ორი ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდიასთან

AutoSharing Option
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი "სპრინბოქსი" ივლისში "ბორჯღალოსნებს" ორმატჩიან ტესტ-სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება.

ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე "ბოკეს" ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ 46:19 მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო თასზე პირველი ლელო (დავით დადუნაშვილი) გაიტანა!

2019 წლის 2 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ რანგში თავის პირველ მატჩს სწორედ საქართველოსთან გამართავს. "ბორჯღალოსნები" აფრიკას შარშან ზაფხულში უნდა სწვეოდა, მაგრამ მაშინ ეს თამაში კოვიდ-პანდემიამ
ჩაშალა. "ქურციკებს" საქართველოსთან რკენის წყურვილი არ განელებია და ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" ტურნემდე, მოსამზადებლად საქართველოსთან ორი ტესტ-მატჩი დაგეგმეს.

თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნები" 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავს და ბელგია-ნიდერლანდებს (29 მაისს გაირკვევა) შორის გამარჯვებულს უმასპინძლებს.

3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩების შემდეგ, შინ მობრუნებული "ბორჯღალოსნები" 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ზაფხულში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავს ტიერ1-ის ნაკრებებთან.

მეგობრობა სამხრეთ აფრიკასთან

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ასეთი მაღალი დონის ტესტები სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან მეგობრული ურთიერთობის შედეგია და ეს მეგობრობა გაგრძელდება:

"მათთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია! სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ ერთხელ, პირველ მსოფლიო თასზე, 2003 წელს გვაქვს ნათამაშები და ამ უდიდეს ფორუმზე პირველი ლელო სწორედ მათთან გავიტანეთ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, სამხრეთი აფრიკა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და საქართველოც განვითარდა".

"ვაფასებთ იმას, რომ სამხრეთ აფრიკასთან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. გარდა სანაკრებო მიმართულებისა, მათთან აქტიურად ვმუშაობთ ფრანჩაიზის კუთხით, რომელიც სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში უნდა ჩაერთოს. წლებია ჩვენს 20-წლამდელებს ეპატიჟებიან ძალიან მაღალი დონის ტურნირზე და ამ ყველაფრის ფონზე, სამხრეთი აფრიკა, როგორც სარაგბო ქვეყანა, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გამოდის ქართული რაგბის განვითარებაში".

"ასეთი მნიშვნელოვანი ტესტები, როგორიც წელს გვაქვს, საქართველოს ნაკრებს აქამდე არ ჰქონია. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გეპატიჟება და ფინალური მატჩის შემდეგ პირველ შეხვედრას შენთან ატარებს, თანაც - ორს."

"სამხრეთაფრიკული ტურნეს შემდეგ საქართველოში შოტლანდია გვეწვევა და ეს თამაში ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. შოტლანდია ტიერ 1-ის პირველი ქვეყანაა, რომელიც ერთხელ უკვე ეწვია საქართველოს და მეორედ ჩამოდის. ეს დასტურია იმის, რომ კმაყოფილები არიან იმ პირველი ვიზიტით, როგორც სპორტული, ასევე მასპინძლობის კუთხით. ეს ერთგვარი აღიარებაა იმ სარაგბო გარემოსი, რაც მათ საქართველოში დახვდათ. ასევე კარგი ნიშანი და სტიმულია სხვა ქვეყნებისთვის, რათა დაინახონ – საქართველო მზადაა უმასპინძლოს ტიერ 1-ის ქვეყნებს მაღალ დონეზე!"

"იმაში, რომ წელს ასეთი მაღალი დონის ტესტები მივიღეთ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო რაგბის, რომელიც ასრულებს დანაპირებს და ცდილობს პირველი და მეორე დონის ნაკრებები დააახლოოს. თუმცა სამხრეთ აფრიკასთან ტესტების შეთანხმება ჩვენი მეგობრობის ფარგლებში მოხდა და მსოფლიო რაგბიმ ისინი სიხარულით დაადასტურა".

