რაგბი

ეროვნული ნაკრები

ლევან მაისაშვილი: 1 თამაშის მოგებაც ბრწყინვალე რამ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო AFP-თან "ბორჯღალოსნების" შესახებ ისაუბრა.

"ტიერ 1-ის ქვეყნებთან წელიწადში მხოლოდ ორ შეხვედრას ვმართავთ და ჩვენი მთავარი პრობლემაც ეს არის. მეტი შანსი რომ გვქონოდა, იმ დონემდე მივაღწევდით, რაც "6 ერში" თამაშისთვის არის საჭირო.

ამ ტურნირზე (8 ერი) კი ჩვენზე ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და საქართველოს ნაკრებისთვის ბრწყინვალე შანსი იქნება მეტოქეთა გამოცდილების გასაზიარებლად.

თუ 1 თამაშს მაინც მოვიგებთ, რასაკვირველია, ეს ბრწყინვალე იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი საკუთარი საუკეთესო მხარის წარმოჩენა და რაც შეიძლება
მეტი გამოცდილების მიღებაა.

მამუკა (გორგოძე) ძალიან გვაკლია. ეჭვგარეშეა, ის ნაკრებისთვის უდიდესი დანაკარგია, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა.

ჩვენ თაობათა ცვლის პროცესში ვართ. ძალიან ბევრი გამოცდილი მოთამაშე წავიდა, თუმცა ასევე ძალიან ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდები მოდიან.

ეროვნული ჩემპიონატის შეფერხება საქართველოს ნაკრებისთვის ნეგატიური ფაქტორია. ჩვენთან სეზონი 7 ოქტომბერს იწყება. 1 მატჩის ჩატარებას მოვასწრებთ, თუმცა კვირაში 2-3 სრული კონტაქტური სავარჯიშო სესია გვექნება.

მილტონ ჰეიგისა და ყველა ჩემი წინამორბედის ჩანაცვლება, ქართული რაგბის ტრადიციების გაგრძელება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრები "8 ერის" მატჩების წინ, 23 ოქტომბერს შოტლანდიასთან გახურდება და 13 ნოემბერს კი ინგლისს "თვიქენჰემზე" შეეჯახება.