დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი საშინაო მატჩით გახსნა და "ხუვენტუტთან" 60:72 დამარცხდა.

განმეორებითი შეხვედრა კატალონიაში 21 სექტემბერს გაიმართება და ჩვენს ჩემპიონს 12-ქულიანი სხვაობა ექნება გასაბათილებელი. ეს ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა, თავიდანვე ითქვა, რომ დინამოელთა მიზანი არა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლა, არამედ ერთი რანგით დაბალ, ფიბას თასზე თამაშია. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დამარცხებული გუნდები კი სწორედ ფიბას თასზე გადადიან.

ისე არ გაიგოთ, თითქოს, "დინამოს" "ხუვენტუტთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხებულად წინასწარ ვცნობდეთ. ესპანელთა შანსები გაცილებით მაღალია, მაგრამ პირველმა შეხვედრამაც დაგვანახა, რომ
უძლეველი მეტოქე ნამდვილად არ გვყავს. მოგება თბილისშიც შეიძლებოდა, გუშინდელ შეხვედრაში ხომ 17-ჯერ შეიცვალა ლიდერი.

იყო ორი ნიუანსი, რომელთა გამოსწორების შემთხვევაში თბილისში უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეიძლებოდა.

პირველი - შეთამაშება. მატჩის მსვლელობამაც დაგვანახა, რომ "დინამო" თანაბრად დაბალანსებული, მებრძოლი გუნდია, არიან კარგი ახალგაზრდებიც (გოგოძე, გრძელიძე) და საკმარისად გამოცდილი ქართველებიც (ცქიტიშვილი, ფაცაცია, ლონდარიძე, ბერიშვილი). ლეგიონერებიც არ ჩანან ურიგონი (გაჩეშამ მართლაც კარგად ითამაშა, ტურპინი, სტორი და ბოიდი), მაგრამ მათ შეთამაშება, საკუთარი თავის პოვნა სჭირდებათ. გუნდის შეკვრას კი დრო უნდა. საამისოდ 10 დღე საკმარისი არ არის. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, დაახლოებით ერთ თვეში "დინამოსგან" გაცილებით დალაგებულ კალათბურთს ვიხილავთ. სწრაფსაც და გააზრებულსაც.

მეორე - ფიზიკური კონდიციები. ნიკა ცქიტიშვილი გუნდს ახლახან შეუერთდა, მიხეილ ბერიშვილი და ილია ლონდარიძე - 10 დღის წინ. ლეგიონერებიც ყველა დროულად ვერ ჩამოვიდა, ასეთ პირობებში კი გუნდი ნამდვილად ვერ იქნება სათანადო კონდიციებში. ეს კარგად გამოჩნდა მეოთხე პერიოდში. თუ მანამდე ჩვენი გუნდი ენერგიულად, კარგად იცავდა თავს, მეოთხე რაუნდში ერთგვარი ჩავარდნა დაეტყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. "ხუვენტუტი" კი პირიქით, სწორედ ბოლო რაუნდში ჩანდა ხალასად, დასკვნით მონაკვეთში სამქულიანი სამქულიანს მიაყოლა და სხვაობა სწორედ სირენის მოახლოებასთან ერთად გაზარდა.

მასპინძელთა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ ნიკოლოზ ცქიტიშვილი მეოთხე რაუნდში მოედანზე მას შემდეგ დააბრუნა, რაც გუნდს რამდენიმეწუთიანი შეტევების მშრალი სერია მოუგროვდა. ნიკას სამქულიანით და ფარქვეშ შესვლებით სიტუაცია ცოტა გამოსწორდა, მაგრამ როგორც გითხარით, საფინალო ანგარიში ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვსურდა.

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო წუთებზე ქართველთა მწვრთნელი ძირითადად იმ შემადგენლობას ენდო, რომელიც განვლილ სეზონშიც "დინამოში" თამაშობდა. ეს აუცილებელი იყო იმის დასანახად, რომ საქართველოს ჩემპიონატშიც შეიძლება ისეთი კალათბურთელების შეკრება, ისეთი გუნდის აწყობა, ესპანეთის ლიგის წარმომადგენელთან ღირსეულად რომ იბრძოლებს. ამისთვის რა არის საჭირო, მწვრთნელის, ირაკლი ხოშტარიას კომენტარში წაიკითხავთ.

დავწერეთ, რომ მწვრთნელმა ნიკა ცქიტიშვილი მოედანზე მას მერე დააბრუნა, რაც შეტევაში გაგვიჭირდა. სკიტა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე იყო, მის ანგარიშზე 23 ქულაა (10-დან 4 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი). ნიკას გამოცდილება "დინამოსთვის" ნამდვილად სასარგებლო იყო.

