რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" ერთ თვეში იწყებს

AutoSharing Option
2022 წლის პირველ მატჩამდე "ბორჯღალოსნებს" ზუსტად ერთი თვე დარჩა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 5 თებერვალს ორი თამაშით იხსნება – რუმინეთი რუსეთს ბუქარესტში მასპინძლობს, ესპანეთი კი ნიდერლანდებს მადრიდში დაუხვდება.

ტურის დასკვნით მატჩში, 6 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" პორტუგალიას „ავჭალაზე“ 15 საათზე მიიღებს და მისი მიჯრით მეათედ დამარცხებით საფრანგეთისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას ეცდება. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი შარშან მე-13-ედ მოპოვებული ტიტულის დაცვას იწყებს!

პირველი წრის (2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი) შემდეგ 2023 წლის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევ
ზონას საქართველო 23 ქულით ლიდერობს. 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 12 - ესპანეთს, 9 - რუსეთს და 0 - ნიდერლანდებს. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის საგზურს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები), ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფში ჩაერთვება.

წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხუთი თამაშიდან სამს "ბორჯღალოსნები" შინ გამართავს. პორტუგალიის გარდა, 27 თებერვალს „დინამო არენაზე“ რუსეთს დავუხვდებით, ხოლო 20 მარტს ესპანეთს „ავჭალაზე“ მივიღებთ. ორი თამაში გვაქვს სტუმრად – 12 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში და 12 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან.

Georgian rugby