ყველაზე ობიექტური, მაგრამ არა უნაკლო. ნათელი დასტური კი პრიმერადივიზიონის ახალ სეზონში განვითარებული მოვლენებია, როცა 8 ტურის შემდეგ ლა ლიგას სათავეში მოკრძალებული "ლევანტე" მოექცა.
მაშინ როცა, "რეალი", "ბარსელონა", "მალაგა", "ატლეტიკო" და სხვები ვარსკვლავებში გრანდიოზულ თანხებს ხარჯავდნენ (მაგალითად, რადამელ ფალკაო "ატლეტიკოს" 40 მილიონი ევრო დაუჯდა), ეს ვალენსიური კლუბი ტყავიდან ძვრებოდა, "ჩამოფასებულ საქონელს" ყიდულობდა, თხოულობდა ფეხბურთელებს ან სამუშაოს სთავაზობდა
გახსოვთ ალბათ, როგორი ობსტრუქცია მოუწყეს კრიშტიანო რონალდოს ზაგრებში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ხორვატმა ფანებმა. თამაშის შემდეგ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კომენტარი სკანდალური გამოდგა: "ხალხს ჩემი შურს, რადგან მდიდარი, სიმპატიური და დიდი ფეხბურთელი ვარო". ოთხი დღის შემდეგ "რეალს" ვალენსიაში მოუწია ჩასვლა, რონალდოს ფეხი ტკიოდა და მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა. "ლევანტეს" ფანები მას დიდი პლაკატით დახვდნენ: "ღარიბი, მახინჯი და ნაგავი... ჩვენ ვართ "ლევანტე".
"ლევანტეს" ფანებს იუმორი და ირონია არ დაეწუნებათ, ერთიც და მეორეც უხვად დასჭირდებათ ამ მომქანცველი სეზონის განმავლობაში.
კლუბს ლა ლიგაში სიდიდით მე-19 ბიუჯეტი აქვს და ყველაზე ხანდაზმული შემადგენლობა ჰყავს. მოკლედ, ოპტიმიზმის საბაბი, თითქოს და, არ იყო. მაგრამ ის თამაში "ლევანტემ" მოიგო, შემდეგ "რაიო ვალეკანო", "ესპანიოლი", "ბეტისი", "მალაგა" და "ვილიარეალიც" "სამეფო კლუბის" გზას გაუყენა.
დავუბრუნდეთ ისევ "ლევანტე"-"რეალს". მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. არადა, მათ ის 14 ფეხბურთელი, რომელიც ათამაშეს, ჯამში 200 ათასი ევრო დაუჯდათ (ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო კვირაში იღებენ ამდენს). 13 მათგანში ევროც კი არ გადაუხდიათ, 200 ათასი კი ბოლო წუთებზე შესული მიგელ პალიარდოს ფასია! "რეალმაც" 14 ფეხბურთელი ათამაშა იმ დღეს, რომლებიც ჯამში 390 მილიონი ევრო დაუჯდა, 389 მილიონ 800 ათასით ნაკლები!!!
ახალი მწვრთნელი ხუან იგნასიო მარტინესიც არაპოპულარული არჩევანია ფანებს შორის, ის ხომ ლუის გარსიას ცვლიდა, ძალზე პერსპექტიულ სპეციალისტს. და ვინ იყო, ხუან იგნასიო - არც პოპულარული, არც გამოცდილი და არც ახალგაზრდა... სეზონში ხუთი გოლის გამტანი ხუანლუ ამბობს, რომ რაც მოხდა სეზონის დაწყების მერე აუხსნელია, მხოლოდ სიტყვა საოცრებას თუ მოვიშველიებთ. როცა ხუანლუ ამბობდა, "ბარსას" ან "რეალის" ერთი ვარსკვლავის ჯამაგირი ჩვენ მთლიანად გამოგვკვებავდაო, კი არ ხუმრობდა, ეს იყო ფაქტის კონსტატაცია - "ლევანტეს" ვარსკვლავის შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 350 ათასი ევროა, თუმცა უმეტესობას კიდევ უფრო ნაკლები ხელფასი აქვს.
სერხიო ბალესტეროსი, "ლევანტეს" 36 წლის კაპიტანი ნათელი დადასტურებაა კლუბის პოლიტიკის. უფრო ზუსტად ამ ფეხბურთელის ისტორია: ბალესტეროსმა კარიერა "ბაყაყებში" დაიწყო. ის იუპ ჰაინკესმა შეამჩნია და "ტენერიფეში" წაიყვანა. შემდეგ იყო "რაიო ვალეკანო", "ვილიარეალი" და "მალიორკა". 2008 წელს კი ბალესტეროსი "ჩამოალაბორანტეს"... ის ქვედა ლიგაში მოთამაშე "ლევანტეს" დაუბრუნდა. ახლა სერხიო, "ლევანტეს" ფანების კერპია, რომლებიც სერიოზულად მოითხოვენ, ვეტერანს ესპანეთის ნაკრებში თამაშის შანსი მიეცეს. სხვათა შორის, ბალესტეროსი კლუბის პრეზიდენტ კიკო კატალანზე უფროსია.
"მალაგასთან" მატჩში "ლევანტემ" ხანდაზმულობის რეკორდი დაამყარა ესპანეთის ჩემპიონატში - სასტარტო შემადგენლობა ჯამში 346 წლის იყო (საშუალოდ 31,45 წლის). ეს რიცხვი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, შემადგენლობაში ახალ ბუსკეტსად მონათლული 23 წლის ვისენტე იბორა რომ არ მოხვედრილიყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"