ბოლოს საქართველოში მან 2013 წელს თბილისის მერიის თასზე ითამაშა. მას მერე მოიარა ლიბანი, იაპონია, ჩინეთი, ბახრეინი, ირანი, საამიროები... რამდენიმეგან ჩემპიონიც გახდა. მაგალითად, ბოლო სეზონში, ბახრეინში, სადაც საშუალოდ 20 ქულამდე ადიოდა. იგი მრავალმხრივი კალათბურთელია და იოლი შესაჩერებელი სულაც არ იყო: ადგილობრივთაგან ყველაზე მეტი სამქულიანი ჩააგდო, თუმცა უფრო ხშირად, პერიმეტრზე ბურთს რომ მიიღებდა და სატყორცნად აიწეოდა, მეურვეს მოძრაობაზე იჭერდა და ფარქვეშ შედიოდა. ხშირად წესების დარღვევით აჩერებდნენ.

ცქიტიშვილის ასეთი ტიპის თამაში ბოლოს 2011 წლის ევრობასკეტზე მაკედონიასთან მაქვს ნანახი. იგი კიდევ უკეთეს კონდიციებში რომ ყოფილიყო, "ხუვენტუტს" გამარჯვება გაცილებით გაუჭირდებოდა...

იხილეთ მატჩის სრული ვიდეო
/>

მატჩის შემდეგ
ირაკლი ხოშტარია:
"პირველი მიზეზი, რამაც სასურველი შედეგის მიღწევაში ხელი შეგვიშალა, ის იყო, რომ 10 დღის შეკრებილები ვართ, ვერ მოვასწარით შეთამაშება და ფორმაში შესვლა. ამის მიუხედავად, "ხუვენტუტთან" თამაშმა ყველას დაანახა, რომ ქართულ კლუბებს შეუძლიათ ევროპის ტოპ-ლიგის წარმომადგენელთან ღირსეულად ბრძოლა და წინააღმდეგობის გაწევა. ამისთვის საჭიროა სათანადო მხარდაჭერა, სწორი მიმართულების მიცემა და მონდომება.

გავიმეორებ, კმაყოფილი არ ვარ, გვქონდა ბევრი შეცდომა. მათ შორის - მარტივი შეცდომები, რამაც საბოლოოდ შეხვედრის ბედი მეტოქის სასარგებლოდ გადაწყვიტა. 21 სექტემბერს განმეორებითი თამაში ესპანეთში გველის და ვეცდებით, კიდევ უკეთესად ვითამაშოთ.

მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელმაც დიდი მუხტი შეგვძინა. ბოდიში დღევანდელი შედეგისთვის და ვპირდები, გუნდი თავს არ დაზოგავს, რომ მომდევნო მატჩებში გავახაროთ".

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
19 სექტემბერი, თბილისი
დინამო-ხუვენტუტი 60:72
17:17, 12:13, 16:17, 15:25
დინამო: ბოიდი (30წთ, 3ქ, 4პ), გრძელიძე (10წთ, 2ქ), სტორი (5წთ), ლონდარიძე (10წთ, 4ქ), ტურპინი (7წთ, 2ქ, 2დ), ფაცაცია (18წთ, 5ქ), გაჩეშა (34წთ, 17ქ, 7მ), ბერიშვილი (36წთ, 2ქ, 6მ, 4პ), გოგოძე (21წთ, 2ქ), ცქიტიშვილი (28წთ, 23ქ, 8მ, 3ჩ).
ხუვენტუტი: დმიტრიევიჩი (13ქ, 4პ), ბირგანდერი (9ქ, 7მ), ლოპესი (5ქ), ვიდალი (7ქ), პერა, ვენტურა (10ქ), მავრა (2ქ), რიჩარდი (20ქ, ჯორდანი (6ქ).
მსაჯები: ზ. ილმაზი, ე. კაროვიჩი, ი. კოკაინისი

იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საფანტი არა - დენთი ("პოროხ" = დენთი)
ლევან
12:41 20-09-2017
0
ირაკლი ხოშტარია კარგი მწვრთნელია და მე მას პატივს ვცემ,მაგრამ ირაკლიმაც უნდა სცეს პატივი მაყურებელს,და თავის თავს.ასეთი ბილწსიტყვაობა ნამდვილად არ შეეფერება არც მას და არც მის სტატუსს.დარბაზში უამრავი გოგონა და ბავშვი ესწრებოდა,ტელევიზიითაც უამრავი მაყურებელი უყურებს და ეტიკეტის დაცვა სავალდებულო უნდა იყოს.აქვე გავიხსენებ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელების ასეთსავე საქციელს ევროპის ჩემპიონატზე და რაღაც ნეგატიური ტენდენციაც იკვეთება,ტენდენცია გამომწვევი უზრდელობისა.კი ბატონო ისინი მსაჯებს აგინებენ,მეტწილად დამსახურებულადაც,მაგრამ მსაჯს ეს არ ესმის და შეგინებულები ფაქტობრივად ჩვენ გამოვდივართ,ხოლო თუ მსაჯი გაიგებს,მაშინ ტექნიკური ჯარიმა თუ აკმარეს მადლობელი უნდა დავრჩეთ და აქაც გუნდი დაზარალდება.ესე იგი რა გამოდის,მკითხველებს ბოდიში მაგრამ, ყველაფერი ფეხებზე მკიდიაო?
სოსო
17:06 20-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული