F ჯგუფი
24 ივნისი. იოჰანესბურგი. ელის პარკი. 53 412 მაყურებელი
სლოვაკეთი-იტალია 3:2
სლოვაკეთი: მუხა - პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ზაბავნიკი - კუჩა, შტრბა (87. კოპუნეკი), ჰამშიკი, შტროხი - იენდრიშეკი (90. პეტრაში) - ვიტეკი.
იტალია: მარკეტი - ძამბროტა, კანავარო, კიელინი, კრიშიტო (46. მაჯო) - დე როსი, მონტოლივო (55. პირლო), გატუზო (46. კვალიარელა) - პეპე, დი ნატალე - იაკვინტა.
გოლები: 1:0 ვიტეკი (25). 73 ვიტეკი (2:0). 2:1 დი ნატალე (81). 3:1 კოპუნეკი (89). 3:2 კვალიარელა (90)
გაფრთხილება: შტრბა (17), კანავარო (31), ვიტეკი (40),
მატჩი დაიწყო: სლოვაკეთი; დარტყმა: 10(4)-14(6); ჯარიმა: 20-17; კუთხური: 6-3; ბურთის ფლობა: 51%-49%.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
საინტერესო მომენტები
1' - ანტონიო დი ნატალემ დაარტყა შორი მანძილიდან, ბურთი სლოვაკთა კარს ზემოდან გადასცდა.
3' - ვინჩენცო იაკვინტამ მიიღო ბურთი სლოვაკთა საჯარიმოში, დაარტყა კიდეც, თუმცა არაზუსტად.
6' - რობერტ ვიტეკის პასის შემდეგ, მარეკ ჰამშიკმა დაარტყა საშუალო დისტანციიდან, თუმცა არაზუსტად.
25' - დანიელე დე როსიმ საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს შეცდომა დაუშვა, რასაც ვიტეკის დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა და ანგარისის გახსნა მოჰყვა - 1:0.
45' - კუჩკამ დაარტყა საჯარიმოს გარედან, მცირედით არაზუსტად.
50' - დი ნატალე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა ხეირიანად ვერ მოარტყა ბურთს ფეხი.
65' - სლოვაკთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ფაბიო კვალიარელამ დაარტყა, თუმცა ცარიელი კარიდან შკრტელმა გამოიტანა ბურთი.
73' - მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას რობერტ ვიტეკი გამოეხმაურა, ჯორჯო კიელინის დაასწრო და ანგარისი გაზარდა - 2:0.
81' - იტალიელთა ეფექტურ კომბინაციას კარში დარტყმა მოჰყვა, ბურთი სლოვაკთა კიპერმა უკუაგდო, თუმცა დამატებაზე ანტონიო დი ნატალემ იმარჯვა და ერთი ბურთი გაქვითა - 2:1.
83' - მარცხენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ფაბიო კვალიარელამ შეარხია მეტოქის კარის ბადე, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
89' - შეცვლაზე შესულმა კოპუნეკმა იტალიელთა საჯარიმოში შეირბინა, სადაც აუტიდან ჩაუგდეს ბურთი და მეკარეს პირისპირ შეატოვეს, ერთი შეხებით დარტყმა და - 3:1.
90' - ფაბიო კვალიარელამ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და ტექნიკური დარყმით, შესანიშნავი გოლი გაიტანა - 3:2.
90' - იტალიელებმა აუტი მოაწოდეს, რამაც სლოვაკთა საჯარიმოში ქაოსი გამოიწვია, სიმონე პეპემ ახლო მანძილიდან დაარყა კარის მიმართულებით, თუმცა მცირედით არაზუსტად.
ეჰ, ლიპი, ლიპი... აშკარად ცუდად იმოქმედა მასზე გენიალური მწვრთნელის სტატუსმა და ეს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა ნათლად დაგვანახა. დაიკავო ჯგუფში მეოთხე ადგილი, სადაც სლოვაკეთი, პარაგვაი და ახალი ზელანდია ასპარეზობენ, ნამდვილად მოხერხება უნდა. მთელი იტალია ეუბნებოდა მარჩელოს, რომ ანტონიო კასანო გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი იყო. მთელი იტალია ეუბნებოდა, რომ ფანტაზისტას გარეშე "აძურა" ფიასკოსთვის განწირული გახლდათ, მაგრამ თავისი მაინც არ მოიშალა და კატასტროფული შედეგი მიიღო. დღევანდელი გადასახედიდან, მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება შეცდომა იყო და ეს შეცდომა ფედერკალჩომ და თავად ლიპიმ, ერთად დაუშვეს. ყოფილიყო პენსიაზე, ჰქონოდა გენიალური, გამარჯვებული მწვრთნელის იმიჯი და ეტარებინა ლექციები სხვადასხვა უნივერსიტეტებში...
