მაისაშვილი: შორს აღარ არის დრო, როდესაც 10-ეულში დამკვიდრებისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
"წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატში თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით და ფაქტიც სახეზეა - პორტუგალიის ძალიან კარგ გუნდთან, ფინალში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და დამაჯერებელი ანგარიშით, 38:11 მოვიგეთ", - ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი 19 მარტს ბადახოსში გამართული მატჩის შესახებ და განაგრძობს:

"მნიშვნელობიდან გამომდინარე ფინალი ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როგორშიც ჩვენ მოგვიწია თამაში. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ფინალი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართა, რომელიც ლისაბონთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მადრიდთან და ესპანეთი გავიდოდა ფინალში თუ პორტუგალია, ის ფაქტობრივად საკუთარ მოედანზე
თამაშობდა.

ვისურვებდი, რომ ტურნირის და ფინალური მატჩის ორგანიზება უკეთესი ყოფილიყო. არ იყო ვიდეო-რეფერი, რაც ამ დონის ტურნირს არ ეკადრება და შედეგად ორი 100%-იანი ლელო გაგვიუქმდა. გვქონდა შეცდომებიც, რის გარეშეც თამაში არ არსებობს და 3-4 რეალური სალელოვე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მთლიანობაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. იგრძნობოდა დავალებების შესრულების სურვილი და შესაძლებლობა, რამაც შესაბამისი შედეგი მოიტანა.

დებიუტში მეტოქემ ჩვენი უყურადღებობით ისარგებლა და ლელოთი ანგარიში გახსნა, მაგრამ არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც არ ვდომინირებდით. შედეგად, წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გავზარდეთ, მოვიგეთ მე-100 შეხვედრა რაგბი ევროპაზე, მსოფლიო რეიტინგში ავინაცვლეთ მე-11 ადგილზე და შორს აღარ არის დრო, როდესაც 10-ეულში დამკვიდრებისთვის ვიბრძოლებთ.

საქართველო პორტუგალიას წელს კიდევ ერთხელ, საფრანგეთში გასამართ მსოფლიო თასზე 23 სექტემბერს, ტულუზში შეხვდება. მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალ შეხვედრაში საქართველო უპირობო ფავორიტი იქნება:

"თუ არ ჩავთვლით ზაფხულის მოსამზადებელ ტესტ-მატჩებს, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ბოლო აქტივობა იყო მსოფლიო თასამდე. პირველიდან ბოლო მატჩამდე სამწვრთნელო შტაბმა და მორაგბეებმა დიდი სამუშაო გავწიეთ და პროგრესიც თვალსაჩინოა. ფაქტი სახეზეა, პორტუგალიას, რომელიც მსოფლიო თასზე თამაშობს, დამაჯერებელი ანგარიშით მოვუგეთ. ფინალში მხოლოდ 9 ჯარიმა ავიღეთ, რაც კარგი მაჩვენებელია. მთლიანობაში, განვლილმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ თუ გვექნება თამაშის მართვა, პორტუგალია ვერცერთ კომპონენტში ვერ გვაჯობებს. ტულუზში ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

როდესაც წელიწადში სულ 11 თამაში გაქვს და მათგან 3-4 ისეთი, რომელიც არაფერში ჯდება, გუნდის შეთამაშება და პროგრესი ძალიან რთულია. ბოლო 4 წლის განმავლობაში გუნდში უამრავი დებიუტანტის შემოდინება მოხდა, მაგრამ თამაშების რეოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, შემადგენლობის ხშირი როტაციის ფუფუნება არ გვაქვს. ამ ფონზე ვცდილობთ "შავი ლომის" გაძლიერებას და მის კარგ ტურნირში ჩართვას, რათა მაღალი დონის თამაშების დეფიციტი მინიმუმამდე დავიყვანოთ".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები თქვენ სამწვრთნელო შტაბს.. წარმატებები ქართველ მორაგბეებს..საამაყონი ხართ
0
შეგვიშვან 6 ერში და სამ წელიწადში,ბოლო ადგილზე აღარ ვიქნებით.თუ მეშვიდე გუნდად დაგვიმატეს,მაშინ კიდევ უფრო ადრე.მწვრთნელმა,თავიდან გაგვიჭირდაო...თამაშში გვიან ვერთვებით და ძლიერ გუნდებთან,ბევრჯერ დაგვემართა ისე,რომ სანამ ჩვენ თამაშში ჩავერთეთ,უკვე წაგებული გვქონდა.რა თქმა უნდა,ეს უფრო წინა წლებში გვემართებოდა,ძალიან ძლიერ გუნდებთან,მაგრამ ახლაც იგრძნობა,ეს ჩვევა.9 ჯარიმა მატჩში,საკმაოდ ბევრი მგონია.ჩვენმა ნაკრებმა საგრძნობლად გადაასწრო,კლასით მეტოქეს და ამდენი დარღვევა,წესით არ უნდა დაგვეშვა.ცოტა მსაჯმაც მოგვიმატა,ჯარიმები,მაგრამ მაინც.კარგი ნაკრები გვყავს და თუ წინა მსოფლიოსავით,მზადებაში არ დავუშვით შეცდომები,ვფიქრობ,ძალიან კარგად გამოვალთ,მსოფლიოს თასზე.სწორედ ამას ვუსურვებ,ბორჯღალს
სოსო
21:09 24-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული