თაობა, რომელიც მსოფლიო თასს იმსახურებს!

AutoSharing Option

7 ივლისი. დურბანი. მოზეს მაბჰიდა. 60 960 მაყურებელი
გერმანია-ესპანეთი 0:1
გერმანია (4-2-3-1):
ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ჟ. ბოატენგი (52. იანსენი) - ხედირა (81. გომესი), შვაინშტაიგერი - ტროხოვსკი (62. კროოსი), იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (93. მარჩენა) - ინიესტა, ჩავი, პედრო (86. სილვა) - ვილია (81. ფერნანდო ტორესი).
გოლი: 0:1 პუიოლი (73)
გაფრთხილება: არავინ
მატჩი დაიწყო: გერმანია; დარტყმა: 6(2)-16(5); ჯარიმა: 9-7; კუთხური: 6-7; ბურთის ფლობა: 43%-57%.
არბიტრი: ვიქტორ კასაი
(უნგრეთი)

საინტერესო მომენტები

14' - ჩავიმ და ინიესტამ მარჯვენა ფლანგზე შვაინშტაიგერისა და ჟერომ ბოატენგის წყვილი გააბითურეს, ინიესტამ საჯარიმოში იდეალურად ჩააწოდა, იქ კი ბურთს კარლეს პუიოლი დახვდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მანუელ ნოიერის კარს მცირე მანძილით ასცდა.
32' - მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, დისკვალიფიცირებული თომას მიულერის შემცვლელი პიოტრ ტროხოვსკი შეტევაში ჩართული პირველად ვიხილეთ. "ჰამბურგის" ნახევარმცველმა 25 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ იკერ კასილიასი ყურადღებით იყო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
50' - ჩავის კარგი პასი ჩაბი ალონსოს მისამართით და ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმა 22 მეტრიდან - ბურთი ნოიერის კარს ასცდა.
58' - უდიდესი ქაოსი გერმანიის ნაკრების დაცვაში! ბურთი პედროს მიუვიდა, რომელმაც 18 მეტრიდან დაარტყა. ნოიერმა მისი დარტყმა მოიგერია, მაგრამ პერ მერტეზაკერმა ბუნდესმეკარისგან ასხლეტილ ბურთზე რეაგირება დააგვიანა, რითაც ინიესტამ ისარგებლა და მახვილი კუთხიდან კარის გასწვრივ გაისროლა. შორეულ კუთხესთან ბურთისკენ დავიდ ვილია ჩასრიალდა და სანტიმეტრები დააკლდა იმისათვის, რომ ბურთი კარში შეეგორებინა.
69' - გერმანიის ნაკრებს ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შანსი მიეცა! მესუთ იოზილმა შესანიშნავი პასით მოძებნა თავისუფალი პოდოლსკი, რომელმაც რბილი, მაღალი პასით, კართან თავისუფლად მდგომი ტონი კროოსი იპოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით საკმაოდ უხეიროდ დაარტყა. ბურთი კასილიასის ნადავლი გახდა.
73' - კუთხური გერმანიის ნაკრების კართან. ჩავიმ მარცხნიდან ჩააწოდა, პუიოლი საჯარიმოში ჩვეულად შეიჭრა, ბურთისკენ "გაფრინდა" და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მთელი ძალით "ურქინა", ხედირა პიკეს მეურვეობდა და პუიოლზე ვერ გადაერთო, "ბარსელონას" მცველის დარტყმული ვეღარც ნოიერმა მოიგერია - 0:1.
82' - შეტევაში წასულ გერმანელებს ესპანელთა სახიფათო კონტრშეტევა გამოეპარათ და პედროს მეორედ უნდა დაელაშქრა ნოიერის კარი, მაგრამ ძალიან ეგოისტურად მოიქცა, ფრიდრიხმა და კროოსმა კი მომენტი განმუხტეს.

გერმანიის ნაკრების ოცნება მეოთხე ვარსკვლავზე დასრულებულია! გუნდი, რომელმაც ინგლისისა და არგენტინის ნაკრებებს კუდით ქვა ასროლინა - დამარცხებულია! თავიდანვე მსოფლიოს ჩემპიონატის ნომერ პირველ ფავორიტად შერაცხული ესპანეთის ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მუნდიალის ფინალში. ჩავის, ინიესტას, ფერნანდო ტორესს, ვილიას და კომპანიას, ესპანური ფეხბურთის ამ მართლაც ბრწყინვალე თაობას, ისტორიული შანსი აქვს, გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიო თასისთვის ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი კვირას, ჰოლანდიასთან ფინალურ მატჩში იბრძოლებს, გერმანია კი, ისევე როგორც ოთხი წლის წინ, ამჯერადაც მესამე ადგილისთვის გასამართი შეხვედრით (ურუგვაისთან) უნდა დაკმაყოფილდეს. ესპანეთთან ერთად, მსოფლიო თასი არც ჰოლანდიას ღირსებია ოდესმე, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება!

ვისენტე დელ ბოსკემ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფერნანდო ტორესი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მაგრამ მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში არა ალტერნატიული ცენტრფორვარდი ფერნანდო ლორენტე, არამედ "ბარსელონას" ახალგაზრდა გარემარბი პედრო გაამწესა. შესაბამისად, თავდასხმის შუაში, ეული ცენტრფორვარდის ადგილი დავიდ ვილიამ დაიკავა. უნდა ვთქვათ, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცის ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა: აქ ნაკლებად ვგულისხმობთ ვილიას ეულ ცენტრფორვარდობას, რადგან ესპანელები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაინც ჯიუტად აწოდებდნენ მაღალ ბურთებს ვილიას მისამართით, რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა მეორე სართულზე კარგი თამაშით. არამედ, ვგულისხმობთ პედროს სასტარტოში გამწესებას, რადგან ამ ფეხბურთელმა გერმანელი უკანახაზელები არაერთხელ ააწიოკა და შესაძლოა, მკითხველების დიდმა ნაწილმა პედრო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი მიიჩნიოს.

ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კი, დისკვალიფიცირებული თომას მიულერის ნაცვლად, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, გერმანიას ძალიან დააკლდა, პიოტრ ტროხოვსკი ათამაშა და იოგის ამ ნაბიჯმა აშკარად არ გაამართლა, რადგან ტროხოვსკის სახეირო ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. ლიოვს სათამაშო სქემა არ შეუცვლია, მაგრამ შეცვალა ტაქტიკა. გუშინ ბუნდესგუნდი გაცილებით ფრთხილი იყო, ვიდრე ინგლისთან ან არგენტინასთან. გერმანიის ნაკრები პირველივე წუთებიდან მარტივად შეეგუა მეორეხარისხოვან როლს და მოედნის ცენტრი მეტოქეს დაუთმო. შესვენებისას, ლიოვის ასეთი ფრთხილი და მომლოდინე ტაქტიკა ყველა გერმანელმა ექსპერტმა შეაქო. მათ შორის იყო თვით ფრანც ბეკენბაუერიც, მაგრამ როგორც საბოლოოდ დავინახეთ, ეს იყო შეცდომა, რადგან განსხვავებით ინგლისთან და არგენტინასთან მატჩებისა, გუშინდელ შეხვედრაში ერთხელაც არ გვიფიქრია, რომ გერმანიას ესპანეთის დამარცხების რეალური შანსი ჰქონდა. ეს უკვე სულ სხვა ბუნდესგუნდი იყო, რომელიც არც კარლეს პუიოლის გოლის შემდეგ აფეთქებულა. კი მოინდომეს და შეუტიეს, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ჰგავდა განრისხებული გუნდის რეაქციას. ჩვენ კი გვინდოდა და ვფიქრობთ, სამართლიანადაც ვითხოვდით განრისხებული გერმანიის ხილვას - თორემ ანგარიშს თვითონ რომ გახსნიან, მით უმეტეს, სწრაფი გოლით და მერე კარგად რომ თამაშობენ, ეს უკვე ვიცით. ეს ინგლისთან და არგენტინასთან ვნახეთ!

ბევრი ფიქრობდა, რომ ამ შეხვედრაში ორმხრივი შეტევების კასკადს ვიხილავდით - ესპანეთი ისედაც შემტევ ფეხბურთს თამაშობს, გერმანიამ კი ინგლისთან და არგენტინასთან იმდენად სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა, რომ... მაგრა, რაკი ბუნდესგუნდმა ესპანეთის ძლიერ ნახევარდაცვას ცენტრი დაუთმო, ჩავი და კომპანია გერმანელებს დიდხანს კატათაგვობანას ეთამაშებოდნენ. დელ ბოსკეს გუნდი თამაშის ტემპს აკონტროლებდა, ბურთს ფლობდა და მეტოქეს მეტწილად უბურთოდ არბენინებდა. ხოლო, როცა გერმანელები ბურთს ჩაიგდებდნენ, ესპანელები მათსავე ნახევარზე მიმართავდნენ პრესინგს. შედეგი: გერმანელები ხშირად თავიანთ ნახევარზევე კარგავდნენ ბურთს. ბუნდესგუნდის თამაშის დალაგება ვერც შვაინშტაიგერმა შეძლო, რომელიც მუდმივად ბურთს ითხოვდა და თუ ესპანელებმა ერთადერთი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანიის ნაკრების დაცვის ცენტრი (მერტეზაკერი/ფრიდრიხი) იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ამ დუეტს ესპანელთა მხოლოდ ერთი კომბინაცია გაეპარა.

მეორე ტაიმში გერმანიის ნაკრების უკანა ხაზი ოდნავ აირია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დელ ბოსკეს გუნდმა გამარჯვების გოლი კუთხურიდან გაიტანა. პუიოლმა გაიტანა გოლი, რომლითაც თავის გუნდს დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.
ის, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ: გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებს დიდი მომავალი აქვს, ესპანეთის ნაკრებს კი ჰყავს თაობა, რომელიც უკვე მზადაა და იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონობას!

საუკეთესო ფეხბურთელი
კარლეს პუიოლი (ესპანეთი)
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას პედროც იმსახურებდა, მაგრამ პუიოლის როლი ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ერთადერთი, გამარჯვების გოლი მის ანგარიშზეა. ამასთან, "ბარსელონას" მცველმა თავის უშუალო მოვალეობებსაც ბრწყინვალედ გაართვა თავი.შ

მატჩის შემდეგ

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ესპანეთის ნაკრებს უდიდესი კომპლიმენტები ჩემგან! ვფიქრობ, ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება და ეს ლოგიკურიც იქნება, რადგან ორი-სამი წელია, ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავს. ესპანეთის ნაკრები ბურთს ისე ათამაშებს, რომ ყველა მეტოქეს უბურთოდ არბენინებს ხოლმე. მუნდიალი ჩვენთვის ჯერ არ დასრულებულა, მესამე ადგილის დაკავება გვინდა. მერვედფინალში და მეოთხედფინალში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩების შემდეგ, იმედგაცრუება უდიდესია, მაგრამ დღევანდელი შედეგი ლოგიკურია. ესპანეთი დამსახურებული ფინალისტია".
ფილიპ ლამი (გერმანიის ნაკრების კაპიტანი): "ყველანი შოკში ვართ. მსოფლიოს ჩემპიონობა გვინდოდა, მაგრამ მიზანს ისევ ვერ მივაღწიეთ. პირველ ტაიმში არასაკმარისად ვაჟკაცურად ვუტევდით. დაცვაში კი კარგად ვიდექით, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან ესპანეთის ნაკრებს შეტევაში უდიდესი პოტენციალი აქვს. სიმართლე გითხრათ, მესამე ადგილისთვის მატჩი ოდნავადაც არ მიზიდავს. მე ფინალში გასვლა მინდოდა..."
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "კონკრეტულად არავის გამოვყოფ, მაგრამ ჩემი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა დღეს სასწაულად ითამაშა. გერმანიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩემი შეგირდები უფრო გამოცდილები არიან და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი გადამწვეტი ფაქტორი იყო. ფინალში, ჰოლანდიასთან რთული თამაში გველის."
დავიდ ვილია (ესპანეთის ნაკრები): "ესპანეთის ნაკრებმა დღეს თავის საუკეთესო თამაში ჩაატარა. როგორც ხედავთ, ჩვენ გადამწყვეტ მატჩებში მაქსიმალურად მობილიზება შეგვიძლია. ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არასდროს უთამაშია და ჩვენ ეს შევძელით. იმიტომ, რომ მართლაც ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც ევროპის ჩემპიონია და ახლა მსოფლიოს ჩემპიონობა უნდა."
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე პედრო მაგრა არ მომეწონა...
მარტო მატაობა ხომ არ არის? ტექნიკა მაგარი აქვს, მაგრამ გუნდს ხომ უნდა გამოადგეს ფეხბურთელი. მაგის გაკეთებული დროული პასი ნახეთ ვინმემ? რა მომენტი მოსპო ნახევარფინალში... ტორესი, ფაბრეგასი ან სილვა რომ ყოფილიყო მაგის ადგილზე...
ევროპაზე რაც ტორესმა პასები აკეთა... დასვან და აყურებინონ. ისე სწორედ გამოცვალა ბებრმა... იმედია გასახდელში ერთი-ორი მოსცხო კიდევაც
0
იმსახურებს რომელია..პედრო მომეწონა,მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი გააფუჭა.აფსუს, გოლი როგორ იმოქმედებდა ფერნანდოზე
giorgi buachidze
12:52 08-07-2010
0

სიახლეები პოპულარული