"ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე" ორი ქართველი იმსაჯებს

AutoSharing Option
"ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე" ორი ქართველი ცენტრალურ მსაჯად არის გამწესებული. ესენია: შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი, რომლებსაც დამხმარეებად ასევე ქართველი მსაჯები ეყოლებათ.

14 ოქტომბერს, იტალიაში, "ვიადანასა" და "ლისაბონის უნივერსიტეტის" შეხვედრაში ქართველი მსაჯთა ბრიგადის ევროდებიუტი შედგება. მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელია. მას საბა აბულაშვილი და ილია საჯაია დაეხმარებიან.

ამაშუკელს საერთაშორისო მატჩების განსჯის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მას 3 წელიწადია, სხვადასხვა დონის სანაკრებო ტურნირებზე იწვევენ და წელს გვერდით მსაჯად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც უმუშავია. სწორედ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შესთავაზა ალან როლანმა ევროპის
პროფესიულ საკლუბო რაგბის სამსაჯო განყოფილებას მისი და შოთა თევზაძის საკლუბო ევროტურნირებში მიწვევა.

21 ოქტომბერს, მეორე ტურში "კონტინენტის ფარის იტალიურ დერბის, "პადოვასა" და "როვიგოს" შორის შოთა თევზაძე განსჯის, რომელსაც სულხან ჩიხლაძე და თორნიკე გვირჯიშვილი დაეხმარებიან. ამაშუკელის მსგავსად, თევზაძეც 3 წელიწადია, საერთაშორისო სანაკრებო თამაშებს მსაჯობს.

გაირკვა იმ მთავარი მსაჯის ვინაობაც, რომელიც პირველ ორ ტურში "ბათუმის" თამაშებს განსჯის. ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ბელგიელი მაქსიმ ბიურლეა, რომელმაც 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატში" რუსთავში, საქართველოსა და გერმანიის შეხვედრა იმსაჯა.

ბიურლე 14 ოქტომბერს, იტალიაში "ბათუმისა" და "როვიგოს" დაპირისპირებას განსჯის. ერთი კვირის თავზე კი, ბათუმში გვეწვევა, სადაც სარაგბო კლუბი "ბათუმი" გერმანიის "ჰაიდელბერგს" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული