ჩელენჯ თასი | ნიკა ამაშუკელი ნახევარფინალში იმსაჯებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ თასის ნახევარფინალურ შეხვედრას იმსაჯებს. ის 4 მაისს "კინგსჰოლმში", ინგლისური "გლოსთერისა" და იტალიური "ბენეტონის" მატჩზე მოედნის მსაჯი იქნება.

ევროპის პროფესიული საკლუბო ტურნირების ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველ მსაჯს აქამდე არასდროს უმუშავია. შარშან ამაშუკელმა ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, ირლანდიური "ლენსთერისა" და ინგლისური "ლესთერ თაიგერსის" შეხვედრა განსაჯა, წელს კი კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწია.

"ეს დანიშვნა ძალიან სასიამოვნოა, რადგან ოჯახური მიზეზების გამო მერვედ და მეოთხედფინალური თამაშები გამოვტოვე. იყო კითხვები, თუ რატომ აღარ ვჩანდი ევროტურნირებში და ახლა ნახევარფინალში ვბრუნდები, რაც
ქართული სამსაჯო კორპუსის კიდევ ერთი მიღწევაა.

ყველამ იცის, რამხელა ფასი აქვს ნახევარფინალს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი თამაში მელოდება. "გლოსთერი" ინგლისური გრანდია, რომელიც საკუთარ მოედანზე ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს და ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში "შავ ლომსაც" შეხვდა, "ბენეტონი" კი წელს ძალიან მაგარ ფორმაშია და პირველად ეცდება ფინალში გასვლას. ჩემთვის დიდი პატივია "კინგსჰოლმზე" ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის მსაჯობა", - ამბობს ნიკა ამაშუკელი.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ნიკას!ეს მთელი ქართული რაგბის,დიდი გამარჯვებაცაა!საუკეთესო მსაჯობას ვუსურვებ და ფინალშიც ემსაჯოს.
სოსო
20:44 24-04-2024
0
წარმატებები ჩვენო საამაყო ადამიანო!
0

სიახლეები პოპულარული