მოლოდინი და იმედგაცრუება

AutoSharing Option

25 ივნისი. დურბანი. "დურბან სტედიუმი". 65 000 მაყურებელი
პორტუგალია-ბრაზილია 0:0
პორტუგალია (4-3-2-1): ედუარდო - რ. კოშტა, რ. კარვალიო, ბ. ალვეში, დუდა (54. სიმაო) - ტიაგო, პეპე (64. პ. მენდეში), რ. მეირელეში (84. ველოზო) - დანი, კოენტრაო - რონალდო.
ბრაზილია (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბაშტოში - დ. ალვეში, ჟილბერტო სილვა, ფ. მელო (44. ჟოსუე) - ბაპტიშტა (82. რამირესი) - ნილმარი, ლ. ფაბიანო (85. გრაფიტე).
გაფრთხილება: ლ. ფაბიანო (15), დუდა (25), ჟუანი (25), ტიაგო (31), პეპე (40), ფ. მელო (43),

ფ. კოენტრაო (45).
მატჩი დაიწყო: ბრაზილია; დარტყმა: 13-19 (3-5); ჯარიმა: 11-18; კუთხური: 4-7; ბურთის ფლობა: 40%-60%.
არბიტრი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა)

საინტერესო მომენტები

30' - ამ მატჩში პირველი და ყველაზე სახიფათო მომენტი შეიქმნა - ლუიშ ფაბიანომ ნილმარს გადააწოდა, რომლის დარტყმული ედუარდომ სასწაულებრივ მოიგერია, ბურთი შემდეგ ძელს მოხვდა.
31' - ხელსაყრელი სიტუაციიდან დარტყმის მაგივრად ტიაგო საჯარიმოში წაიქცა და პენალტს ითხოვდა. არბიტრმა ის სიმულაციისთვის გააფრთხილა.
39' - მაიკონის მაღალი ჩაწოდების შემდეგ ლუიშ ფაბიანომ თავით დაარტყა, ბურთი მინდორზე დაეცა და პორტუგალიელთა კარს გადაცდა.
60' - რონალდოს პასის შემდეგ მეირელეშმა ვერ შეძლო ახლო მანძილიდან ზუსტად დარტყმა.
88' - ლუსიოს თავური ედუარდომ იოლად აიღო.
91' - რამირესის შორეული დარტყმა მცირე რიკოშეტის შემდეგ კარში წავიდა, პორტუგალიის ნაკრები მარცხისგან ედუარდომ იხსნა.

სახალისო სტატისტიკა

ედუარდო: 5 სეივი; 27 პასი, აქედან 19 ზუსტი; გაირბინა 4 708 მეტრი.

ყველაზე მეტი პასი: ჟილბერტო სილვა (102)
ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ჟილბერტო სილვა (93)
ყველაზე მეტი ჩაწოდება: დანი ალვეში (6)
ყველაზე მეტი გაირბინა: დანი (11 744 მ)
ყველაზე სწრაფი: ბაშტოში (29 კმ/სთ)


ოჰ, ეს სატურნირო მდგომარეობა, რა მატჩი გააფუჭა! - როდესაც მუნდიალის მონაწილენი ჯგუფებში გაანაწილეს, ყველამ აღნიშნა, რომ Gჯ ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფი" უნდა ყოფილიყო, ხოლო ბრაზილია-პორტუგალიის დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის მშვენება. მივიღეთ კი ამ მუნდიალის სტანდარტებითაც კი ერთ-ერთი უფერული მატჩი. წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით გუნდებს საბრძოლო არც არაფერი ჰქონდათ - მოგეხსენებათ, პირველ მეორე ადგილებზე ცალკე პრემიები არ რიგდება და ამ ადგილებს გუნდებისთვის უპირველესად ის მნიშვნელობა აქვთ, თუ როგორი მეტოქე შეხვდებათ პლეი ოფში. აი, ეს კი დიდი გამოცანა იყო ბრაზილიისათვისა და პორტუგალიისთვის - როგორ უნდა აიცილო ესპანეთის ნაკრები, თუ არ იცი, რომელ ადგილზე გასვლა გაწყობს, ან გადის თუ არა საერთოდ ეს ესპანეთის ნაკრები. აბა ჯგუფიდან ორივე ისედაც გასული იყო (მომიტევონ კოტ დივუარელებმა, მაგრამ მათ "შანსს" შანსი არ ეთქმოდა). მოკლედ, მივიღეთ უსახური მატჩი.

