ლევან მაისაშვილი: იოლ ჯგუფს არც ველოდით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 2021/22 წლების რაგბი ევროპის ჯამური ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, საქართველო საფრანგეთში ევროპა 1-ის სტატუსით „გ“ (Pool C) ჯგუფში უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და გლობალური საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან ითამაშებს. თუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან საფრანგეთის საგზური ურუგვაიმ მიიღო, რისი ალბათობაც დიდია, ზუსტად ისეთივე ჯგუფში ვიქნებით, როგორშიც 2019 წელს, იაპონიაში ვიყავით.

"განთესვიდან გამომდინარე, იოლ ჯგუფს არც ველოდით. ლოგიკურად, "გ" ჯგუფში უნდა მოვხვდეთ და ფაქტობრივად, იმავე გუნდებთან მოგვიწევს თამაში, რომლებსაც იაპონიაში ვეთამაშეთ,
თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სხვა ჯგუფი უკეთესი იქნებოდა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მივლენ გუნდები მსოფლიო თასამდე. უელსი და ავსტრალია, ფაქტობრივად, ახალ გუნდს აშენებენ. არავინ იცის, როგორი იქნება ფიჯი 2023 წლისთვის", - განაცხადა მაისაშვილმა.

მისი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ მივა თავად საქართველო 2023 წლამდე:

"ამ ეტაპზე რამის თქმა ძალიან ძნელია. არ ვიცით, რა იქნება მომავალში, ჩავატარებთ უკეთეს თამაშებს თუ ტიერ 1-ის გუნდებთან წლის განმავლობაში კვლავ ერთი-ორი თამაში გვექნება. როგორ წარიმართება ფრანჩაიზთან დაკავშირებული სიტუაცია".

მეათედ 200 წლის თავზე!

2023 წელს საფრანგეთში გასამართი ტურნირი მეათე, საიუბილეო მსოფლიო თასი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს რაგბის დაბადებიდან 200 წელი უსრულდება და ტურნირიც ორმაგად საიუბილეო იქნება.

მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოხარულია რაგბის უდიდესი ფორუმის მასპინძლობით და აღნიშნა:

"თუ გადავხედავთ მსოფლიო თასების ისტორიას, საფრანგეთი 12 წელიწადში ერთხელ ფინალში თამაშობს. 2023 წელს სწორედ 12 წელი სრულდება, რაც ბოლოს ფინალში ვითამაშეთ და ვიმედოვნებ, რომ ამჯერად გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩება".

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი დარწმუნებულია, რომ პანდემიის შემდეგ რაგბის ქომაგი ტრანსფორმირებულ მსოფლიო თასს მიიღებს:

"სპორტმა და ფიზიკურმა აქტივობამ, პანდემიის პერიოდში, ადამიანების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ყოფაზე დიდი ზეგავლენა იქონია. სპორტი ერებს აერთიანებს და 2023 წლის მსოფლიო თასი ამ კუთხით დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ, რომ ყველა ტურნირი იყოს ზეიმი და დარწმუნებული ვარ, დღეს რაგბის უამრავი ქომაგისთვის შობა ნაადრევად დადგა. 2023 წლის მსოფლიო თასამდე სამ წელიწადზე ნაკლები რჩება და მიუხედავად პანდემიისა, მისთვის მზადება ახლაც გრძელდება".

სხვა ჯგუფები

თეორიულად, საქართველომ 2021/22 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეორე ადგილზე რომ დაასრულოს და გახდეს ევროპა 2 - ამ შემთხვევაშიც "ბ" (Pool B) ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და აზია-წყნარი ოკეანის პლეი-ოფის გამარჯვებულთან ითამაშებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპა 3 საკონტინენტთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვება და არაა გამორიცხული, "გ" ჯგუფში კიდევ ერთი ევროპული ნაკრები მოხვდეს.

კენჭისყრის შედეგად "ა" ჯგუფში ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1 და აფრიკა 1, ხოლო "დ" ჯგუფში ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი 1 და ამერიკა 2 ითამაშებენ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფიჯის ახალი და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. არ გამიკვირდება ჯგუფში პირველ ადგილზე რომ გავიდეს. მათ ვარსკვლავებს გუნდური თამაში და დისციპლინა თუ ასწავლა, ფიჯი ნამდვილ გრანდად იქცევა.
გიორგი
03:07 16-12-2020
0
ლევან შენ თუ იქნები მწვრთნელი მაშინ რა გვიჭირს მესამე ადგილზე მაინც გავალთ მინიმუმ.
1111
23:59 14-12-2020
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული