საფრანგეთი-ესპანეთი 0:1 - "ფურია როხას" დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
სტუმრად ფინეთთან, შინ ბელორუსსა და საქართველოსთან - ასეთია ესპანეთის ნაკრების დარჩენილი ოფიციალური მატჩების განრიგი და თუ ეს შეხვედრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა უდანაკარგოდ განვლეს, ბრაზილიურ მუნდიალზე პლეი ოფის გარეშე მოხვდებიან.

"სტად დე ფრანსზე" გამარჯვებით "ფურია როხამ" გასულ პარასკევს შინ ფინეთთან სენსაციურად დაკარგული ქულების კომპენსირება შეძლო. ფრანგებს ფრეც აძლევდათ ხელს და სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "სამფეროვნებს" მეტოქისთვის ტოლი არ დაუდიათ და სახიფათო მომენტებიც სტუმრებზე არანაკლებად შექმნეს.

მატჩის დებიუტში ესპანელთა დაწინაურება ჩავის შეეძლო, რომელმაც მიზანს ოდნავ ააცილა. ამის შემდეგ იყო სადავო
ეპიზოდი, როცა მასპინძელთა მეკარე უგო ლორისთან ბრძოლაში პედრო დაეცა - ჰგავდა პენალტს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნგრელ რეფერი ვიქტორ კაშაის ლორისის გაძევებაც მოუწევდა და ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმისგან მან თავი შეიკავა.

პირველი ტაიმის მიწურულს ვიქტორ ვალდესთან პირისპირ ფრანკ რიბერი გავიდა, მაგრამ "ბარსელონას" გოლკიპერმა ფრანგთა ლიდერს დუელი მოუგო.

პედრომ გამარჯვების გოლი ახლო მანძილიდან, ნაჩო მონრეალის გადაცემით გაიტანა.

პოლ პოგბას
მიერ ერთ წუთში მიღებულმა ორმა ყვითელმა ბარათმა მასპინძელთა შანსები თითქოს მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ 86-ე წუთზე ვალდესს მაინც მოუწია ნამდვილი გმირობის ჩადენა - პატრის ევრას მიერ ორიოდე მეტრიდან შესრულებული თავური დარტყმა სასწაულებრივი რეაქციით მოიგერია.

ეს იყო და ეს - ესპანეთმა დაგეგმილ პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ფრანგებმაც მეტად ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს, რომლითაც პლეი ოფში მოხვედრის შემთხვევაში, წარმატების სოლიდური შანსი ექნებათ.

მსოფლიოს ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო რაუნდი. ევროპა. I ჯგუფი
საფრანგეთი-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 პედრო (58)
საფრანგეთი: ლორისი - ჟალე (90. ჟირუ), ვარანი, კოშიელნი, ევრა - კაბაიე (70. მენეზი), პოგბა, მატუიდი - ვალბუენა, რიბერი - ბენზემა (82. სისოკო)
ესპანეთი: ვალდესი - არბელოა, პიკე, რამოსი, არბელოა - ბუსკეტსი, ხაბი ალონსო - პედრო (76. ფაბრეგასი), ჩავი, ინიესტა (90. მატა) - ვილია (61. ნავასი)
გაძევება: პოგბა (78)

VideoSportall.Ge
26.03.13. საფრანგეთი - ესპანეთი 0:1


კომენტარები:
ვისენტე დელ ბოსკე: ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ესპანეთის ნაკრებმა თამაშის სტილი შეცვალოს
დიდიე დეშამი: ესპანეთი ისევ ის ესპანეთია, მაგრამ ნერვები კი დავაწყვიტეთ
ქარიმ ბენზემა: ალბათ დამეთანხმებით, ესპანეთთან წაგებას არ ვიმსახურებდით

სატურნირო ცხრილი
1. ესპანეთი 5 3 2 0 8-2 11
2. საფრანგეთი 5 3 1 1 8-4 10
3. საქართველო 5 1 1 3 3-7 4
4. ბელორუსი 4 1 0 3 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 2-3 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა!
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ კომენტარი დაიდო რომ საქართველომ საფრანგეთთან კარგად ითამაშა... კარგად ესპანეთმა ითამაშა, ფეხბურთზე ლექცია წაიკითხა მათ შორის ქართველებისთვისაც: ქეცბაიასთვის,ფეხბურთელებისთვის,გულშემატკივრებისთვის.
hunter
20:44 27-03-2013
0

სიახლეები პოპულარული