სხვა საქმეა, როცა სლოვენიისა და ალჟირის ნაკრები უსახურ თამაშს გთავაზობენ (ეს მატჩი მუნდიალის "მშვენება" იყო - 90 წუთის განმავლობაში სულ 8 შეტევა განხორციელდა!) და სულ სხვა, როცა იმავე ხარისხის თამაშს ბრაზილია და პორტუგალია გვთავაზობს. მოკლედ, სრული იმედგაცრუება, საფეხბურთო ზეიმის ნაცვლად.

დუნგამ ელანოს არყოფნა იოლად გადაჭრა - ფლანგზე დანი ალვეში გაამწესა, თუმცა ამით "ბარსელონელმა" მაიკონს მოქმედების არეალი შეუზღუდა და თანაც უკეთ ვერ წარმოჩინდა, ვიდრე ელანო. ასე რომ, როცა ტრავმას მოიშუშებს, ელანო დაიბრუნებს შემადგენლობაში ადგილს. აი, კაკას შემცვლელმა ჟულიო ბაპტიშტამ საერთოდ ვერ გაამართლა, იმდენად უსახურად ითამაშა, შესაცვლელი გახდა. რობინიოს შემცლელი ნილმარი კი მხოლოდ პირველ ტაიმში იყო აქტიური.

კარლოშ კეირუშმა სერიოზულად გადაახალისა გუნდიმარცხენა ფლანგზე კოენტრაოს წინ წაწევამ უთუოდ გაამართლა, ის საკმაოდ აქტიური იყო და რონალდოს დროული პასებით ამარაგებდა. ლამის ცენტრფორვარდად მოთამაშე რონალდომ კი დატანჯა ბრაზილიელთა ცენტრალური მცველები, მაგრამ იმდენად არაზუსტი იყო ბოლო ფაზაში, რომ მთელი თავისი ნაღვაწი წყალში ჩაყარა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი კეირუშმა სამ სხვადასხვა მატჩში სამი სხვადახვა ფეხბურთელი ათამაშა და ამით, ალბათ, ერთგვარი რეკორდი დაამყარა.

პირველ ტაიმში თამაშს კიდევ არა უშავდა, გუნდები იბრძოდნენ და ხშირად უხეშობდნენ კიდეც (მსაჯმა პირველ ტაიმში 7 ყვითელი ბარათი გასცა), მეორეში კი ეს მუხტიც დაიკარგა. "სიკვდილის ჯგუფის" ფავორიტებმა ისე ჩაამთავრეს ეს თამაში, რომ, დარწმუნებულნი ვართ, არც კი დაინტერესებულან, თუ რა ანგარიშით უგებდა ჩრდილოეთ კორეის გუნდს დროგბა და კომპანია. დასანანია...

საუკეთესო ფეხბურთელი

ფიფას ოფიციალურ საიტზე მატჩში საუკეთესოდ კრიშტიანო რონალდო დაასახელეს. საოცარია, როგორ არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც 6 ორთაბრძოლა წააგო, 7 დარტყმიდან კარში ზუსტად მხოლოდ ერთი გაუშვა; ძალიან ცოტა პასი გააკეთა და უმრავლესობა არაზუსტი? ჩვენ თავიდან ვიფიქრეთ, ამ მატჩში საუკეთესო საერთოდ არ დაგვესახელებინა, თუმცა ეს უსამართლობა იქნებოდა პორტუგალიის კარის დარაჯის მიმართ. ედუარდომ, სულ მცირე, ორჯერ იხსნა პორტუგალია მარცხისგან (ნილმარის და რამირესის დარტყმები), თანაც ჯგუფური ეტაპი ისე ჩაამთავრა, გოლი საერთოდ არ გაუშვია.

მატჩის შემდეგ:
ჟულიო სეზარი
(ბრაზილია): "ბედნიერები ვართ, რომ "სიკვდილის ჯგუფი" პირველ ადგილზე დავასრულეთ. ჩვენ გვსურთ აფრიკაში 11 ივლისამდე დავრჩეთ. ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე მერვედფინალში, უნდა დავძლიოთ".

დუნგა (ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენ მხოლოდ მოგებისთვის ვთამაშობთ ყოველთვის. ამიტომ, ეს შედეგი არ გვაკმაყოფილებს. ვცდილობდით შეგვეტია, მეტოქე კი დაცვიდან გვეთამაშა. სამწუხაროდ, პორტუგალიის ნაკრები უხეშობაზე გადავიდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი რონალდოს ნაცვლად ლუსიოს დავასახელებდი".

ნიკოლოზ ნეფარიძე

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული