მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ბრიტანელები ბალკანეთში

AutoSharing Option
26 მარტს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები გაიმართება.

ორი ბრიტანული ნაკრები ბალკანეთს ეწვევა, თუმცა ამ მატჩებს შორის სხვაობა ისეთივეა, როგორც ცასა და დედამიწას შორის - თუ A ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე მყოფი სერბეთი ბოლო პოზიციაზე მყოფ შოტლანდიას უმასპინძლებს, H ჯგუფში ლიდერების შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელმაც, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტოს.

გარდა ამ ორი შეხვედრისა, ევროპაში კიდევ არაერთი საინტერესო და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი მატჩი გველის...

A ჯგუფი
ბეილმა, შესაძლოა, ვერ ითამაშოს
A ჯგუფის ყველაზე საინტერესო მატჩი კარდიფში შედგება, სადაც სტუმრად
ერთ-ერთი ლიდერი, ხორვატიის ნაკრები ჩადის.

იგორ შტიმაცის შეგირდები ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან, რადგან რამდენიმე დღის წინ ყველაზე პრინციპული მეტოქე, სერბეთის ნაკრები დაამარცხეს.

დერბი მოიგო უელსმაც, რომელმაც შოტლანდიას სძლია. არადა, კრის კოულმენის შეგირდები თავიდან მარცხდებოდნენ, მაგრამ აარონ რემსის და ჰალ რობსონ-კანუს მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, უელსელებმა გლაზგოდან სამი ქულა წამოიღეს.

ხორვატიასთან საეჭვოა გარეთ ბეილის თამაში და თუ "ტოტენჰემის" ლიდერი მოედანზე ვერ გავა, მასპინძლების შანსები ძალიან შემცირდება.

ბეილს შოტლანდიასთანაც არ უნდა ეთამაშა, მაგრამ ის მოედანზე მაინც გავიდა, თუმცა კოულმენმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, რადგან 23 წლის ფეხბურთელს ტრავმა გაუმიზეზდა. უელსის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის საკითხი თამაშამდე გადაწყდება.

სამაგიეროდ, აქედანვე ცნობილია, რომ მასპინძლებს აარონ რემსი არ ეყოლებათ - "არსენალის" ნახევარმცველი სკოტებთან შეხვედრის ბოლო წამებზე გააძევეს.

ბელგიამ და მაკედონიამ რამდენიმე დღის წინ სკოპიეში ითამაშეს, ახლა კი ეს გუნდები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან.

მაკედონიაში სტუმრებმა 2:0 იმარჯვეს და წესით, სამი ქულა ამჯერადაც განსაკუთრებული პრობლემის გარეშე უნდა აიღონ. ამ ჯგუფში პირველი ადგილისთვის სწორედ ბელგია და ხორვატია იბრძვიან და ამ ორი გუნდისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ამ ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა 11 ოქტომბერს გაიმართება, როდესაც ორი ლიდერი ერთმანეთს ხორვატიაში შეხვდება. იქამდე ხორვატთა და ბელგიელთა მთავარი მიზანი ქულათა მაქსიმუმის მოგროვებაა.

26 მარტი
სერბეთი-შოტლანდია 23:30
ბელგია-მაკედონია 23:45
უელსი-ხორვატია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 5 4 1 0 10-1 13
2. ხორვატია 5 4 1 0 8-2 13
3. უელსი 5 2 0 3 5-12 6
4. მაკედონია 5 1 1 3 3-6 4
5. სერბეთი 5 1 1 3 6-7 4
6. შოტლანდია 5 0 2 3 3-7 2

B ჯგუფი
ორი ექვსქულიანი მატჩი
იტალიის ნაკრები მალტას სტუმრობს. ხუთშაბათს აპენინელებმა ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში არ წააგეს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩნენ. ამჯერად ჩეზარე პრანდელის გუნდის მეტოქე გაცილებით სუსტი გუნდია, რომელთანაც იტალიას აქამდე ხუთი მატჩი გაუმართავს და რა გასაკვირია, რომ ხუთივე მოგებული აქვს.

