ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მუნდიალი ჩვენ უფრო გვეკუთვნის

AutoSharing Option
ევროზონაში 2014 წლის მუნდიალის პლეი ოფების ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება, შვედეთი-პორტუგალიაა. სამწუხაროდ, ფორტუნამ ისე ინება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი დიდი ფეხბურთელიდან ერთ-ერთს ვერ ვიხილავთ - კრიშტიანო რონალდოს ან ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი აქვს და გამონაკლისი არც იბრაა, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრაზილიაში გამგზავრებას მისი ნაკრები უფრო იმსახურებს.

"პორტუგალიას ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და წყვილში, ალბათ, ფავორიტია. თუმცა მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ჩვენ უფრო გვეკუთვნის, რადგან იმ ჯგუფში გავედით მეორე ადგილზე, რომელშიც გერმანია გვყავდა მეტოქედ" - თქვა ზლატანმა.

სხვათა
შორის, იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ ამ ზაფხულს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ სად გაგრძელდებოდა მისი კარიერა და პსჟ-იდან წასვლაზეც ფიქრობდა, თუმცა იგი დედაქალაქური გუნდის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის ტკბილი სიტყვით მოუთაფლავს.

"პსჟ სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს და ძლიერდება. ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრება არ არის - პრესაც დიდ პატივს გვცემს, როგორც გუნდს, ასევე ინდივიდუალურად ფეხბურთელებს. ზაფხულში ნამდვილად არ ვიცოდი, სად გაგრძელდებოდა ჩემი კარიერა.

ისე ხდება ხოლმე, რომ როდესაც რამეს დავგეგმავ, სინამდვილეში ყველაფერი უკუღმა გამოდის. სეზონის დაწყებამდეც გაურკვევლობა იყო. თუმცა პრეზიდენტი მესაუბრა და მითხრა, რომ მე ამ პროექტის მთავარი ფიგურა ვარ და შემიძლია, კლუბის მრავალწლიანი ოცნებები ავასრულო. როდესაც ასეთ სიტყვებს ისმენ... შევთანხმდით, რომ პსჟ-ში კიდევ ერთი წელი მაინც დავრჩებოდი და ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიდის.

საფრანგეთის ჩემპიონატს პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც "მილანიდან" აქ გადმოვდიოდი, ლიგა ერთს კარგად არ ვიცნობდი. ამიტომ საკუთარ თავს ბევრ კითხვას ვუსვამდი - რამდენად ძლიერ ჩემპიონატში გადავდივარ?  როგორ აისახება ეს ჩემს კარიერაზე? - გარკვეულ რისკზე მივდიოდი, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ მომავალი "პარი სენ-ჟერმენისაა"
- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

დაბოლოს, იბრამ თავის "ტვიტერზე" გვახარა, რომ ბევრისათვის საყვარელი "იქსბოქსის", კერძოდ კი, Xbox One-ის ელჩი გახდა საფრანგეთში. ახალი პროდუქტის გაყიდვა 22 ნოემბრიდან დაიწყება.

"მე გავხდი Xbox One-ის პირველი და ერთადერთი ელჩი" - ვკითხულობთ 32 წლის თავდამსხმელის "ტვიტერზე", რომელსაც პსჟ-ში გამართულ 64 მატჩში უკვე 50 გოლი მოუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მუნდიალზე წასვლას შვედეთი უფრო იმსახურებს, ვიდრე პორტუგალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული