იტალიამ საქმე გაირთულა

AutoSharing Option
F ჯგუფი
20 ივნისი. ნელსპრუიტი. მბომბელა. 38 229 მაყურებელი
იტალია-ახ. ზელანდია 1:1
იტალია: მარკეტი - ძამბროტა, კანავარო, კიელინი, კრიშიტო - დე როსი, მონტოლივო, პეპე (46. კამორანეზი), მარკიზიო (60. პაცინი) - იაკუინტა, ჯილარდინო (46. დი ნატალე).
ახ. ზელანდია: პასტონი - რეიდი, ნელსენი, სმიტი, ელიოტი - კილენი (90. ბარონი), ვისელიჩი (81. კრისიე), ლოხედი, ბერტოსი - შმელცი, ფალონი (62. ვუდი).
გოლები: 0:1 შმელცი (7), 1:1 იაკუინტა (29)
გაფრთხილება: ფალონი (15), სმიტი (28), ნელსენი (87)
მატჩი დაიწყო: ახალი ზელანდია; დარტყმა: 18(7)-3(1); ჯარიმა: 12-20; კუთხური:
15-0; ბურთის ფლობა: 57%-43%.
არბიტრი: კარლოს ბატრესი (გვატემალა)

საინტერესო მომენტები

7' - სტანდარტული სიტუაციიდან ზელანდიელებმა ბურთი იტალიელთა საჯარიმოში ჩაკიდეს, სადაც ფაბიო კანავარო შეცდა და შმელცს ახლო მანძილიდან კარის დალაშქვრის საშუალება მისცა - 0:1.
17' - იტალიელებმა კუთხური მეკარისაგან შორეულ ძელთან ჩააწოდეს, სადაც ჯორჯო კიელინი დაუხვდა ბურთს, თუმცა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.
25' - ჯანლუკა ძამბროტამ მარჯვენა ფრთიდან ცენტრში შეირბინა და დაარტყა კიდეც, ბურთი მცირე მანძილით ასცდა ზელანდიელთა კარის ცხრიანს.
27' - რიკარდო მონტოლივომ დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა და ბურთი კარის ძელს გაარტყა.
29' - იტალიელებმა რბილად ჩააგდეს ბურთი ზელანდიელთა საჯარიმოში, სადაც სმიტი შეცდა, დე როსი დაიჭირა მაისურზე და მატჩის არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი მისცა. ვინჩენცო იაკუინტამ მეკარისაგან მარცხენა კუთხე დალაშქრა - 1:1.
45' - სიმონე პეპემ კარგად მოძებნა დანიელე დე როსი, "რომანისტამ" უძლლიერესად დაარტყა, თუმცა მეკარე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
55' - ვისელიჩმა დაარტყა ფედერიკო მარკეტის კარის მიმართულებით, თუმცა მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს.
70' - მონტოლივომ კიდევ ერთხელ გაისროლა შორიდან და კვლავ პასტონმა მოახდინა დროული რეაგირება.
83' - შეცვლაზე შესული ვუდი გასცდა ფაბიო კანავაროს, დაარტყა კიდეც და სანტიმეტრებით ააცილა ბურთი კარის ჩარჩოს.
87' - ძამბროტა შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ერთ ფეხბურთელს კარგად აუარა გვერდი და დაარტყა კიდეც, თუმცა ზელანდიელმა ნელსენმა თავგანწირული თამაშით უკუაგდო ბურთი.
90' - მაურო კამორანეზიმ დაახლოებით 25 მეტრიდან დაუბათქუნა, პასტონმა ნახტომში მოიგერია ბურთი.

მარჩელო ლიპიმ ტაქტიკა შეცვალა და გუნდი 4-4-2-ზე გადააწყო. თუმცა, შემადგენლობა იგივე დააყენა, რაც პარაგვაისთან პაექობაში. შეტევის წინა ხაზზე ალბერტო ჯილარდინო და ვინჩენცო იაკუინტა მოქმედებდნენ, ნახევარდაცვაში კი მარჯვნიდან სიმონე პეპე თამაშობდა, მარცხნიდან კლაუდიო მარკიზიო, ცენტრში კი დანიელე დე როსი და რიკარდო მონტოლივო. მეორე ნახევარში, ანტონიო დი ნატალემ ჯილარდინო შეცვალა, მაგრამ ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. როდესავ ლიპი მიხვდა, რომ საქმე ცუდად მიდიოდა, მოედანზე ჯამპაოლო პაცინიც შეუშვა, თანაც ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო გამოცვალა და გუნდი 4-3-2-1-ზე გადააწყო. შედეგიდან ჩანს, რომ იტალიას ვერც ამან უშველა.  
"აძურამ" დაახლობით ისე ითამაშა, როგორც პირველ ტურში, პარაგვაის წინააღმდეგ. ბურთს უმეტესად მარჩელო ლიპის გუნდი ფლობდა, შეტევებიც ბლომად განახორციელეს და კარშიც ურტყეს, მაგრამ რაღაც აკლია იტალიას და ეს რაღაც, პირველ რიგშია ტემპია. "აძურა" ძალიან ნელა მოქმედებს და მეტოქეს მათი იერიშების მშვიდად წაკითხვის საშუალებას აძლევს. ტყუილს ვერ ვიტყვით, იტალია ცდილობდა კომბინირებას და მხოლოდ სწორხაზოვნად არ აწოდებდა ბურთს მეტოქის საჯარიმოში. მაგრამ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, ეს ყველაფერი იმდენად ნელ ტემპში ხდებოდა, რომ ზელანდიელები მშვიდად უმკლავდებოდნენ იერიშებს. მართალია, იტალიელებმა თვრამეტჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულენით და თხუთმეტი კუთხური ჩააწოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რეალური საგოლე ეპიზოდი არ შეუქმნიათ. კი ბატონო, მონტოლივომ ძელი შეზანზარა, მაგრამ ეს არა გუნდური შეტევის შედეგი, არამედ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის ინდივიდუალური გარჯის ნაყოფი გახდათ.
კიდევ რა აკლია იტალიას? - კრეატიული ფეხბურთელი. რაც არ უნდა იძახოს ლიპიმ, რომ მთავარი ფანტაზისტა ჯანლუიჯი ბუფონია, ფაქტია, რომ ასეთი ფეხბურთელის გარეშე "სკუადრა აძურას" ძალიან უჭირს. "თანაც, ბუფონიც დაშავდა და ამ კუთხით კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება". ახალზელანდიასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ანდრეა პირლო იტალიას ჰაერივით სჭირდება. ამბობენ, სლოვაკეთთან პირველივე წუთებიდან ითამაშებსო და ვნახოთ, რამდენად გამართლდება აპენინელ მედიკთა დანაპირები. აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ იტალიის დაცვის ხაზში აშკარად პრობლემებია. განსაკუთრებით ეს ცენტრზე ითქმის, სადაც ფაბიო კანავარო და ჯორჯო კიელინი მოქმედებენ. უფრო ხშირად კაპიტანი სცოდავს, პარაგვაისთანაც მას აუხტა გოლის ავტორი ანტოლინ ალკარასი და ზელანდიელებმა მისი შეცდომის შედეგად გახსნეს ანგარიში. მისი ბედი, რომ ახალგაზრდმა ვუდს უმტყუნა ბოლო წუთებში მიზანმა, თორემ ფაბიოს აუცილებლად მატჩის ანტიგმირად შევრაცხავდით. განსაკუთრებულად დაბნეულნი იტალიელი მცველები  სტანდარტული სიტუაციებისას არიან, რისი ახსნაც ძალიან გვიჭირს.
პრობლემები ნათელია, თითქოს ხელის გულზეა და ლიპის ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ მათ აღმოფხვრაზე იმუშავოს. ფანტაზისტას ვერ გააჩენს, გასაგებია, მაგრამ იქნებ პირლო აწიოს წინ და ასე გავიდეს ფონს? - რაც შეეხება ტემპს, ეს უბრალოდ უნდა მოითხოვოს და თუ იტალიელებს უფრო სწრაფად სირბილი არ შეუძლიათ, მაშინ ჩაალაგონ ჩემოდნები და სახლში წავიდნენ. ახალ ზელანდიას კი ქებათა ქება, გუნდი უკვე მეორე თამაშია მაქსიმუმს აკეთებს და ორ ქულასაც მოუყარა თავი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესამე ტურის წინ, მერვედფინალში გასვლის შანსებს ინარჩუნებენ - ეს უკვე სერიოზული გამარჯვებაა.
შანსებზე ჩამოვარდა საუბარი და ბარემ აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის ლიდერი პარაგვაია. თუ სამხრეთამერიკელებმა ზელანდიელებთან სამი ქულა მოიპოვეს, იტალიელები მხოლოდ მეორე ადგილს თუ დაიკავებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში ჰოლანდიელებთან მოუწევთ შეტოქება. თუმცა, ჯერ პლეიოფში გავიდნენ და მაგაზე შემდეგ ვილაპარაკოთ.

საუკეთესო ფეხბურთელი
დანიელ ნელსენი (ახ. ზელანდია)

შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელად ზელანდიელთა შუახაზელი ბერტოსი მოსჩანდა, რომელმაც ძალიან ბევრი ირბინა და გარდა იმისა, რომ დაცვასაც ეხმარებოდა, იტალიელთა უკანახაზელებიც გააწვალა. შემდეგ პასტონის კანდიდატურა გამოიკვეთა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. თუმცა, ბოლოს მაინც დანიელ ნელსონს მივანიჭეთ უპირატესობა. ცენტრალური მცველი, რომელმაც არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ უამრავი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და პოზიციურად უშეცდომოდ ითამაშა. ცალკე აღვნიშნის ღირსია ბოლო წუთებზე მის მიერ ჩადენილი გმირობა, როდესაც საჯარიმოში შეჭრილ და დასარტყმელ პოზიციაზე გასულ ძამბროტას ნახტომში გადაეფარა და ახალ ზელანდიას ქულა შეუნარჩუნა.

მატჩის შემდეგ
მარჩელო ლიპი (იტალია): "ძალიან საწყენია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მე მჯერა ჩემი გუნდის და იმ ფეხბურთელების, რომლებიც მუნდიალზე წამოვიყვანე. დარწმუნებული ვარ, რომ თავს ხელში აიყვანენ და შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოაჩენენ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სლოვაკეთი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. გეთანხმებით, ანდრეა პირლო ძალიან გვჭირდება, ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ 100 პროცენტით ჯერ კიდევ არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ჯგუფური ეტაპის დასკვნით პაექრობაში".
ლაშა წიკლაური


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული