თუმცა, ხელის შეშლას რომ თავი დავანებოთ, ისიც საკითხავია, იყო თუ არა საერთოდ ვან პერსი ოფსაიდში. ასეა თუ ისე, ურუგვაელებმა ერთი ამბავი ატეხეს და პრინციპში, ეს სრულიად ბუნებრივია.
სნეიდერის გოლთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება გამოთქვა პიერლუიჯი კოლინამ, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული მუნდიალის საკამათო საკითხების გარჩევაში. აი, რა თქვა ვეტერანმა იტალიელმა არბიტრმა:
"ფიფას წესდებაში პირდაპირ წერია, რომ თუ სხეულის ერთი ნაწილი მაინც უფრო წინ არის, ვიდრე უკანასკნელი მცველი, მაშინ თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაფიქსირდეს. სნეიდერის გოლის ეპიზოდი არაერთხელ ვნახე, მაგრამ ზუსტი წარმოდგენა არ შემექმნა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ხანდახან იდეალურ სურათს ვერც ერთი კამერა ვერ გაძლევს. აი, ასეთ დროს კი უპირატესობა შემტევს უნდა მიენიჭოს და ესეც ფიფას წესდებაში წერია. ვან პერსი მეკარეს ხელს უშლიდა? - არა მგონია, კარისგან საკმაოდ მოშორებით იდგა და მეკარის ხილვადობას ხელს ვერ შეუშლიდა. ამ გადასახედიდანაც გოლი უნდა ჩათვლილიყო".