რეჰაგელი დამთავრდა!

AutoSharing Option
მორჩა, ოტო რეჰაგელი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, 71 წლის გერმანელმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა. რეჰაგელი ფეხბურთელებს ოთხშაბათს საღამოსვე გამოეთხოვა და გადადგომის შესახებ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც ამცნო. ამრიგად, ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრებისა და რეჰაგელის თანამშრომლობა დამთავრდა. ეს კი უდიდესი და სენსაციურად წარმატებული ერის დასასრულია.

შეიძლება, ბევრს არც ახსოვდეს, რომ რეჰაგელმა საბერძნეთის ნაკრებში მოღვაწეობა 2001 წლის სექტემბერში, ფინეთთან 1:5 განადგურებით დაიწყო. მას მერე, საბერძნეთის ნაკრებმა ოტოს ხელმძღვანელობით 103 მატჩი ჩაატარა და აქედან ნახევარზე
ოდნავ მეტი, 52 თამაში მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ რეჰაგელის დაცვით სტილს ყოვეთვის აკრიტიკებდნენ, მის ხელში საბერძნეთის ნაკრების შედეგები გასაოცარია და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოტო ბერძნებმა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. რაც არ უნდა იყოს, რეჰაგელმა, ყველასათვის მოულოდნელად, საბერძნეთს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

"ეს იყო ცხრა გენიალური წელიწადი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერს, მათ შორის საუკეთესო ზღაპრებსაც კი, დასასრული აქვს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ გუნდთან ერთად მუშაობა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს მივაღწიეთ. ახლა კი, დროა, ყველას დავემშვიდობო და საბერძნეთის ნაკრებს წარმატებები ვუსურვო," - ამ სიტყვებით გამოეთხოვა რეჰაგელი თავის შეგირდებს.

ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, რეჰაგელთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის გაწყვეტა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოფოკლის პილავიოსმაც დაადასტურა. მისი თქმით, რეჰაგელის შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია, ოღონდ მისი გვარი უახლოეს დღეებში გაცხადდება. ჩვენი ბერძენი კოლეგების ცნობით, რეჰაგელს პორტუგალიელი ფერნანდო სანტოსი შეცვლის, რომელიც საბერძნეთში აეკ-ს, "პანათინაიკოსს" და პაოკ-ს წვრთნიდა.

პილავიოსის თქმით, უახლოეს მომავალში საბერძნეთის ნაკრები რეჰაგელის გამოსათხოვარ მატჩს გამართავს. ბერძნები "მეფე ოტოს" მეფურად გააცილებენ. "რეჰაგელს ძეგლი უნდა დავუდგათ, - ამბობს პილავიოსი, - როცა ოტო საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა, ჩვენ ფიფას რეიტინგში 62-ე ადგილზე ვიყავით და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ევროპის ჩემპიონები გავხდებოდით. დღეს კი ჩვენი გუნდი მე-15 ადგილზეა. ეს ყველაფერზე მეტყველებს."

გარდა 2004 წლის ტრიუმფისა, რეჰაგელმა ბერძნები ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა, ახლა კი მუნდიალზეც ათამაშა. მანამდე საბერძნეთის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, 1980 წელს მონაწილეობდა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე კი 1994 წელს ითამაშა, სადაც სასტიკად შერცხვა - არცერთი გოლი, არცერთი ქულა.

რეჰაგელი საბერძნეთში არ დაბრუნებულა. ის მეუღლე ბეატესთან ერთად სამხრეთ აფრიკაში დარჩა, სადაც მუნდიალის დარჩენილ მატჩებს დაესწრება. ცნობილია, რომ ოტოს პენსიონერობა ჯერ არ სურს და მიუხედავად იმისა, რომ 71 წლისაა, მწვრთნელობის გაგრძელებას აპირებს.
გოტფრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული