ბრაზილია 2014. ევროპა და სამხრეთ ამერიკა. შესარჩევი ეტაპი II ტურის წინ

AutoSharing Option
11 სექტემბერს ევროპის მრავალ ქვეყანაში მუნდიალის შესარჩევი მატჩები გაიმართება.

ბუნებრივია, საქართველოში ყველა ესპანელებთან მომავალ მატჩზე ფიქრობს, თუმცა არც სხვა ბატალიებია უინტერესო.

ჩვენი ჯგუფის გარდა, "ბებერ კონტინენტზე" 22 დაპირისპირებაა. თქმა არ უნდა, დღის უმთავრესი მატჩი "უემბლიზე" გაიმართება, სადაც როი ჰოჯსონის ინგლისი ოლეგ ბლოხინის უკრაინას უმასპინძლებს.

ინგლისელებმა მოლდოვა ტრიუმფით მოიარეს, 5:0 აჯობეს სუსტ მეტოქეს, ხოლო სლავებისთვის მუნდიალი მხოლოდ ახლა იწყება.

უკრაინული ოპტიმიზმი

თუ გახსოვთ, ივნისში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფში გადაეყარნენ და უეინ რუნის გოლით ინგლისელებმა იმარჯვეს. დონეცკური გაწბილებისთვის
ბლოხინის გუნდი შურისძიებას ლონდონში აპირებს. დიახ, არ მოგესმათ - მწვრთნელი ზე-ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"რა ნიუანსიც გინდათ გავიხსენოთ, სტატისტიკა, ტაქტიკა, ტექნიკა - ყველაფერში ვაჯობეთ მაშინ მეტოქეს, თანაც ძალიან ვაჯობეთ, მაგრამ მაინც 0:1 დავმარცხდით. უნდა მოგვეგო, რადგან ტოტალური უპირატესობა გვქონდა. მაგრამ რას გააწყობ, ხდება ხოლმე, ეს უკვე წარსულია, ახლო და მწარე, მაგრამ უკვე ჩავლილი ფაქტი.

ახლა ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას ვიწყებთ. საკვალიფიკაციო თამაშებს თავისი სტრატეგია და რიტმი აქვს, ჩვენ კი ამ მხრივ ცუდად გვაქვს საქმე - 2009 წლიდან საკვალიფიკაციო ბატალიებში მონაწილეობა არ მიგვიღია, გარკვეულწილად, გამოუცდელებიც კი ვართ ამ საქმეში", - აცხადებს ბლოხინი. მაშ, რისი იმედი აქვს წარსულში ცნობილ ფორვარდს? დიახ, სწორედ თავისი ნაკრების შეტევის ხაზის, რომელიც, მისი თქმით, გადახალისებულია: "სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც, თამაში სადღაც კი არ არის, არამედ "უემბლიზეა", სადაც სტუმრის მოპოვებული ნებისმიერი ქულა ბონუსია. ჩვენი გუნდი შეიცვალა, ახლა უკრაინა უფრო შემტევი გუნდია. ეს კი ბიჭებს სისხლში აქვთ. შეტევა და მხოლოდ შეტევა, მათ ვერ შევზღუდავ, თავისუფლება უნდა მივანიჭო".

მართლაც, უკრაინა განსხვავებული გუნდი უნდა იყოს. ანდრეი შევჩენკო, ოლექსანდრ შოვკოვსკი, ანდრეი ვორონინი აღარ არიან გუნდში, მათ საერთაშორისო კარიერა დაასრულეს; ხოლო ოლექსანდრ ალიევი და არტიომ მილევსკი თავად მწვრთნელმა აღარ ისურვა ნაკრებში.

ახლა ახლებისა და ახალგაზრდების დროა: იევჰენ კონოპლიანკას, იაროსლავ რაკიცკის, დენის გარმაშს ის ფეხბურთელები ამოუდგებიან მხარში, რომელთაც 2011 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშეს დანიაში.

"ასაკი არაფერია, ისინი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან; ზოგიერთს კი ნაკრების ლიდერობაც მოუწევს უახლოეს ხანებში", - ამბობს უკრაინელთა დამრიგებელი. ბლოხინის მთავარი სადარდებელი დაცვის ცენტრია, ტარას მიხალიკი და ოლექსანდრ კუჩერი ვერ ითამაშებენ.

მწვრთნელი მათ რაკიცკისა და იევჰენ ხაჩერიდის დუეტით ჩაანაცვლებს. "მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. ინგლისის დამარცხება ძნელია, მაგრამ განა უკრაინისაა ადვილი?" - კითხულობს ბლოხინი.

ტერის გარეშე

კიშინოვში ინგლისელებს ყველაზე ცუდი, რაც შეემთხვათ, ეს მატჩის ბოლოსკენ ჯონ ტერის ნატკენი კოჭია.

ამის გამო ცენტრალური მცველი "უემბლის" მატჩს დააკლდება, ხოლო ჰოჯსონი მის ნაცვლად გარი კეჰილს შეუწყვილებს ჯოლეონ ლესკოტს. სხვა მხრივ, მწვრთნელი ალბათ არ შეცლის "სამი ლომის" შემადგენლობას, რომელმაც მოლდოვას მასტერკლასი ჩაუტარა. სტივენ ჯერარდს სამი მატჩიღა რჩება "ცენტურიონთა" (ასიანთა კლუბი) სიაში მოხვედრამდე.

სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: ჰარტი - გ. ჯონსონი, კეჰილი, ლესკოტი, ბეინესი - ლემპარდი, ჯერარდი - მილნერი, კლევერლი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - დეფო.
უკრაინა: პიატოვი - ჰუსეინოვი, რაკიცკი, ხაჩერიდი, სელინი - ტიმოშჩუკი - იარმოლენკო, გარმაში, კონოპლიანკა - დევიჩი, ზოზულია.

პირველი გამარჯვებისთვის
იტალიის ნაკრები პირველ გამარჯვებას ელის, ბულგარული ფრის შემდეგ "სკუადრა აძურას" მარტივი ამოცანა აქვს შესასრულებელი - მეტოქე მალტაა.

"ჩვენ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. ჩემი ორწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ასეთი რამ იშვიათად ყოფილა, მეტოქემ თამაშით დაგვჩაგრა. ბურთი მეტად უნდა შეგვენარჩუნებინა, მეტი გვემოძრავა", - იხსენებს ჩეზარე პრანდელი.

გერმანელებს კი საწინააღმდეგო სიტუაცია აქვთ - პირველი ტური იოლი იყო, ფარერის კუნძულების ნაკრები ბუნდესგუნდმა ულაპარაკოდ დაამარცხა - 3:0. დღეს კი ვენაში ავსტრიასთან ძნელი მატჩი ელის იოაჰიმ ლიოვის გუნდს. ამავე ჯგუფში შვედეთი მასპინძლობს ყაზახეთის ნაკრებს.

ლუის ვან გაალმა უცნაური შემადგენლობით, მაგრამ დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა "ფორთოხლისფერებს" უნგრეთშიც დიდი ბრძოლა ელით. ვან გაალმა პირველი ტურის მერე ტრავმის გამო მეკარე ტიმ კრული და ნახევარმცველი ლეროი ფერი დაკარგა.

11 სექტემბერს, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო მატჩი გველის - ახალგაზრდული და ძალიან საინტერესო ბელგიის ნაკრები ხორვატიას მასპინძლობს...

A ჯგუფი
11 სექტემბერი
სერბეთი-უელსი 22:30
ბელგია-ხორვატია 22:45
შოტლანდია-მაკედონია 23:00

B ჯგუფი
11 სექტემბერი
ბულგარეთი-სომხეთი 22:00
იტალია-მალტა 22:45

C ჯგუფი
11 სექტემბერი
ავსტრია-გერმანია 22:30
შვედეთი-ყაზახეთი 22:30

D ჯგუფი
11 სექტემბერი
რუმინეთი-ანდორა 21:30
უნგრეთი-ჰოლანდია 22:30
თურქეთი-ესტონეთი 23:00

E ჯგუფი

11 სექტემბერი
ნორვეგია-სლოვენია 22:00
კვიპროსი-ისლანდია 22:00
შვეიცარია-ალბანეთი 22:30

F ჯგუფი

11 სექტემბერი
ისრაელი-რუსეთი 22:00
ჩრდ. ირლანდია-ლუქსემბურგი 22:45
პორტუგალია-აზერბაიჯანი 23:15

G ჯგუფი
11 სექტემბერი
სლოვაკეთი-ლიხტენშტეინი 22:15
საბერძნეთი-ლიტვა 22:45
ბოსნია-ლატვია 23:00

H ჯგუფი
11 სექტემბერი
სან მარინო-ჩერნოგორია 22:30
პოლონეთი-მოლდოვა 22:45
ინგლისი-უკრაინა 23:00

სამხრეთ ამერიკა
11 სექტემბერი
ჩილე-კოლუმბია 23:30
ურუგვაი-ეკვადორი 01:30
პარაგვაი-ვენესუელა 03:25
პერუ-არგენტინა 05:25

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული