სამშობლოში დაბრუნებულ პარაგვაის ნაკრებს აეროპორტში ოვაციებით ათასზე მეტი გულშემატკივარი დახვდა. გუნდი აეროპორტიდანვე გაემართა ქვეყნის პრეზიდენტ ფერნანდო ლუგოსთან შესახვედრად. პრეზიდენტმა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მედლები გადასცა წარწერით: "პარაგვაელი ხალხისგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლისთვის".
პარაგვაის ნაკრების წევრებს სოლიდური ფულადი პრემიებიც გადაეცემათ.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ გუნდიდან წასვლა გადაუწყვეტიათ არგენტინელ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსა და თავდამსხმელ როკე სანტა კრუსს. ეს უკანასკნელი პარაგვაის ნაკრების ღირსებას 1999 წლიდან მოყოლებული იცავს და 80 მატჩში 21 გოლი გაუტანია.