ამ ჯგუფის დარჩენილი ორი მატჩი უფრო დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ერთმანეთს კონკურენტები ხვდებიან. ორივე შეხვედრა ე.წ. 6-ქულიანი მატჩია და მათ საბოლოო შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

დაუმარცხებელი ბულგარელები, ვინც პარასკევს მალტას 6:0 მოუგეს, დანიას ესტუმრებიან, რომელმაც თავის მხრივ, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩეხეთში მოიგო (3:0). აღსანიშნავია, რომ სლავებს სკანდინავიელები ბოლოს 1979 წელს ჰყავთ დამარცხებული და იქიდან მოყოლებული, გამართულ 7 შეხვედრაში 3-ჯერ დანიამ იმარჯვა, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ერევანს დანიასთან შერცხვენილი ჩეხეთი ეწვევა და ხასიათის გამოკეთებას ეცდება. თავის მხრივ, სომხეთისთვის ეს მატჩი, პრაქტიკულად, ბოლო შანსია - ზედიზედ განცდილი ორი მარცხის შემდეგ (ბულგარეთში და იტალიასთან). ვარდან მინასიანის შეგირდები ვალდებულნი არიან, მოიგონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება არარეალური გახდება.

26 მარტი
სომხეთი-ჩეხეთი 20:00
დანია-ბულგარეთი 23:15
მალტა-იტალია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 4 3 1 0 10-4 10
2. ბულგარეთი 5 2 3 0 10-3 9
3. დანია 4 1 2 1 5-4 5
4. ჩეხეთი 4 1 2 1 3-4 5
5. სომხეთი 3 1 0 2 2-4 3
6. მალტა 4 0 0 4 1-12 0

C ჯგუფი
კონკურენტების ჯახი დუბლინში
დუბლინში ირლანდია ავსტრიას უმასპინძლებს. ორივე გუნდს 7 ქულა აქვს და მეორე ადგილისთვის იბრძვის. მათი კონკურენტი შვედეთის ნაკრები ამ დღეს ისვენებს. ასე რომ, თუ რომელიმე გუნდმა მოიგო, ის დროებით მეორე ადგილზე გადავა.

ჯოვანი ტრაპატონის
გუნდმა შვედეთში ქულა მოიპოვა, რაც დადებით შედეგად უნდა შევაფასოთ. ავსტრიელებმა კი კუნძულელები გაანადგურეს (6:0) და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს. ფარერებთან დუბლის შემსრულებელმა ფილიპ ჰოსინერმა შესაძლოა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლოს და ძირითადში ადგილი ანდრეას ვაიმანს დაუთმოს, რომელიც "ასტონ ვილაში" საკმაოდ კარგად ასპარეზობს.

მასპინძლებს არ ეყოლებათ რობი კინი, რომელმაც ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მას კევინ დოილი შეცვლის, რომელიც ტრაპმა სასწრაფო წესით გამოიძახა.

საინტერესოა, რომ ავსტრიამ ირლანდიას ბოლო 4 თამაში მოუგო, უკანასკნელად კი კუნძულელებთან 1963 წელს, დუბლინში წააგო (3:2). ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენაში შეხვდნენ და ის მატჩი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთ თრიქი პერეტ შტიოგერმა შეასრულა, ირლანდიელთაგან კი ერთადერთი გოლი ლეგენდარულმა პოლ მაკგრათმა გაიტანა.

გერმანიის ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს და მორიგ გამარჯვებას მოიპოვებს. ბუნდესნაკრებს ბასტიან შვაინშტაიგერი და იულიან დრაქსლერი დააკლდება, მაგრამ იოახიმ ლიოვის გუნდს ამის გამო პრობლემები არ უნდა შეექმნას.

ყაზახებზე კი სათქმელი ბევრი არაფერია. აზიელების მიზანი რაც შეიძლება ნაკლები გოლის გაშვება იქნება. შეგახსენებთ, რომ პარასკევს ასტანაში გერმანიამ 3:0 მოიგო.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს გუნდები ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფშიც ერთად იყვნენ და მაშინაც გერმანიამ ასტანაში 3:0 მოიგო, შინ კი 4:0 იმარჯვა.

26 მარტი
გერმანია-ყაზახეთი 23:45
ირლანდია-ავსტრია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 5 4 1 0 18-6 13
2. შვედეთი 4 2 2 0 8-5 8
3. ავსტრია 4 2 1 1 11-2 7
4. ირლანდია 4 2 1 1 7-8 7
5. ყაზახეთი 5 0 1 4 1-11 1
6. ფარერები 4 0 0 4 2-15 0

D ჯგუფი
ჰოლანდია სრული სვლით

12 მატჩი: 1 მოგება, 3 ფრე და 8 წაგება - ასეთია რუმინეთის სტატისტიკა ჰოლანდიის ნაკრებთან შეხვედრებში და საეჭვოა, იმ ერთ მოგებას, რომელიც ვლახებმა 2007 წელს მოიპოვეს, ახლა მეორე მიამატონ.

ჰოლანდიის ნაკრები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და იმ ორ ნაკრებში შედის (მეორე რუსეთია), რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს.

ლუის ვან გაალს ესტონეთთან თამაშის შემდეგ უესლი სნეიდერი გამოაკლდა. "ორანიეს" რიგებში სხვა დანაკლისი არ არის. წესით, ძირითადში უნდა იყოს რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომლისთვისაც ეს თამაში ნაკრებში 105-ე იქნება. ასევე მოსალოდნელია, რომ კარში კვლავ კენეტ ვერმეერი იდგება.

რუმინელებს კი ჩიპრიან მარიკა (ტრავმა) და დორინ გოიანი გამოაკლდათ - ამ უკანასკნელმა უნგრეთთან ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

სხვათა შორის, სწორედ გოიანია ის ფეხბურთელი, ვინც ერთადერთი გოლი გაიტანა იმ შეხვედრაში, რომელიც 2007 წელს რუმინეთმა ჰოლანდიას მოუგო.

ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს სტამბულში, სადაც სტუმრად უნგრელები ჩადიან. პარასკევს მადიარებმა რუმინეთთან ფრედ (2:2) ითამაშეს, რამაც თურქთა წისქვილზე დაასხა წყალი. აბდულა ავჩის შეგირდებმა ანდორას მოუგეს, შესარჩევ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს და მეორე ადგილის დაკავების შანსი გაიჩინეს.

თუ თურქები მოიგებენ, ხოლო რუმინეთი ჰოლანდიაში დამარცხდება (რაც სავსებით რეალურია), 2002 წლის მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორები კონკურენტებს 1 ქულამდე მიუახლოვდებიან.

26 მარტი
ესტონეთი-ანდორა 21:00
თურქეთი-უნგრეთი 22:30
ჰოლანდია-რუმინეთი 23:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 5 5 0 0 16-2 15
2. უნგრეთი 5 3 1 1 12-7 10
3. რუმინეთი 5 3 1 1 10-6 10
4. თურქეთი 5 2 0 3 6-6 6
5. ესტონეთი 5 1 0 4 1-9 3
6. ანდორა 5 0 0 5 0-15 0

F ჯგუფი
რონალდოს გარეშე
პორტუგალიის ნაკრებს, რომელსაც საქმეები ძალიან ცუდად მისდის, აზერბაიჯანში ლიდერი და კაპიტანი კრიშტიანო რონალდო არ ეყოლება. გარდა ამისა, საეჭვოა ფაბიო კოენტრაოს თამაში, რომელმაც ისრაელთან შეხვედრაში ანგარიში ბოლო წამებზე გაათანაბრა (3:3).

პორტუგალიამ ბოლო თამაში 2012 წლის სექტემბერში მოიგო და მაშინ პირინეელებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს (3:0). მას შემდეგ პაულო ბენტუს გუნდმა 5 თამაში ჩაატარა (ოფიციალური და ამხანაგური), 3 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

თუ სტუმრებმა ბაქოშიც ვერ მოიგეს, ალბათ არავის გაუკვირდება, თუ შემდეგ შეხვედრაში მოედანზე ნაკრებს ბენტუს ნაცვლად სხვა მწვრთნელი გამოიყვანს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელი, რომელმაც პარასკევს 3 ქულა ძალიან დასანან ვითარებაში გაუშვა ხელიდან, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ეთამაშება, რომელსაც მართალია, ჯერ მოგება არ აქვს, მაგრამ წაგებითაც მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს წაგებული.

ირლანდიელები დასვენებულნი არიან, რადგან მათი თამაში რუსეთთან, რომელიც ჯერ პარასკევს, შემდეგ კი შაბათს უნდა გამართულიყო, უამინდობის გამო გადაიდო.

რუსეთი დღეს არ თამაშობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუნდი პირველ პოზიციას მაინც შეინარჩუნებს. უკვე ვთქვით, რომ ევროპაში ქულადაუკარგავი სულ ორი გუნდია და რუსეთი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა სლავების შედეგი ჰოლანდიის შედეგს იმით სჯობს, რომ ფაბიო კაპელოს გუნდს ჯერ გოლიც კი არ გაუშვია!

26 მარტი
აზერბაიჯანი-პორტუგალია 21:00
ჩრდ. ირლანდია-ისრაელი 23:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 4 4 0 0 8-0 12
2. ისრაელი 5 2 2 1 13-8 8
3. პორტუგალია 5 2 2 1 9-6 8
4. ჩრდ. ირლანდია 4 0 3 1 3-5 3
5. აზერბაიჯანი 5 0 3 2 2-6 3
6. ლუქსემბურგი 5 0 2 3 2-12 2

H ჯგუფი
პირველი პოზიციისთვის
სათამაშო დღის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი პოდგორიცაში გაიმართება - ჩერნოგორიაში სტუმრად ინგლისის ნაკრებია ჩასული. ჩახედეთ ცხრილს და ამ მატჩის მნიშვნელობა გასაგები იქნება.

მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, ჩერნოგორიის ნაკრებმა უკვე სერიოზულ წარმატებას მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნის გუნდს დებიუტი 2010 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა, სადაც ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა და ისტორიაში პირველი ოფიციალური გამარჯვებაც, რა თქმა უნდა, სწორედ ჩვენს ნაკრებთან მოიპოვა.

ის შესარჩევი ბალკანელებმა საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დაასრულეს და ჯგუფში მხოლოდ (რა თქმა უნდა) საქართველოს გაასწრეს. აი, მომდევნო შესარჩევი (ევრო 2012) კი რადიკალურად განსხვავებული იყო - ჩერნოგორიელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში თამაშის უფლებაც მიიღეს, სადაც ორი მატჩის ჯამში ჩეხეთთან დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩერნოგორიელებს მას შემდეგ არ წაუგიათ (სულ 8 შეხვედრა).

ინგლისი და ჩერნოგორია წინა შესარჩევშიც ერთად იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელებმა ბალკანელებს საბოლოოდ 6 ქულით გაუსწრეს, ურთიერთშეხვედრებში მონტენეგროელთა დამარცხება ვერ შეძლეს - "უემბლიზე" გამართული მატჩი 0:0 დასრულდა, პოდგორიცაში კი - 2:2.

შეგახსენებთ, რომ სწორედ იმ შეხვედრაში მიიღო წითელი ბარათი უეინ რუნიმ, რის გამოც ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე საწყისი ორი მატჩის გამოტოვება მოუწია.

ბრანკო ბრნოვიჩის გუნდმა პარასკევს მოლდოვაში მოიგო (1:0), არადა, სტუმრები 61-ე წუთიდან მოყოლებული, მოედანზე 10 კაცით იყვნენ (არბიტრმა პეკოვიჩი გააძევა). ინგლისმა კი სან მარინო გაანადგურა (8:0) და მძიმე ბრძოლის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

უკრაინა და პოლონეთი, რომლებიც პარასკევს ერთმანეთს შეხვდნენ (უკრაინამ სტუმრად 3:1 მოიგო), ამ ტურში შინ თამაშობენ და ალბათ, სამ ქულასაც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე აიღებენ. სლავებს, სხვა გუნდებთან შედარებით, თითო მატჩი აქვთ თადარიგში. შესაბამისად, მათი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.

26 მარტი
უკრაინა-მოლდოვა 23:00
პოლონეთი-სან მარინო 23:45
ჩერნოგორია-ინგლისი 00:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩერნოგორია 5 4 1 0 13-2 13
2. ინგლისი 5 3 2 0 20-2 11
3. უკრაინა 4 1 2 1 4-3 5
4. პოლონეთი 4 1 2 1 6-6 5
5. მოლდოვა 5 1 1 3 2-8 4
6. სან მარინო 5 0 0 5 0-24 0

ბომბარდირები: 7 - ჯეკო (ბოსნია); 6 - ჰემედი (ისრაელი); 5 - იბიშევიჩი (ბოსნია), იოზილი (გერმანია); 4 - დელიბაშიჩი (ჩერნოგორია), ლამპარდი (ინგლისი), ელდერ პოშტიგა (პორტუგალია), მისიმოვიჩი (ბოსნია), რუნი (ინგლისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი VS ესპანეთი - ვისთვის დაგრძელდება გზა ბრაზილიისკენ?
მუნდიალი 2014. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა: კრიშტიანო რონალდოს გარეშე? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული