იაპონია ნახევარი ნაბიჯით წინაა

AutoSharing Option

E ჯგუფი
24 ივნისი. რუსტენბურგი. როიალ ბაფოკენგი. 22:30
დანია-იაპონია
სავარაუდო შემადგენლობები
დანია: სორენსენი - იაკობსენი, კროლდრუპი, აგერი, ს. პოულსენი - კ. პოულსენი, იორგენსენი - რომედალი, კალენბერგი, გრონკიაერი - ბენდტნერი.
იაპონია: კავაშიმა - კომანო, ნაკაზავა, ტულიო, ნაგამოტო - ჰასებე, აბე, ენდო - მაცუი, ოკუბო - ჰონდა.
არბიტრი: ჯერომ დეიმონი (სამხ. აფრიკა)

აქ ყველაფერი მარტივადაა - დანიელებსა და იაპონელებს არც პარალელურად მიმდინარე მატჩიდან დასჭირდებათ ამბების გაგება და არც თამაშის დროს მოუწევთ გატანილ-გაშვებული ბურთებისა თუ სხვა დამატებითი მაჩვენებლების თვლა. ორივე გუნდის ამოცანა სრულიად
მკაფიოა - იაპონიის ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნის, დანიას კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. რაღა თქმა უნდა, ამ გარემოებით აზიელები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ დანიელთა შანსებიც სოლიდურია, თუნდაც იმიტომ, რომ წინა ტურში კამერუნელებთან შესანიშნავად ითამაშეს და გამარჯვებისკენ საოცარი სწრაფვა გამოავლინეს. დღეს კი იაპონიას ფრე, შეგახსენებთ, იმიტომ ჰყოფნის, რომ დანიისგან განსხვავებით, ჰოლანდიასთან მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით წააგო.
დანიის ნაკრებს იაპონელთა წინააღმდეგ ცენტრალური მცველი სიმონ კიაერი დააკლდება, რომელმაც ორივე განვლილ შეხვედრაში ყვითელი ბარათები მიიღო. მის ადგილს, სავარაუდოდ, პერ კროლდრუპი დაიკავებს. ევროპელთა პრობლემები ამით არ ამოიწურება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დღეს ნიკლას ბენდტნერმა ვერ ითამაშოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ეს მოწინააღმდეგის თავგზის ასაბნევად მოფიქრებული ხრიკი იყოს. აზიელები კი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ.
"ჩვენს გუნდში ტრავმა რამდენიმე მოთამაშეს აწუხებს, მათ შორის ბენდტნერს. მისი იაპონიის წინააღმდეგ თამაში საეჭვოა. თუ მერვედფინალში გავედით, არც ისაა გამორიცხული, იგი ვერც იქ დაგვეხმაროს. ამის მიუხედავად, ფარ-ხმლის დაყრას არ ვაპირებთ, ჯგუფიდან გასვლის ძალაც შეგვწევს და უფრო მეტის მიღწევისაც", - აი, ამას აცხადებს დანიის ნაკრების თავკაცი და დღეს საღამოს შევიტყობთ, როგორია სინამდვილეში ახალგაზრდა არსენალელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"ეჭვიც არ მეპარება, რომ ურთულესი მატჩი გველის. ჩვენი მთავარი ამოცანა დანიელთა ფორვარდის, ნიკლას ბენდტნერის შეჩერება იქნება და თუ ეს შევძელით, მერვედფინალში გასვლა აღარ გაგვიჭირდება. კარგ სანახაობას არ ველი, არა მგონია, ამ შეხვედრაში ბევრი გოლი გავიდეს, შესაძლოა, ყველაფერი ერთმა ბურთმა გადაწყვიტოს", - აცხადებს იაპონელთა მთავარი მწვრთნელი ტაკეში ოკადა.

ლევან ჯანეზაშვილი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული