ლიპიმ მედია გააფრთხილა...

AutoSharing Option
იტალია საგონებელშია, მათი ნაკრები უკვე ორი თამაშია გამარჯვებას ვერ ახერხებს და რაც მთავარია, არც თუ მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. დიახ, აქ უფრო თამაშის ხარისხზეა საუბარი, რადგან ჯგუფიდან გასვლისთვის “სკუადრა აძურას” შეიძლება ფრეც კი ეყოს. მაგალითად, თუ პარაგვაიმ ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხა, იტალიას ქულაც კი ეყოფა იმისთვის, რომ მერვედფინალის საგზური მოიპოვოს. მართალია, ზელანდიამ მებრძოლ გუნდად წარმოაჩინა თავი, მაგრამ საყოველთაო ვარაუდით, პარაგვაიმ სამი ქულა უნდა აიღოს და ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავოს. აი ასეთ შემთხვევაში კი ლიპის შეუძლია ქულაზე ათამაშოს შეგირდები და
ჯგუფიდან სამი ფრით გავიდეს. გახსოვთ, ბოლოს როდის მოხდა ასეთი რამ? – 1982 წლის მსოფლიუოს ჩემპიონატზე და მაშინ იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რადგან ესპანეთში გამართული მუნდიალი გავიხსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მაშინ იტალიელებმა არგენტინას და ბრაზილიას გამოუყვანეს წირვა, ზედ პოლონეთი მიაყოლეს და ბოლოს, ფინალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებიც დამაჯერებლად დაამარცხეს. ასე რომ, სამი საყაიმო შედეგით ჯგუფიდან გასვლა იტალიას კარგად აქვს დაცდილი. სწორედ ამ თემით დაიწყო მარჩელო ლიპიმ აპენინელ ჟურნალისტებთან საუბარი:
“ვიცი, რომ იტალიაში ბევრი გაიხსენებს 1982 წლის მუნდიალს და ეს არც მიკვირს. ჯერჯერობით ორი ქულა გვაქვს და არის შანსი, მერვედფინალში სამი ფრის შემთხვევაში გავაღწიოთ. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და ჩვენ სლოვაკეთის დამარცხებას ვგეგმავთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სამი ქულა აუცილებლად უნდა ავიღოთ. ასე რომ, არ ღირს პარალელების გავლება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, ჯგუფიდან ხუთი ქულით გავალთ”.
ლიპის ასეთი კითხვა დაუსვეს: “დარწმუნებული ხართ, რომ ყველა საუკეთესო ფეხბურთელი წამოიყვანეთ მუნდიალზე?” – აქვე, მაესტროს პასუხი: “ყველანი აქ არიან, თქვენ მაგაზე ნუ ინერვიულებთ. მესმის კითხვის ქვეტექსტი და ალბათ უკვე გამზადებულიც გაქვთ კრიტიკული შინაარსის სტატია გაზეთისთვის, მაგრამ გირჩევთ რომ ფრთხილად იყოთ, რადგან შემდეგ ბოდიშის მოხდა არ მოგიწიოთ. ამ გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ შორს წავიდეს და ახალზელანდიაათან პაექრობამ ეს ნათლად დამანახა. არც ერთი წუთით არ მინანია, რომ აფრიკაში სწორედ ეს 23 ფეხბურთელი წამოვიყვანე”.
აი, ასე უხეშად უპასუხა ლიპიმ ჟურნალისტებს და ეს არავის გაკვირვებია. მარჩელო ცნობილია მედიისადმი არც თუ რბილი დამოკიდებულებით და მისგან “წიხლს” თითქოს უკვე შეეჩვივნენ კიდეც. აი, რას ამბობს ლიპი სლოვაკეთთან შეხვედრასა და სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაზე: “ძირითად შემადგენლობას შეხვედრის დღეს დავასახელებ, იქამდე კი რაიმეს თქმა გამიძნელდება. მთლიანობაში, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და შესაბამისად, ძალიან დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ არის კომპონენტები, რომელთა გამოსწორება აუცილებელია. მეტწილად ეს რეალიზაციის დაბალ მაჩვენებელზე და ზოგადად, შეტევაზე ითქმის. დაცვამ დაუშვა ორი შეცდომა და ეს შეცდომები გოლებად დაგვიჯდა, მაგრამ მთლიანობაში, უკანახაზელების თამაში მაინც დამაკმაყოფილებელია. ბუფონი? – ჯერ კიდევ ტრავმირებულია და ჩემი ინფორმაციით, სლოვაკეთთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. გაცილებით ოპტიმისტური ცნობები მაქვს პირლოსთან დაკავშირებით, რომელიც დღე დღეზე სრული დატვირთვით შეუდგება ვარჯიშს”.
როგორც ხედავთ, ლიპი ოპტიმიზმს არ კარგავს და მეტიც, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი შორს წავა. ისე, “აძურასგან” მართლაც ყველაფერია მოსალოდნელი.
ლაშა წიკლაური

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული