"მე აქ იმიტომ ვარ, რომ ეს ნიუანსები თქვენ სასარგებლოდ იყოს", - ასეთი იყო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, პაატა გურასპაულის პასუხი.
როგორც მიხვდით, საარჩევნო პროგრამით პრეზიდენტობის კანდიდატი კახეთს სტუმრობდა.
თელავში მას მწვრთნელები და რეგიონული ფედერაციის წარმომადგენლები შეხვდნენ, კარგად მოისმინეს პაატა გურასპაულის პროგრამა, რის შემდეგაც არაერთი შეკითხვა დაისვა და ბევრმა რჩევა-რეკომენდაციამაც გაიჟღერა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეგიონში კალათბურთის პოპულარიზაციაა. ითქვა, რომ უშუალოდ თელავში კალათბურთით დაინტერესებული მოზარდების რაოდენობა ფეხბურთით დაინტერესებულებს დიდად არ
"როდესაც დედაქალაქურ გუნდებს რეგიონში ვიწვევთ, ბევრი თავს იკავებს, შემდეგ კითხულობენ - კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება თუ არა. თუ უარყოფით პასუხს ვაძლევთ, ზრდილობიან უარს გვეუბნებიან", - უბრალო მაგალითი მოიყვანა კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო იაგორაშვილმა.
პაატა გურასპაული დაჰპირდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეგიონებში ხშირად ჩავა და იქაურ წარმომადგენლებთან ერთად გაწერს ყველა იმ ნაბიჯს, რაც აუცილებელია რეგიონებში კალათბურთის განვითარებისა. იგი კახელებს დაჰპირდა, რომ თელავის დარბაზის გარემონტების შემდეგ პირველივე "ოლ სტარი" სწორედ თელავში გაიმართება.
გამოცდილმა მწვრთნელმა ნოდარ იანქოშვილმა ისაუბრა ქალთა კალათბურთსა და მწვრთნელების დაუფასებლობის თემაზე - გამორჩეულ მოთამაშეებს თბილისური გუნდები თავისთან ეპატიჟებიან, ისე, რომ მათ აღმზრდელ სპეციალისტებს არ ეკითხებიან და რეგიონის გუნდებს ამით საგრძნობლად ასუსტებენო.
ასევე ილაპარაკეს განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ასაკობრივი ჩემპიონატის სხვაგვარად დაგეგმვის აუცილებლობაზე, რადგან საკალათბურთო მატჩების გამო მოთამაშეებს სკოლის გაცდენა უწევთ. სეზონის ბოლოს თბილისში 5-6 კაცითღა ჩავდივართ, რადგან მშობლები შვილებს სკოლებს აღარ აცდენინებენო.
პაატა გურასპაულის თქმით, მისი მიზანია, რომ რეგიონები თავს მიტოვებულად არ გრძნობდნენ, კალათბურთის ფედერაციას ყოველ რეგიონზე და იქ კალათბურთის განვითარების პულსზე ხელი მუდმივად უნდა ედოს.