მხოლოდ ორი ადგილი არაესპანელებს

AutoSharing Option

"მარკას" ონლაინ გამოკითხვის მიხედვით სპორტულმა გაზეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ადგილი მხოლოდ ორ არაესპანელს მოეძებნა - 11-ეულში მოხვდნენ გერმანელი თომას მიულერი და ურუგვაელი დიეგო ფორლანი, დანარჩენი 9 რჩეული კი "ფურია როხას" წევრია. მოკლედ, მხოლოდ ორი მსოფლიოს ჩემპიონისთვის (ვინც სასტარტოში ხვდებოდა) ვერ გამოინახა სიმბოლურში ადგილი: ჩაბი ალონსო და ფერნანდო ტორესი "დაიჩაგრნენ". "მარკას" გამოკითხვაში სულ 130 ათასმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა.

მაშ ასე, მუნდიალის "მარკასეული" სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: კასილიასი - რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - მიულერი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა -

ფორლანი, ვილია.

ყველაზე მეტი ხმა "ფურია როხას" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა მიიღო, ის სიმბოლურში გამოკითხულთა 95,4%-მა დაასახელა. მართლაც, მუნდიალის საპლეიოფო, გადამწყვეტი ნაწილი იკერმა ბრწყინვალედ ჩაატარა, პარაგვაისთან, გერმანიასთან და ჰოლანდიასთან მან რამდენჯერმე იხსნა ეროვნული გუნდი.

დაცვა მთლიანად ესპანურია, ლიდერობს პიკე (90,8%), ყველაზე ნაკლები ხმა კი კაპდევილამ (49,6%) მიიღო, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა მის პოზიციაზე კონკურენტთათვის ეჯობნა. რამოსმა მაიკონს და ვან დერ ვილს აჯობა, დაცვის ცენტრის წყვილმა კი - მერტეზაკერსა და ლუსიოს, კაპდევილამ ბაშტოშსა და ვან ბრონკჰორსტს გაუსწრო.

ჩაბი ალონსო კარგი ფეხბურთელია და მას არანაკლებ კარგი ტურნირი ჰქონდა, ვიდრე მის თანაგუნდელებს, უბრალოდ ბასკი "მარკას" გამოკითხვის სტრუქტურას "შეეწირა" - სიმბოლურში მხოლოდ ერთი ადგილი იყო დაცვითი სტილის ნახევარმცველისათვის, გამოკითხვაში კი ბუსკეტსმა იყოჩაღა და ალონსო მეორე ადგილზე ჩამოიტოვა. ინიესტამ კასილიასის შემდეგ ყველაზე მეტი ხმა მიიღო - 94,4%, ჩავიმ - 72%, ბუსკეტსმა - 59%. თომას მიულერმა გამოკითხვაში რობენი და მესი ჩამოიტოვა.

დიეგო ფორლანმა ხმების 88% მიიღო და აჯობა კლოზეს და ტევესს, დავიდ ვილიამ კი 92,6%-ით იმარჯვა, "ელ გუახემ" ლუის სუარესსა და ასამოა გიანს გადაუსწრო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული