გუნდის ლიდერი გახდა და ერთხელაც NBA-ში არ აღმოვაჩინე! მომწონს, როგორ მიისწრაფოდა თავისი მიზნისაკენ, ჭაბუკთა გუნდიდან დაიწყო და გახდა ის, რაც ახლაა. ეს პატივისცემას იმსახურებს".
"შენგელია ჩვენთვის ევროპელმა სკაუტმა დანკო ცვეტიჩანინმა მოიძია, - თქვა "ბრუკლინის" ექს-დირექტორმა საკალათბურთო საკითხებში და ფარმ-გუნდ "სპრინგფილდ არორის" გენერალურმა მენეჯერმა მილტონ ლიმ. - როგორ წესი, როდესაც ევროპელს მეორე რაუნდიდან იყვან, ფიქრობ, რომ ოკეანის გაღმა გამოცდილება უნდა შეიძინოს. თოკოსთან ძალიან საინტერესოდ გამოვიდა. მგონი, დრაფტის მეორე დღეს, როცა პრეს-კონფერენციისთვის ვემზადებოდით, შენგელიას აგენტმა დაგვირეკა და გვამცნო, რომ მისი კლიენტი არამარტო ამერიკაში, არამედ ნიუ ოირკში იყო, ბრუკლინში! რა თქმა უნდა, თოკო მაშინვე მოვიწვიეთ პრეზენტაციაზე და მისი საზაფხულო გეგმებით დავინტერესდით. ჩვენდა გასაკვირად მან მაშინვე გამოთქვა საზაფხულო ლიგაში თამაშის უზარმაზარი სურვილი და წინასასეზონო ბანაკში გაემგზავრა. პირველივე ვარჯიშზე უბრალოდ შოკში ჩაგვაგდო. მე და მწვრთნელმა ერთმანეთს გადავხედეთ: დიახ, ეს ბიჭი ლებრონ ჯეიმსივით თამაშობს! ბურთს ტენის, უფარებს, ფარზე მუშაობს, შორიდან აგდებს. დაგვანახა, რომ გუნდში საუკეთესო იყო!
ჩინებული ზაფხულის შემდეგ თოკომ სამწუხაროდ "ბრუკლინის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. დიდხანს ვერ ჩამოვყალიბდით მის პოზიციაზე. აგებულების მიხედვით წესით მესამე ნომერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ამ პოზიციაზე All-Star-ი ჯო ჯონსონი გვყავდა და კლასიკური მესამე ნომერი შორიდან მაგრად უნდა აგდებდეს, რასაც შენგელია იმ დროს ვერ ახერხებდა. მეოთხე ნომრისთვის კი გაბარიტები არ ჰყოფნიდა. ეჭვიც არ მეპარება, თოკოს ახლაც შეუძლია აქ თამაში. ოსტატობა არ აკლია. უბრალოდ, ამ კონკრეტულ გუნდს ვერ მოერგო".
ამერიკული კარიერა შენგელიამ "ბრუკლინსა" და "სპრინგფილდს" შორის გაატარა, რეგულარულად მგზავრობდა ავტომობილით ერთი გუნდიდან მეორეში.
"ავტომობილს მე ვმართავდი, თოკოს კი უკანა სავარძელზე ეძინა, - აგრძელებს მილტონ ლი. - ინსტაგრამი მოდაში ახალი შემოსული იყო. მძინარე თოკო "დავპოსტე". ერთად ვიცინოდით. სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით G ლიგაში მივლინებებს ძალიან პოზიტიურად უდგებოდა. სხვები ამას არაღირსეულ დონედ მიიჩნევდნენ. თოკო კი მომენტით სარგებლობდა, პროგრესირებისათვის, თავისი კლასის დასამტკიცებლად, რათა NBA-ს სხვა გუნდებს ყურადღება მიექციათ. მწვრთნელი ბობ მაკინონი, რომელიც ახლა "დალასის" სისტემაში მუშაობს, მისით ძალიან კმაყოფილი იყო.
საქმისადმი მისი პროფესიული დამოკიდებულება ბევრ რამეში ვლინდებოდა. მახსოვს, ჩვენს მეორე დრაფტ-პიკს ტაიშინ ტეილორს მოედანზე როგორ უყვიროდა, რათა უკეთ ევარჯიშა".
ერთხელ ნაკრებში შესვენებისას თოკომ პარტნიორს უთხრა, რომ ბურთს უხალისოდ აძლევდა თანაგუნდელებს, - იხსენებს მარკოიშვილი. - პარტნიორმა საკმაოდ მკაცრად უპასუხა და... მისმინე, მე არასოდეს მინახავს, რომ ათი კაცი გაჭირვებით აკავებდა ერთს".
თორნიკესთან კონფლიქტი სახიფათოა. 2015 წელს ბასკურ დერბიში "ბილბაოს" მოედანზე, როდესაც მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით იგებდა, ბოლო წამებზე მათმა თავდამსხმელმა დეიან ტოდოროვიჩმა ბურთის ჩატენვა მოინდომა. შემდეგ მოხდა ის, რაზეც ანტონ პონკრაშოვს და კაილ ჰაინს ოცნებაც არ შეეძლოთ.
თუ იმ მომენტს ბოლომდე უყურეთ, ქართველის ხასიათს სრულად დაინახავდით. როდესაც ვნებები ჩაცხრა, მაშინვე პირველ რიგში შეშინებულ ბიჭუნასთან მივიდა და ბოდიში მოუხადა.
ის ნამდვილი ქართველი მამაკაცია, გულღია და შეუძლებლად კეთილი, ნეტა ასეთი ბევრი იყოს, - ბრძანებს ირინა პავლოვა, შენგელიას "ბრუკლინში" ყოფნისას Onexim Sports and Entertainment-ის წარმომადგენელი. - ვერ ვიტყვი, რომ განუყრელი მეგობრები გავხდით, მაგრამ დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. მისი ადამიანურობის მრავალი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგალითად, თბილისში თავის ქორწილში მიმიწვია. თვითონ უნდოდა აეროპორტში დამხვედროდა. მითხრა: "შენ ხომ მარტო მოფრინავ ნიუ იორკიდან!" ვუპასუხე:"შენ ხომ სიძე ხარ! ვინმე გამოაგზავნე". ძლივს გადაავაფიქრებინე.
სწორედ მაშინ დაუნათესავდა ზაზა ფაჩულიას. ერთხელ თბილისში წასვლა გადავწყვიტე და ორივეს მივწერე. გუნდებში იყვნენ საზაფხულო შეკრებებზე. ორივემ დახმარება შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან სასტუმრო და ავტომობილი დაჯავშნული მქონდა. მირეკავს ფაჩულია:"მისმინე, არ აიყვანო მანქანა, ჩემი მძღოლი ყველგან წაგიყვანს, ყველაფერს გაჩვენებს". კამათს აზრი არ ჰქონდა, დავთანხმდი. ცოტა ხანში შენგელია მირეკავს და იგივეს მეუბნება. ვუთხარი, ზაზამ დაგასწრო, ერთდროულად სამი ავტომობილით ხომ არ ვიმოძრავებ-მეთქი. გული დაწყდა. ჩავფრინდი თბილისში და თოკოს სასტუმროს ფული გადაუხდია".
"თოკო ძალიან მგძნობიარეა, ეს ცოტა საშიშიცაა, - იცინის მარკოიშვილი. - თუ მეგობრებთანაა, ვისთანაც თავს კარგად გრძნობს, დადებითი ემოციებით იმუხტება. ჩვენთან ამბობენ, რომ ის სიყვარულის კალათას აღებს. თოკო აუცილებლად გადაგეხვევა და ისე გადაგეხვევა, რომ შეიძლება ერთი-ორი ნეკნი ჩაგიმტვრიოს. ჩინებული ადამიანი და მეგობარია. მას აბსოლუტურად ვენდობი. უფსკრულის პირას ვიწრო ხიდზე რომ თვალდახუჭულს მომიწიოს გავლა და ჩემი თანამგზავრი თოკო იყოს, აბსოლუტურად მშვიდად ვიქნები".