"უმცროს სკუადრა აძურასთან" ჩვენმა მორაგბეებმა ირლანდიის ნაკრებთან მომქანცველი, დაძაბული და თამამად შეიძლება ითქვას, დრამატული ბრძოლის შემდეგ ითამაშეს.
"სამყურები" იმ მატჩში ნამდვილად გადაგვირჩნენ. არადა, გამარჯვება ძალიან ახლოს, ხელის გაწვდენაზე იყო, რაც მთლიანად არევდა კიდეც წლობით ჩამოყალიბებულ იერარქიას, რომლის რღვევაც, როგორც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თამაშმა აჩვენა, მხოლოდ დროის საქმეა.
ირლანდიასთან დასანანი მარცხის შემდეგ იტალიის ნაკრების
მატჩის მნიშვნელობა მოთამაშეებს კარგად ჰქონდათ გააზრებული და, შეიძლება ითქვას, ცოტა ზედმეტადაც კი ნერვიულობდნენ, რამაც თამაშის ხარისხზე აშკარად იქონია გავლენა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საუკეთესო თამაში ვერ აჩვენეს, გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს. რამდენად დაძაბული და მნიშვნელოვანი იყო ეს დაპირისპირება, ამას მატჩისშემდგომი კომენტარებიც ცხადყოფს.
ბადრი ალხაზიშვილი, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი:
"ძალიან რთული მატჩი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ. ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდით და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. გაუმარჯოს საქართველოს."
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"ძალიან მძიმე თამაში იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით. ეს რომ არა, უფრო დიდი იქნებოდა ანგარიშში სხვაობა. ჩვენ იტალიელებზე უკეთესი გუნდი ვართ და ამიტომაც მოვიგეთ. ვისურვებდი, რომ უელსთან მატჩის შემდეგაც ასეთ კარგ ხასიათზე ვიყოთ".
მას შემდეგ, რაც ემოციები დაცხრა, მატჩის მოკლე ანალიზი ცივ გონებაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ გააკეთა:
"თამაში მოვიგეთ, მაგრამ გაგვიჭირდა ბურთის შენარჩუნება და შეტევისას რამდენჯერმე წინაც გაგვივარდა. დაცვაში შეცდომები ნაკლებად გვქონდა, მხოლოდ ინდივიდუალური ბოჭვის გაცუდების გამო მოახერხეს იტალიელებმა პირველი ლელოს გატანა.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ბიჭებმა თავიანთი ძალების მაქსიმუმი პირველ მატჩში ირლანდიის ნაკრებს შეალიეს და ამიტომ შედარებით გაუჭირდათ სრულფასოვანი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
მიუხედავად ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბიჭებს წამითაც არ დაუხევიათ უკან. მათ შეძლეს დარჩენილი ძალების კონცენტრაცია და მატჩიც მოიგეს. ვამაყობ ჩვენი მორაგბეებით და როგორც მწვრთნელი, კმაყოფილი ვარ.
მომდევნო და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან, მეხუთე ადგილისთვის მატჩში უელსის ნაკრებს ვეთამაშებით.
ჩვენ გავაკეთებთ მომავალი მეტოქის თამაშის ვიდეოანალიზს და ვეცდებით, საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მორაგბეები შეძლებენ ძალების მოკრებას, გაიაზრებენ შეცდომებს და უფრო თავდაჯერებულად, ლაღად და თავისუფლად შეერკინებიან უელსელებს".
უფრო თამამი იყო შეფასებებში საქართველოს სარაგბო აკადემიის მენეჯერი დონ კასკი:
"ყველას უზომოდ გაგვიხარდა გამარჯვება, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ვფიქრობ, იტალიასთან გამართული მატჩი ჩვენ მიერ ნათამაშებ შეხვედრებს შორის ნაკლებად სანახაობრივი, მაგრამ აუცილებლად მოსაგები იყო.
ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და როგორც ყოველთვის, გამოავლინეს მტკიცე ხასიათი, შეძლეს დიდი ფიზიკური ძალის დემონსტრირება. უელსთან გასამართი მატჩის შესახებ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მორაგბეები ზომიერად თავდაჯერებულნი არიან და შეცდომების აღმოფხვრის შემთხვევაში, მაგრად შევერკინებით მოწინააღმდეგეს.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ბიჭებისთვის ელიტურ დივიზიონში არ არსებობს ისეთი მეტოქე, რომლისაც უნდა გვეშინოდეს. მოწინააღმდეგის ძალა დასაფასებელია, მაგრამ საშიში არაფერია".
უელსთან მატჩს, ცხადია, არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იტალიის ნაკრებთან დაპირისპირებას.
გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილს დაიკავებს და ექვსი ერის ქვეყნების ორ გუნდს მოიტოვებს უკან. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შარშანდელი შედეგიც გასაუმჯობესებელია, რაც 18-წლამდელთა ამ ნაკრებს ნამდვილად ხელეწიფება.
შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრებმა მეოთხედფინალში მინიმალური სხვაობით წააგო შოტლანდიის 18-წლამდელთა გუნდთან - 17:18. მერე კი, მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებს სძლია მშრალი ანგარიშით - 45:0.
საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი 30 მარტს, 15:00 საათზე დაიწყება.
საქართველო
ირაკლი სვანიძე, იოსებ კიკვაძე, სანდრო ილურიძე, თემურ ირემაძე, დავით გულითაშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ბექა კაკაბაძე, ბადრი ალხაზიშვილი, ზაურ ხარებავა, თორნიკე ზოიძე, როლანდ კვაჭაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, ბადრი დანგაძე, დავით პაპავაძე, დავით ფხაკაძე, გიორგი თორაძე, გუგა ხანთიძე, ბექა გიორგაძე, თეიმურაზ თუთბერიძე, ბადრი ლიპარტელიანი, დევი დევსურაშვილი, დავით ლობჟანიძე, ჟორა მღებრიშვილი, გიორგი ხვისტანი, ლევან გიკაშვილი.
VII ადგილისთვის
იტალია-პორტუგალია
V ადგილისთვის
საქართველო-უელსი
III ადგილისთვის
ირლანდია-შოტლანდია
ფინალი
საფრანგეთი-ინგლისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U18. საქართველო-იტალია 17:12 - "სკუადრა აძურა" კიდევ ერთხელ დავამარცხეთ