ლიოვს მოსაფიქრებლად დრო სჭირდება

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმა ხოტბა შეასხა თავის გუნდს, რომელიც მშვენიერი სამუნდიალო კამპანიის მიუხედავად, მესამე ადგილს დასჯერდა. პრესკონფერენციაზე ლიოვმა ჯერ მოკლედ მიმოიხილა მატჩი.

"ორივე გუნდს უნდოდა გამარჯვება, ორივე გუნდს ჰქონდა ჩინებული შანსები, მაგრამ როგორც კი ჩვენ სრულად ავამუშავეთ რესურსები, დავინახეთ გერმანიის ნაკრების ძალა. ბედნიერი ვარ, რომ თამაშის შემოტრიალება შევძელით, რადგან ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ვიცოდით, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მუნდიალის გამარჯვებით დასრულება. მართალია, ჩვენი ობიექტივი 11 ივლისს იოჰანესბურგის "სოკერ სიტიზე" (სადაც ფინალი უნდა გაიმართოს) თამაში იყო, მაგრამ... დღევანდელი საღამოც ძალზე
სასიხარულო იყო. ეს მუნდიალი ჩვენთვის უდავოდ დასამახსოვრებელი და მრავალმხრივ აღსანიშნავი იქნება. ბიჭებმა მართლაც უდიდესი შრომა გასწიეს, მათ ყველაფერი დადეს მოედანზე... ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბევრ მათგანს, გასაგები მიზეზების გამო, აკლდა ამგვარი ტურნირებისთვის საჭირო გამოცდილება... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, არ შემიძლია, არ ვიყო ამაყი. მოედანზეც და მოედნის მიღმაც, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ წარმატებისთვის და სამშობლოში თავაწეულები ვბრუნდებით".

შემდეგ ლიოვს ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს პოსტის დატოვებაზე: "გუნდი მესამე ადგილზე გავიდა და თუ მთელ ტურნირს გადახედავ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოზიტიური შედეგი. რაც შეეხება იმას, ვრჩები თუ არა პოსტზე, ამ წუთში ვერაფერს გეტყვით. მჭირდება რამდენიმე მშვიდი დღე, რათა ყველაფერ ავწონ-დავწონო და სწორი გადაწყვეტილება მივიღო".

გერმანიის ნაკრები შეაქო ურუგვაელთა თავკაცმა ოსკარ ტაბარესმაც: "მათ მშვენივრად ითამაშეს. კარგად აკონტროლებდნენ ბურთს ორივე ნახევარზე და რაც მთავარია, უკეთესად გამოიყურებოდნენ ჩვენს საჯარიმოში, თან ნაკლები შეცდომაც დაუშვეს. თუმცა ჩემი გუნდიც კარგი იყო, დღეს ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე. დღესაც გვქონდა შანსი, მოგვეგო თამაში, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. და ეს არის ფეხბურთი - იგებს ის, ვინც თავის შანსს უკეთ იყენებს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული