ორი ინტერი და... პაპუასები

AutoSharing Option

გუშინ აბუ-დაბიში "მოჰამად ბინ ზაიედის" სტადიონზე სტარტი აიღო ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატმა. ტურნირი, ამ ათასწლეულის გარიჟრაჟზე დაიბადა და ფიფამ ის საკონტინენტთაშორისო თასის ჩასანაცვლებლად მოიგონა. 2004 წელს საკონტინენტთაშორისო თასის (სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამხრეთ ამერიკის ლიბერტადორესის თასის მფლობელს ხვდებოდა) 45-წლიანი ისტორია დასრულდა და პლანეტას მხოლოდ ეს შეჯიბრი შემორჩა - დიდი ვერაფერი შვილი. შორს რომ არ წავიდეთ - გუშინ ტურნირის პირველ მატჩში, რომელსაც ასეთი ხმამაღალი სახელწოდება აქვს (მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) ერთმანეთს... არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი "ალ-ვაჰდა" და პაპუა ახალი გვინეის "ჰეკარი

იუნაიტედი" შეხვდნენ. ტურნირში, სადაც 7 მონაწილიდან ორი ასეთი "გრანდია"...

რიგით მე-7 საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ავსტრალიასა და იაპონიას ("ტოიოტას თასის" ნოსტალგიით) სურდათ, მაგრამ ფიფას ბოლომდე საამიროებმა უერთგულა. გუშინ დაწყებული ტურნირი 18 დეკემბრამდე გაგრძელდება და შევიტყობთ მსოფლიოს ახალ ჩემპიონს კლუბებს შორის, ახლანდელი კი "ბარსელონაა". ტურნირში 6 კონფედერაციის 7 წარმომადგენელი მონაწილეობს. ამათგან ორი საკვალიფიკაციო რაუნდით იწყებს - ოკეანიის წარმომადგენელი მასპინძელი ქვეყნის გუნდს ხვდება. ჩემპიონატს აბუ-დაბის ორი სტადიონი, ზემოთნახსენები "ბინ ზაიედი" (42 ათასი მაყურებელი) და "ზაიედ სპორტს სიტი" (49,5 ათასი მაყურებელი) მასპინძლობს. ორივე დიდებული არენაა - სუპერთანამედროვე.

კონმებოლს ლიბერტადორესის თასის წლევანდელი გამარჯვებული ბრაზილიური "ინტერნასიონალი" წარმოადგენს. უეფას - "ინტერი", ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ეს ორი გუნდი საკლუბო ჩემპიონატში ნახევარფინალიდან ჩაერთვება. მეოთხედფინალებიდან ითამაშებენ: აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "სეონნამი" (სამხრეთი კორეა), ლუბუმბაშის "მაზემბე" (კონგო) და "პაჩუკა" (მექსიკა), კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მომგები. "პაჩუკა" მესამედ მონაწილეობს ასეთ ტურნირში, "მაზემბე" და "ინტერნასიონალი" - მეორედ, სხვები კი, მათ შორის მილანის "ინტერი", დებიუტანტები არიან. 10-11 დეკემბერს ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება, "სეონნამი" მეტოქის გუშინდელი მატჩიდან ელის, "პაჩუკა" კი აფრიკულ გრანდს ეთამაშება. 14 დეკემბერს ამ ორ გუნდში გამარჯვებული "ინტერნასიონალთან" თამაშის უფლებას მოიპოვებს, ინტერს კი 15-ში, ალბათ, კორეელებთან მოუწევს ნახევარფინალი.

სხვათა შორის, რამდენიმე საინტერესო გვარს ერთი შეხედვით ეგზოტიკურ კლუბებშიც აღმოაჩენთ. მაგალითისთვის, "ალ ვაჰდას" 31 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ფერნანდო ბაიაონო გამოდგება. იგი ფეხბურთის მოყვარულებს შეიძლება ახსოვდეთ "ვოლფსბურგში", "მალაგაში" და "სელტაში" თამაშით. ამავე კლუბის ნახევარმცველ მაგრაოს ბრაზილიის ნაკრებში 3 თამაში აქვს ჩატარებული.

ბრაზილიურ "ინტერნასიონალს" სელსო როტი წვრთნის: "ჩვენ 100 პროცენტით ვართ მზად საკლუბო ჩემპიონატისთვის, ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც. მართალია, ტრავმებმა ხელი შეგვიშალეს, მაგრამ მიზანი ერთადერთი გვაქვს - ჩემპიონობა", - განუცხადა ფიფას ოფიციალურ საიტს 53 წლის თავკაცმა. "ინტერნასიონალის" მეკარე რენანი შარშანდელი ლა ლიგიდან გეხსომებათ, ის "ხერესის" ერთადერთი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო. გეცოდინებათ მარცხენა მცველი კლებერი, არგენტინელი ანდრეს დ'ალესანდრო, კიდევ ერთი არგენტინელი, მეკარე რობერტო აბონდანსიერი. ახლახან დასრულებულ ბრაზილიურ სერია ა-ში "ინტერნასიონალი" მე-7 ადგილზე გავიდა. ფორვარდმა ალეშანდრუმ კი 10 გოლი გაიტანა.

გთავაზობთ 2010 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 3 ფავორიტის განაცხადებს.

ინტერი (იტალია): მეკარეები: ჟულიო სეზარი, ლუკას კასტელაცი, პაოლო ორლანდონი; მცველები: ხავიერ ძანეტი (კაპიტანი), ივან კორდობა, ლუსიო, მაიკონი, მარკო მატერაცი, კრისტიან კივუ, სიმონე ბენედეტი, დავიდე სანტონი; ნახევარმცველები: დეიან სტანკოვიჩი, ტიაგო მოტა, ვესლი სნეიდერი, სულეი მუნტარი, მაკდონალდ მარიგა, ესტებან კამბიასო, ნვანკვო ობიორა; თავდამსხმელები: სამუელ ეტო'ო, დიეგო მილიტო, გორან პანდევი, დენის ალიბეკი, ჯონათან ბიაბიანი.


ინტერნასიონალი (ბრაზილია): მეკარეები: რენანი, რობერტო აბონდანსიერი, ლაურო; მცველები: ბოლივარი (კაპიტანი), ინდიო, ნეი, კლებერი, როდრიგო, რონალდო ალვეში, დანიელი, ჟუანი; ნახევარმცველები: პაბლო გუინასუ, გლაიდსონი, ანდრეზინიო, ოსკარი, ტინგა, ჟულიანო, ანდრეს დ'ალესანდრო, დერლეი, ვილსონ მატიასი; თავდამსხმელები: ალეშანდრუ, რაფაელ სობისი, ლეანდრო დამიაო.

პაჩუკა (მექსიკა): მეკარეები: მიგელ კალერო (კაპიტანი), კარლოს ველასკესი, როდოლფო კოტა; მცველები: ლეობარდო ლოპესი, მარკო ივან პერესი, პოლ აგილარი, ხავიერ მუნიოს მუსტაფა; ნახევარმცველები: მარკო ვიდალი, ბრაულიო ლუნა, ხუან კარლოს როხასი, ლუის მონტესი, კარლოს როდრიგესი, ხოსე ტორესი, რაულ მარტინესი, კარლოს ალბერტო პენია; თავდამსხმელები: ერკულეს გომესი, ედგარ ბენიტესი, ვიქტორ მანონი, დანიელ არეოლა, დარიო ცვიტანიჩი, ფრანკო არისალა.


მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
ყველა ტურნირი და გამარჯვებული


წელი მასპინძელი გამარჯვებული ქვეყანა მწვრთნელი ოქროს ბურთი
2000 ბრაზილია კორინთიანსი ბრაზილია ოსვალდო ოლივეირა ედილსონი
2005 იაპონია სან პაულუ ბრაზილია პაულუ აუტუორი როჟერიო სენი
2006 იაპონია ინტერნასიონალი ბრაზილია აბელ ბრაგა დეკუ
2007 იაპონია მილანი იტალია კარლო ანჩელოტი კაკა
2008 იაპონია მანჩესტერი ინგლისი ალექს ფერგიუსონი უეინ რუნი
2009 საამიროები ბარსელონა ესპანეთი ხოსეპ გვარდიოლა ლიონელ მესი

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული