კონტინენტის ფარი: 12 იანვარს "ლოკომოტივი" "ფიამე ოროს" დაუხვდება

AutoSharing Option
ერთ კვირაში საახალწლო, საზეიმო განწყობა მოედანზე გადაინაცვლებს და 2019 წლის პირველი სარაგბო მატჩი 12 იანვარს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

15 საათზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ იტალიურ კლუბს, ‘ფიამე ოროს’ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში „კონტინენტის ფარის“ ფლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა დაახლოებით ერთი თვის წინ, 8 დეკემბერს რომში შედგა. მაშინ მასპინძლები 68-ე წუთისთვის 12 ქულის სხვაობით (22:10) იგებდნენ, თუმცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, დარჩენილ დროში სამი ლელო გაიტანა, მეოთხე, გამარჯვების მომტანი გაწითლებულ დროზე და ბონუსიც ჩაიწერა -
29:22.

ეს იყო ‘ლოკომოტივის’ პირველი გამარჯვება ევროტურნირებზე. ერთ კვირაში რკინიგზელები ასევე სტუმრად ‘კალვიზანოს’ შეხვდნენ და 20:13 იმარჯვეს. სამწუხაროდ, ამ მატჩის მიწურულს ლელო მასპინძლებმა გაიტანეს და ბონუსი აიღეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნეს და ფლეი ოფში გასვლაც მხოლოდ ‘ლოკომოტივის’ წარმატებაზე დამოკიდებული აღარაა.

„კონტინენტის ფარის“ პირველ ტურში, თბილისელებმა ‘კალვიზანო’ „ავჭალაზე“ მიიღეს, სადებიუტო მღელვარება ვერ გადალახეს და გამარჯვება მეტოქეს დარჩა (6:17). ‘კალვიზანომ’ მეორე ტურში ‘ფიამე ოროს’ ბონუსით, 35:20 აჯობა და შედეგად, სამი მატჩის შემდეგ 10 ქულით, ის პირველ ადგილზეა, ხოლო ‘ლოკომოტივს’ 9 ქულა აქვს და მეორეა.

ამრიგად, ‘ფიამე ოროსთან’ მოგებით ‘ლოკომოტივი’ პირველ ადგილზე აღზევდება, თუმცა ერთ კვირაში, 19 იანვარს, იტალიური კლუბები ერთმანეთს ხვდებიან და ‘კალვიზანო’ გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს ფლეი ოფში გამსვლელ, პირველ ადგილზე დაასრულებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ‘ლოკომოტივს’ 12 იანვრის მატჩი მოსაგები აქვს. ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ჩემპიონს!

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული