ნუცა შამათავა - 2022 წლის საუკეთესო ექიმი სპორტში

AutoSharing Option
რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი და "ბორჯღალოსნების" მთავარი ექიმი ნუცა შამათავა საქართველოს წლის საუკეთესო ექიმია!

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ შამათავასთან ერთად ვეტერანი "ბორჯღალოსანი", რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძეც დააჯილდოვა – სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის.

ნუცა შამათავა "ბორჯღალოსნების" მთავარ ექიმად 2019 წლიდან მუშაობს. მას მთავარი ჯილდო სპორტის მინისტრის მოადგილემ, სოსო ბაღათურიამ, ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა და ვეტერანმა მორაგბემ, პარლამენტის წევრმა დავით კაჭარავამ გადასცეს.

"წელს ქართულ რაგბის გამორჩეულად წარმატებული წელიწადი ჰქონდა – ისტორიაში პირველად დავამარცხეთ ტიერ1-ის გუნდები – იტალია და უელსი.
ნაკრებში ყველა რგოლი მნიშვნელოვანია და წარმატებაში თითოეული მათგანის როლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ, სამედიცინო ჯგუფი, იმ პასუხისმგებლები ვართ მოთამაშეების ჯანმრთელობაზე, რადგან თუ მორაგბე არ იქნება ჯანმრთელად, ის მოედანზე ვერ იქნება პროდუქტიული".

Sportall.Ge

"სწორედ ამიტომ, ჩემი, როგორც ნაკრების მთავარი ექიმის, პასუხისმგებლობა მაღალია, რადგან ამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მაბარია. მთელი წლის განმავლობაში თითოეულ მორაგბესთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ისინი სხვადასხვა პრობლემის დროს იღებენ. რაგბი ტრავმული სპორტია და სამედიცინო ჯგუფი პრაქტიკულად ისეთივე რეჟიმში ცხოვრობს, როგორშიც თავად მოთამაშეები".

"ამ ყველაფრის ფონზე, სპორტული მედიცინის ასოციაციის მთავარი ჯილდოს მიღება დიდი დაფასებაა. მადლობა მათ ამ დაფასებისთვის, ასევე რაგბის კავშირს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში და "ბორჯღალოსნების" ძალიან ძლიერ სამედიცინო ჯგუფს, რომლის თითოეული წევრი ბრწყინვალედ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას" – განაცხადა ნუცა შამათავამ.

Sportall.Ge

ნონო ანდღულაძეს სპეციალური ჯილდო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა გადასცა.

თავის მხრივ, ნონო ანდღულაძემ, სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ხათუნა საგანელიძემ, ასოციაციისა და რაგბის კავშირის ერთობლივი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. სტაჟირება 40-ზე მეტმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებსა და კლუბში გაიარა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული