ქართულ რაგბის მემატიანე აღარ ჰყავს - ქართული სარაგბო ტერმინოლოგიის დამმკვიდრებლის სამძიმარი

AutoSharing Option
ქართულ რაგბის მემატიანე აღარ ჰყავს. ზალიკო გიგინეიშვილი ვერაგმა ვირუსმა 60 წლის ასაკში შეიწირა…

ზალიკო რაგბის მე-4 კლასიდან, 53-ე საშუალო სკოლაში ეზიარა, მერე კი "ლოკომოტივსა" და "უნივერსიტეტში" თამაშობდა, პარალელურად კი თსუ-სთან არსებულ "გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში“ ლექციებს კითხულობდა. მაგრამ "ოვალური სამყაროს" სიყვარულმა იმძლავრა და იმხანად ერთადერთ სპორტულ გაზეთში – "ლელოში", რაგბის გვერდი ჩაიბარა.

გიგინეიშვილის მიმოხილვები თავიდანვე განსხვავდებოდა საბჭოური მიდგომებისგან. მისი საპროგრამო სტატია – "რაგბი – გზა წინსვლისა“ და წერილი – "რაგბი, მორაგბე, სარაგბო…“, ჯერ კიდევ 1989 წელს დაიბეჭდა "ლელოში“ და აქედან დაიწყო
ქართული სარაგბო ტერმინოლოგიის დანერგვა, რომელიც წლიდან წლამდე ზაალისვე მეშვეობით იხვეწებოდა.

ზაალ გიგინეიშვილმა 7-ჯერ გამოსცა "რაგბის წესები“ და მუდმივად ახდენდა მის განახლებას. ის არის ქართული რაგბის ისტორიულ-სტატისტიკური წიგნის – "ქართული რაგბის მატიანის“ ავტორი, რომელიც ქართული რაგბის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და რაგბის თემატიკაზე შექმნილი არაერთი წიგნის ავტორი.

ის იყო უდიდესი სტატისტიკოსი, ადამიანი, რომელიც ყველა წვრილმანს ბოლომდე ეძიებოდა, ათასჯერ ამოწმებდა, ასწორებდა და დღემდე მოგვიტანა ისეთი წვრილმანი, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა გარეშეც ქართული რაგბის ისტორია ასეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა.

რაგბის ქომაგმა კი ზაალ გიგინეიშვილი ტელერეპორტაჟებიდან გაიცნო – წაყვანის მისეული მანერით და ხმით. სწორედ მისი რეპორტაჟების წყალობით ისწავლა გულშემატკივარმა რაგბის წესების საფუძვლები და დღეს რომ "რაგბი ჩვენი თამაშია“, ამაში ზაალ გიგინეიშვილის წვლილი ფასდაუდებელია.

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა, ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ზაალ გიგინეიშვილი "დედა ენის დღის“ 40 წლის იუბილეზე მედლით დააჯილდოვა.

რაგბიზე მწერალი, წესების მთარგმნელი, ტელეკომენტატორი, რაგბის კავშირის მთავარი მეცხრილე და ქართული რაგბის მატიანის შემქმნელი ზაალ გიგინეიშვილი 1961 წელს დაიბადა… ალბათ, სიმბოლურია, რომ სწორედ 1961 წელს დაარსდა "თბილისის რაგბის სექცია!"

საქართველოს რაგბის კავშირი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამის ხმის გარეშე როგორ ვუყურო. სხვა ხიბლს სძენდა რეპორტაჟს. დიდი დანაკლისია. აცხონოს ღმერთმა!
ქომაგი
01:29 06-02-2022
0
გაანათლოს !
რეზო
12:29 05-02-2022
0

სიახლეები პოპულარული