რაგბი

6 ერი

ექვსი ერი. II ტური: "იტალია არაფრის მაქნისია, მივცეთ შანსი საქართველოს..."

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშებაში მეორე ტურის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიამ დიდი ანგარიშით სძლია სტუმრად იტალიას. ინგლისი ისევ განაგრძობს წაუგებელ სერიას. პირველი მატჩი მოიგო საფრანგეთმა.

"სამყურები" იტალიაში რომ აუცილებლად მოიგებდნენ, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, თუმცა, 53-ქულიანი სხვაობით მათ გამარჯვებას ძნელად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებდა. ირლანდიის ნაკრებმა "სტადიო ოლიმპიკოზე" მასპინძლებს ცხრა ლელო გაუტანა და 63:10 მოუგო.

თამაში ახალი დასრულებული იყო, როცა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ფრანგმა არბიტრმა რომენ პუატმა დაწერა -"იტალია არაფრის მაქნისია. მოდი, მივცეთ შანსი,
ითამაშოს საქართველომ ექვს ერზე მომავალ სეზონში.

პუატის აზრს ბევრი სპეციალისტი თუ უცხოელი ჟურნალისტი იზიარებს. დარწმუნებულნი ვართ, ამ კვირაში ბრიტანული პრესა ისევ ექვსი ერის გაფართოებაზე აჟრიამულდება. ეს ძალიან კარგია. თუნდაც წყლის წვეთის პრინციპით, კედელი უნდა დავანგრიოთ და "ბორჯღალოსნებს" განვითარების საშუალება უნდა მიეცეს.

უმძიმესი გამოდგა მატჩი კარდიფში, სტადიონ "პრინციპალეზე", როგორც ახლა ყოფილ მილენიუმს ჰქვია, უელსის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს ფიცხელი ბრძოლა გაუმართა. 76-ე წუთისთვის 16:14 იგებდა კიდეც, მაგრამ "პომების" კონტრშეტევა მარცხენა ფრთაზე გამოეპარათ და გარემარბმა ელიოტ დეილიმ გამარჯვების ლელო მიითვალა, რომელიც ოუენ ფარელმა გარდასახა - 21:16.

არანაკლებ დაძაბული იყო შეხვედრა პარიზში. "სკოტებმა" "სტად დე ფრანსზე" შეკრებილ მაყურებელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ აღმავლობის გზას ადგანან. "ლე ბლომ" გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით რვა წუთში მოიპოვა. ამ დროისთვის ანგარიში საყაიმო იყო - 16:16. ფრანგთა მგეზავმა კამილ ლოპესმა ორი საჯარიმო ზუსტად დაარტყა და საფრანგეთი ექვსი ერის პირველობისთვის ბრძოლაში დააბრუნა - 22:16.

ექვსი ერი. II ტური
უელსი-ინგლისი 16:21
უელსი: ლ - ლ. ვილიამსი. 3ს.გ - ჰალპფენი
ინგლისი: 2ლ - იანგზი, დეილი. 3ს,გ - ფარელი

იტალია-ირლანდია 10:63
იტალია: ლ - საჯარიმო. გ,ს - კანა
ირლანდია: 9ლ - გილროი (3), სტანდერი (3), ირლზი (2), რაინგროსი. 9გ - ჯექსონი

საფრანგეთი-შოტლანდია 22:16
საფრანგეთი: ლ - ფიკუ. 5ს,გ - ლოპესი
შოტლანდია: 2ლ - ჰოგი, სვინსონი. 2ს - რასელი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ინგლისი 2 2 0 0 +8 8 0
2. ირლანდია 2 1 0 1 +48 6 2
3. უელსი 2 1 0 1 +21 5 1
4. საფრანგეთი 2 1 0 1 +3 5 1
5. შოტლანდია 2 1 0 1 -1 5 1
6. იტალია 2 0 0 2 -79 0 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