კარგი შესაძლებლობა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ალავიძე მოლაპარაკების დეტალებს იხსენებს და ამ თამაშებს აფასებს, როგორც შესაძლებლობას ქვეყნის პოპულარიზაციისთვის:

"ძალიან დიდი მადლობა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს და მსოფლიო რაგბის ამ შესაძლებლობისთვის. არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები დავიწყეთ მსოფლიო რაგბისთან მაღალი დონის ტესტ-მატჩების მოსაპოვებლად. მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბიში გიორგი ნიჟარაძე".

"სამხრეთაფრიკელებმა ძალიან საინტერესო შეთავაზება გაგვიკეთეს. პანდემიის პირობებში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალური მატჩის შემდეგ პირველი შეხვედრის ჩატარება ჩვენთან ისურვა, რაც ძალიან დიდი პატივია! ესაა ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობა, როგორც სპორტული, ასევე სხვა უამრავი კუთხით. ორმატჩიანი სერია შემოგვთავაზეს და პრაქტიკულად, მაშინვე გადაწყდა, რომ ეს თამაშები შედგებოდა, თუმცა სამხრეთ აფრიკისა და მსოფლიო რაგბისგან იყო თხოვნა, რომ სანამ სრული კალენდარი არ შედგებოდა, ეს ინფორმაცია არ გაგვეჟღერებინა. გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიღებული იყო, თუმცა შეთანხმების პირობების დაცვა პირდაპირ აისახება ჩვენს რეპუტაციაზე და მას ვერ დავარღვევდით".

"ჩვენთან თამაშების შემდეგ სამხრეთი აფრიკა გამართავს სამმატჩიან ტესტ-მატჩების სერიას "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ფრანჩაიზია. მანამდე კი, მსოფლიოს ჩემპიონი ხანგრძლივი, იძულებითი პაუზის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფ საქართველოსთან ორ მატჩს გამართავს".

"გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ სარაგბო ერი, რა მიმართულებითაც გეგმაზომიერად ვმუშაობთ და ეს თამაშები ამ კუთხით იდეალურია. უმნიშვნელოვანესი ტესტებისთვის მთელი გუნდი ვემზადებით, რათა ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო არამხოლოდ სპორტული კუთხით. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის შესაძლებლობა, რადგან მთელი მსოფლიო მოწყურებული ელოდება მსოფლიო ჩემპიონის თამაშს და ამ თამაშში მათი მეტოქე საქართველო იქნება!"

ნიკა ალავიძე 17 ივლისს, საქართველოში შოტლანდიასთან ტესტ-მატჩს ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობად განიხილავს:

"მსოფლიოს ჩემპიონთან ორი თამაშის შემდეგ შოტლანდიას საქართველოში ვმასპინძლობთ, რაც ასევე უდიდესი მოვლენაა. დიდი ხანია გადაწყვეტილია, რომ ისინი საქართველოს ზაფხულში ეწვევიან და ვცდილობთ, მათი დელეგაცია მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იყოს. შოტლანდიასთან თამაში იქნება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული რაგბისთვის. ამავდროულად, გვსურს საქართველოს ტურისტული პოტენციალი კარგად წარმოვაჩინოთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და ტურიზმის განვითარებაში. შოტლანდიელები, პოტენციურად, ახალი საერთაშორისო ვიზიტორები არიან. გარდა ამისა, ამ თამაშის მიმართ საერთაშორისო მედიის მხრიდან დიდი ინტერესია".

შესაძლებლობა წინსვლისთვის

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებთან ზედიზედ სამ თამაშს წინსვლისთვის საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნევს:

"რაგბის კავშირმა ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და მოხარული ვარ, რომ 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებით. მანამდე გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ბელგიასთან ან ნიდერლანდებთან და მას გამოვიყენებთ ტურნესთვის მოსამზადებლად".

"ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ ორ ტესტს გვეთამაშება, დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა მათ დაფასებისთვის. მერე ვმასპინძლობთ შოტლანდიას და ზედიზედ ამდენი მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, "შემოდგომის ერთა თასის" შემდეგ ასეთი თამაშები არ გვქონდა, მაგრამ რაგბი ევროპის ჩემპიონატმა კიდევ უფრო წინ წაგვწია, განსაკუთრებით, შეტევის კუთხით! საინტერესო იქნება, ამ დონის მეტოქესთან როგორ შევძლებთ ამ ნამუშევრის გადატანას და როგორ გაუძლებს ჩვენი სისტემები ამ გამოწვევას".

სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნებს" ტრავმების გამო ზაფხულშიც არაერთი მორაგბე დააკლდება:

"ძალიან ძნელია იმის ვარაუდი, როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა ივლისის ტესტებისთვის. ტრავმიდან უკვე გამოვიდა გიორგი ცუცქირიძე და ის აუცილებლად გვეყოლება. ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი ამ პერიოდში რეაბილიტაციის დასრულებას ვერ ასწრებენ. ტრავმირებულია სოსო მათიაშვილი და ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მკურნალობა. გვაქვს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია: მიხეილ ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა და ამ ტესტებზე ვერ დაგვეხმარება. წინაა პლეი-ოფები დიდ 10-სა და საფრანგეთში. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად იყვნენ და იმ მომენტისთვის მაქსიმალურად უძლიერეს შემადგენლობას შევკრებთ".

"ბორჯღალოსნების" ის ნაწილი, რომელთა კლუბები სეზონს დაასრულებენ, ვარჯიშს 24 მაისიდან დაიწყებს და მათ ეტაპობრივად დაემატებიან მოთამაშეები. მათ დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ, 14 ივნისიდან კი გუნდი ზაფხულის მატჩებისთვის შეკრებაზე შევა.

აფრიკელები "ბორჯღალოსნებთან" მატჩზე

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დირექტორი (მაღალი მიღწევები) რასი ერასმუსი, რომელმაც 2019 წელს სამხრეთ აფრიკას მთავარი მწვრთნელის რანგში მსოფლიო თასი მოაგებინა, ამბობს, რომ "ბორჯღალოსნებთან" ორმატჩიანი სერია შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება გუნდისთვის, რათა სათანადოდ მოემზადოს "ბრიტანელ და ირლანდიელი ლომებთან" მატჩებისთვის:

"არაფერი შეედრება საერთაშორისო მატჩებს იმისათვის, რომ დახვეწო შენი უნარები, შეიქმნა მზაობა წნეხში გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხარულები ვართ, რომ "ლომებთან" თამაშის წინ ამის შესაძლებლობა საქართველოსთან გვექნება".

"ჟაკი (ნიენაბერი) და მისი სამწვრთნელო შტაბი დღედაღამ მუშაობს და ასე გააგრძელებს, რათა რაც შეიძლება კარგად მოამზადოს გუნდი საქართველოსთან გასამართი სერიისთვის. ეს არის ესოდენ საჭირო შესაძლებლობა კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ".

ნიენაბერი "სპრინგბოქსის" მთავარ მწვრთნელად შარშან დაინიშნა, თუმცა დებიუტი საქართველოსთან ექნება, რადგან პანდემიის გამო გუნდს 2019 წლის 2 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია:

"საქართველოსთან გასამართი ტესტების დადასტურებამ და გასულ კვირაში "ლომების" შემადგენლობის გამოცხადებამ ჩვენში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ეს აამაღლებს ჩვენი მოთამაშეების განწყობას და უფრო მონდომებულები გააგრძელებენ მზადებას ტესტ-რაგბიში (სანაკრებო მატჩები) დასაბრუნებლად".


Georgian Rugby



მკითხველის კომენტარები / 6 /
მსოფლიოს ჩემპიონისგან ასეთი მეგობრული დამოკიდებულებით ვერ ვისარგებლოთ და უმაღლესი დონის მწრთვნელი ვერ მოვიყვანოთ ნაკრების თავკაცად, მაგონებს იმ ძველ ანეკდოტს - "სამჯერ ნავი გამოგიგზავნე და მეტი რა მექნაო".
დიმა
15:53 12-05-2021
0
ჰოდა, თუ მეგობრები არიან, რასმუსენი გვათხოვონ ასე, 3-4 წლით :-)
გიორგი
20:56 10-05-2021
1

სიახლეები პოპულარული