ყველაფერი აქვე გადაწყდა: "რეალი" და "შალკე" ნახევარფინალში

AutoSharing Option
ვერაფრით წარმოვიდგენდით თუ იმის დაწერა მოგვიხდებოდა, რომ “შალკემ” პრაქტიკულად პირველივე შეხვედრაში გადაწყვიტა ორმატჩიანი დუელის ბედი. დიახ, თუ სასწაული არ მოხდა, მომდევნო ეტაპზე სწორედ გელზენკირხენული კლუბი გავა და არა იტალიის მოქმედი ჩემპიონი, ევროპული ფეხბურთის აღიარებული გრანდი.

არადა, თამაში ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გაიმართა და ყველა კრიტერიუმით, ფავორიტად სწორედ მილანური გრანდი იყო მიჩნეული. თვითონ რაულმაც კი აღიარა, რომ “ინტერი”-“შალკეს” დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტი სწორედ “ნერაძური” გახლდათ. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, 5:2 გერმანელთა სასარგებლოდ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სტუმრებს კიდევ მართებდათ გოლების
გატანა. ალბათ თვითონაც არ დაიჯერეს იმის, რაც მოედანზე ხდებოდა, თორემ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

არადა, “ინტერისთვის” ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო - მასპინძელთა პირველივე იერიშისას, მანუელ ნოიერი გამოვიდა კარიდან და ბურთი თავით მოიგერია ცენტრისკენ, იქიდან კი დეიან სტანკოვიჩმა გაისროლა უძლიერესად და ულამაზესი გოლის ავტორი შეიქმნა. დასაწყისი მართლაც ფანტასტიკური იყო, თუმცა მალე გამოჩნდა, რომ “ინტერს” დაცვით ფაზაში უჭირს და თანაც ძალიან.

ანდრეა რანოკიასა და კრისტიან კივუსგან შემდგარი დაცვის ცენტრი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, რასაც შუახაზელების უჩვეულოდ ინტერული თამაშიც თან დაერთო. ყველა გოლის აღწერა შორს წაგვიყვანს, ეს საქმე ხვალინდელი ნომრისთვის გადავდოთ - ერთი კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ: ლეონარდო ემოციური ადამიანია, შემტევი ფეხბურთის მიმდევარი და შესაძლოა შესანიშნავი პიროვნება, მაგრამ ფაქტია, რომ სამწვრთნელო საქმეში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი….

პირველივე შეხვედრაში გადაწყვიტა ორმატჩიანი დუელის ბედი მადრიდის “რეალმაც” - ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ოთხი უპასუხო ბურთი “მიართვეს” ლონდონის “ტოტენჰემს” და შეუძლიათ მშვიდად მოემზადონ ნახევარფინალებისთვის. ზოგადად, “რეალი” რომ უკეთესი გუნდია, ვიდრე “ტოტენჰემი”, ცხადზე ცხადია, მაგრამ ასეთ იოლ გამარჯვებას პიტერ კრაუჩის ნაადრევმა წითელმა ბარათმაც შეუწყო ხელი.

ინგლისელებმა პრაქტიკულად მთელი შეხვედრა ათი ფეხბურთელით ითამაშეს და რა გასკვირია, რომ მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. სტატისტიკური მონაცემები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს: მადრიდელებმა 25-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მაშინ როდესაც სტუმრებმა მხოლოდ ოთხჯერ სცადეს ბედი და იქიდან სამჯერ, სულაც ასცდა ბურთი კარს. მოკლედ, სამეფო კლუბმა დაჯაბნა მეტოქე და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა სოლიდური, გადამწყვეტი უპირატესობა.

უბრალო გულშემატკივრებმა კი ჩვენი ვიკითხოთ, განმეორებით შეხვედრებში აღარაფერია საყურებელი…


ინტერი-შალკე 2:5
მაყურებელი: 80 000
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია, კივუ, ძანეტი - სტანკოვიჩი (24. ხარჯა - 62. კორდობა), მოტა (76. ნაგატომო), კამბიასო - სნეიდერი - ეტოო, მილიტო.
შალკე (4-4-2): ნოიერი - სარპეი, უჩიდა, ჰიოვედესი, პაპადოპულოსი - ბაუმიოჰანი (76. შმიცი), ხურადო (83. დრაქსლერი), მატიპი, ფარფანი - რაული (87. კარიმი), ედუ.

გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (1), 1:1 მატიპი (17), 2:1 მილიტო (34), 2:2 ედუ (40), 2:3 რაული (53), 2:4 რანოკია (57-საკ. კარში), 2:5 ედუ (75).
გაძევება: კივუ (62).
არბიტრი: ატკინსონი (ინგლისი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: შალკე
პირველი კუთხური: ინტერი
პირველი ჯარიმა: ინტერი
პირველი გაფრთხილება: ინტერი
12 (6) დარტყმა 15 (11)
8 ჯარიმა 19
4 კუთხური 4
3 გაფრთხილება 4
53% ბურთის ფლობა 47%


რეალი-ტოტენჰემი 4:0
მაყურებელი: 70 000
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა (61. დიარა) - დი მარია (77. კაკა), იოზილი, რონალდო - ადებაიორი (75. იგუაინი).
ტოტენჰემი (4-4-1-1): გომეში - ჩორლუკა (80. ბასონგი), გალასი, დოუსონი, ასუ-ეკოტო - ჯენასი, სანდრო, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (46. დეფო) - კრაუჩი.

გოლები: 1:0 ადებაიორი (5), 2:0 ადებაიორი (57), 3:0 დი მარია (72), 4:0 რონალდო (87).
გაძევება: კრაუჩი (15).
არბიტრი: ბრუხი (გერმანია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: რეალი
პირველი კუთხური: რეალი
პირველი ჯარიმა: რეალი
პირველი გაფრთხილება: ტოტენჰემი
25 (10) დარტყმა 4 (1)
10 ჯარიმა 10
9 კუთხური 3
2 გაფრთხილება 4
64% ბურთის ფლობა 36%.





.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად არ მოველოდი შალკეს მოგებად.
nana
14:46 06-04-2011
0

სიახლეები პოპულარული