"შავი ლომის" მეორე მოგება ქარის თასზე

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" ქარის თასის მეორე ტურში "ელეფანტსს" პორტ-ელიზაბეთში 25:22 სძლია. სტუმრებმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს - 17:3 დაწინაურდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ შეცვდომები მოუმრავლდათ და მასპინძლებს სხვაობის შემცირების შანსი მისცეს.

პირველი 40 წუთი ქართველებმა კარგად ჩაატარეს. "შავი ლომი" უპირატესობას ფლობდა შერკინებაში, მრავალფეროვნად უტევდა და მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა. ანგარიში მე-6 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით გახსნა. სამ წუთში ლუკა ივანიშვილმა მეტოქეს ბურთი ხელიდან გამოსტაცა, კონტრშეტევა წამოიწყო; მას თემურ ჭიჭინაძე მიჰყვა, სისწრაფე აკრიფა და ლელოში შეფრინდა, ბაბუნაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

"ელეფანტსმა" მე-16
წუთზე ჯარიმა გაქვითა, თუმცა თამაში რომ განახლდა, სანდრო მამამთავრიშვილმა პირველი ბურთი მოიპოვა, მირიან მიდებაძემ შეუტია და ნიკო აფციაურს ოფლოუდი ამოუგდო. მან თითქმის 5-მეტრიანამდე ირბინა, რაქიდან ბურთი სწრაფად გავიდა ხაზში და მიხეილ ბაბუნაშვილმა გრძელი გადაცემის შემდეგ ლელო გაიტანა, ბაბუნაშვილმა გარდასახა. დარჩენილი დრო უქულო ბრძოლაში გაილია და "შავი ლომი" 17:3 დაწინაურდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ბაბუნაშვილმა კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, თუმცა მეტოქე მეტად მობილიზებული თამაშობდა და 55-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა. პასუხმა არ დააყოვნა. თამაში რომ განახლდა, ბურთი მამამთავრიშვილმა კიდევ ერთხელ მოიპოვა. მოდებაძემ ორჯერ გაჭრა ხაზი და მისი პასით ჭიჭინაძემ დუბლი გაიფორმა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

თამაშის განახლებისთანავე უკვე სამხრეთაფრიკელებმა მოიპოვეს პირველი ბურთი და სწრაფი ლელოთი გვიპასუხეს. დავით მოძღვრიშვილს 75-ე წუთზე მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი იყო. პასუხად, 78-ე წუთზე "ელეფანტსმა" მოლით ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და დასკვნით წუთებში დაძაბულობამ იმატა, მაგრამ "შავმა ლომმა" შეძლო თავის დაცვა და ტურნირზე მეორე გამარჯვების მოპოვება.

ეს ქართული ფრენჩაიზის მეორე მოგებაა ქარის თასზე. ის ახლა შინ დაბრუნდება და სრული შემადგენლობით, 17 აპრილს რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანზს" "ავჭალაზე" დაუხვდება; ქარის თასის მესამე ტურში კი, 23 აპრილს, "გრიფონს" შეხვდება.

ქარის თასი. II ტური. 7 აპრილი
პორტ-ელიზაბეთი. "მადიბაზ სთედიუმი"
ელეფანტსი – შავი ლომი 22:25

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი.

3 ლელო: ჭიჭინაძე (2), მ ბაბუნაშვილი

2 გარდასახვა: გ. ბაბუნაშვილი

2 ჯარიმა: გ. ბაბუნაშვილი

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
კინაღამ ქართულმა ცუნდრუკმა დაგვღუპა, აი იმან, წარმატებას რომ მოჰყვება...
თამაშის მიწურულს, როცა ანგარიში იყო 25 : 15, შეგვეძლო სულ ცოტა 5 ქულა მიგვეთვალა. მათ 22-ში ჯარიმის უფლების მოპოვების შედეგად. მაგრამ რატომღაც 5 მეტრიანის დერეფანში გადატანის მაგივრად, კარებში დავარტყით, როდესაც მოლში 100%-ით ვჩაგრავდით. თან უბრალო არითმეტიკაა, 10 ქულით ვიგებდით და ჯარიმა რომ გაგვეტანა, იქნებოდა 13 ქულით უპირატესობა, რომელიც იმათ დადებულ ორ ლელოს ვერ ჰყოფნიდა(რის შიშმცა გვანერვიულა). სწორედ ასეთმა არითმეტიკამ გვანერვიულა ბოლო წამამდე. არადა დარწმუნებული ვარ დერეფნიდან მოპოვებული ბურთის შემდგომ, ჩვენების მოლს, მოწინააღმდეგე ვერ გაუძლებდა, თან დროც(!) გავიდოდა ჩვენს სასარგებლოდ.
ასეთი ლაფსუსები, ექვსი ერში მოხვედრის პრეტენზიების მქონე ერს არ უნდა მოსდიოდეს. ან მწვრთნელი ვერ ქაჩავს უმაღლეს დონემდე.
Sapienti Sat
15:34 08-04-2022
3
არ დავიზარე და შევადარე ენისეისთან თამაშისას შემადგენლობას: ძირითადში მაშინ ითამაშეს და ეხლა არ იყვნენ 6 მოთამაშე: ლაშა ხმალაძე, აკა ტაბუცაძე, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი. მარქაფიდან დაგვაკლდა სამი: გოგა ხუროშვილი, გიორგი პერტაია, თორნიკე აქუბარდია;
ანუ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შავი ლომის პოტენციალი გაცილებით დიდია.
მადლობა ბიჭებს. იმედია საკუთარ სუსტ მხარეებს (შეცდომებს) კარგად გაანალიზებთ და გამოასწორებთ. ლამის მეორე შემადგენლობით მშვენიერ შედეგიც და ტოლსწორი (უფრო სწორედ უმჯობესი) თამაშიც აჩვენეთ. წარმატებები და გამარჯვებები!

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული