NBA-ს პლეი-ოფის სტადია ახალგაზრდების ვარსკვლავებით დაიწყო და ფავორიტთა მარცხით გრძელდება - ორივე კონფერენციის გამარჯვებულმა პირველი მატჩები წააგო.
სერიაში პირველი შეხვედრა დათმო გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" - "მაიამი ჰიტთან" 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 101:113. სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
წააგო აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა "მილოუკი ბაქსმა". ჩრდილოელები "ორლანდო მეჯიქთან" 12 ქულით დამარცხდნენ - 110:122. იანის ანტეტოკუნმპომ 31 ქულა, 17 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გამარჯვებულთა შორის კი საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო 35 ქულით, 14 მოხსნითა და 4 ასისტით.
დღის
ფავორიტებიდან მხოლოდ "ჰიუსტონ როკეტსმა" მოიგო. ჯეიმს ჰარდენის ლიდერობით, ტექსასელებმა "ოკლაჰომა" დაჯაბნეს: 123:108. "წვერამ" ვესტბრუქის არყოფნაში გუნდს 37 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა. დამარცხებულთა შორის იტალიელმა დანილო გალინარიმ 29 ქულა ჩააგდო.
დამარცხდა NBA-ს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". კალიფორნიელებს ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა დამიენ ლილარდმა და "პორტლენდის" კომპანიამ აჯობა - 100:93. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა - 23 ქულა, 17 მოხსნა, 16 ასისტი. ენტონი დევისს 28 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო, რასაკვირველია, დამიენ ლილარდი იყო 34 ქულით.
დღეს, 19 აგვისტოს, "ტორონტო" "ბრუკლინს" დაუპირისპირდება, ხოლო "დენვერი" - "იუტას".