სლოვაკეთთან შეხვედრამდე, ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალიასტმა, ლიპის პირდაპირ ჰკითხა: დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ აფრიკაში ყველა საუკეთესო ფეხბურთელი წაიყვანეთო - ამ კითხვამ მარჩელო ძალიან გააცხარა და ახალგაზრდა ჟურნალისტს მკვახედ უპასუხა: ალბათ კრიტიკული სტატია უკვე მომზადებული გაქვს და ფრთხილად იყავი, ბოდიშის მოხდა არ მოგიწიოსო. ჟურნალისტის რა გითხრათ და ლიპის ნამდვილად მოიწევს მთელი ქვეყნისთვის ბოდიშის მოხდა. შეიძლება, არც მოიხადოს, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნის.
რაც შეეხება შეხვედრას, მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მთლიანობაში, ლოგიკური შედეგით დასრულდა. სლოვაკებმა დამსახურებულად მოიგეს, რადგან არც ერთ რგოლში, ისინი არ ჩამოურდებიდნენ ფავორიტ მეტოქეს. მოედნის შუაგულში არაფერი დაუთმეს აპენინელებს და ეს ბურთის პროცენტულ მაჩვენებელში შესაბამისად აისახა. სლოვაკთა შეტევები ბევრად უფრო აგრესიული და მწვავე იყო, ვიდრე იტალიელთა იერიშები, რაც მართლაც რომ გასაკვირია. მეორე ტაიმში ანდრეა პირლო შევიდა მოედანზე და თითქოს ცოტა დაალაგა აპენინელთა თამაში, მაგრამ წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გოლების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ვფიქრობთ, ეს ნაკლებად საინტერესოა - მთავარი კი ის არის, რომ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება.
რატომ განიცადა იტალიამ ფიასკო? - იმიტომ, რომ ვინჩენცო იაკვინტამ გოლის გატანა არ იცის; იმიტომ, რომ სიმონე პეპე მხოლოდ დარბის; იმიტომ, რომ რიკარდო მონტოლივო პასს ვერ იძლევა; იმიტომ, რომ ჯორჯო კიელინი მაქსიმუმ კარგი მცველია; იმიტომ, რომ ფაბიო კანავარო 36 წლის არის; იმიტომ რომ დომენიკო კრიშიტო ფაბიო გროსოს მსგავსად ვერ დაჯლიგინებს ფლანგზე; იმიტომ, რომ ფედერიკო მარკეტის ჯანლუიჯი ბუფონამდე ბევრი უკლია; იმიტომ, რომ მარჩელო ლიპის განდიდების მანია შეეყარა, როგორც ჩანს...
საუკეთესო ფეხბურთელი
რობერტ ვიტეკი (სლოვაკეთი)
რობეტ ვიტეკი ალბათ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს ორ გოლს გაუტანდა. გამოკვეთილი თავდამსხმელი, რომელმაც თავისი მოვალეობები პირნათლად შეასრულა და ალბათ, კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, დაცვასაც ეხმარებოდა და არაერთხელ მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა სტანდარტული სიტუაციებისას. ერთი სიტყვით, ვიტეკი აშკარად საუკეთესო იყო.
მატჩის შემდეგ
მარჩელო ლიპი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ყველაფერი ჩემი ბრალია! მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა. როგორც ჩანს, ვერ მოვამზადე გუნდი ვერ ფიზიკურად, ვერც ტაქტიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად. არ მეგონა თუ ფეხბურთელებს ფეხები აუკანკალდებოდათ, ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და წარმატებები იტალიის ნაკრების მომავალ მესაჭეს".
თ მ ფ წ ბ ქ
პარაგვაი 3 1 2 0 3-1 5
სლოვაკეთი 3 1 1 1 4-5 4
ახ. ზელანდია 3 0 3 0 2-2 3
იტალია 3 0 2 1 4-5 2
ლაშა წიკლაური