დღეს "უმცროსი ბორჯღალოსნები" ედინბურგში შოტლანდიელ 19-წლამდელებს გაეჯიბრებიან

AutoSharing Option
დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში შოტლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მეგეთლენდის სპორტული კომპლექსის მოედანზე თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა, რომელიც მომავალ წელს თბილისსა და ქუთაისში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რამდენიმე დღის წინ ერთი მატჩი უკვე გამართა და "ალსტერის" 20-წლამდელთა გუნდი 27:12 დაამარცხა.

ამჯერად, გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, ედინბურგში იმყოფება. გუნდის მწვრთნელებმა 23-კაციანი საბრძოლო რაზმი დაასახელეს, რომელსაც რამდენიმე ტრავმირებული ლეგიონერი აკლია.

"ალსტერთან" მატჩში გუნდის თამაშის ორგანიზაციული მხარე ნორმალური იყო. ვარჯიშები ისე დავგეგმეთ,
რომ შოტლანდიელებთან თამაშს დასვენებულები შევხვდეთ. იმედია, შოტლანდიას ოპტიმალურ ფორმაში დავუპირისპირდებით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ამ თამაშში თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

ამ ტურნეს მიზანია, რომ დავინახოთ ჩვენი სუსტი მხარეები, მოხდეს მორაგბეების შეთამაშება და საფუძველი ჩაეყაროს იმ გუნდის მშენებლობას, რომელიც საქართველოს სახელს 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს. "ალსტერთან" მატჩის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ.

"ალსტერის" 20-წლამდელთა გუნდი სწრაფი რაგბის მიმდევარია და ჩვენთანაც სცადეს თამაშის გაშლა. ეს აღმოჩენა არ ყოფილა, რადგან საქართველოსთან ყველა ერიდება ახლო კონტაქტში თამაშს. სასიამოვნოა, რომ ამ პირობებში მეტოქეს ძალიან კარგად დავუხვდით.

ჩვენი ნაკრების ამ ფორმაციის დადებითი მხარე ისაა, რომ სწრაფად მოხერხდა გუნდური სულისკვეთების გათავისება. იდეალურ შეთამაშებამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, თუმცა უკვე იგრძნობა, რომ ეს შესაძლებელია.

ბრიტანულ ტურნეზე მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 20 პროცენტია ისეთი, რომლებმაც წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს. მათ უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. "ახლების" ნაწილმა მარტივად მოახერხა დავალებების ათვისება და უკვე გამოჩნდა რამდენიმე ისეთი მორაგბე, რომლებიც გამოცდილებს ტოლს არ დაუდებენ და მომავალში თვითონ იქნებიან ლიდერები", - თქვა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

დღეს ჩვენს გუნდს BT Sport შოტლანდიის რაგბის აკადემიის გუნდი დაუპირისპირდება. ის გარდამავალი ეტაპია იმ მორაგბეებისთვის, რომლებიც ამ გუნდში თამაშისას საჭირო საერთაშორისო გამოცდილებას იღებენ და შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში დაწინაურდებიან.

"მოხარულნი ვართ, საქართველოს 20-წლამდელთა საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან თამაშის საშუალება რომ გვეძლევა. ეს მატჩი ბევრ სასარგებლოს მისცემს ჩვენს მორაგბეებს.

ამ შეხვედრაში გამოჩნდება, რომელი ჩვენი მორაგბე აღმოჩნდება კონკურენტუნარიანი, რათა შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში დაიმკვიდრონ ადგილი მომავალ წელს. ასეთი დონის მატჩები აუცილებელია მორაგბეთა განვითარებისთვის და, ვფიქრობ, თამაში ძალიან საინტერესო გამოვა", - თქვა გუნდის ხელმძღვანელმა შონ ლინენმა.

შოტლანდია U19-საქართველო U20
შოტლანდია U19: 15. ბენ აპლესონი, 14. კაილი როე, 13. სტეფორდ მაკდაუელი, 12. სემი ჰატჩისონი, 11. ლოგან ტროტერი, 10. პედი დივჰირსტი, 9. კალიმ ბარეტო. 1. შონ განი, 2. რობი სმითი, 3. ფერგუს ბრედბერი, 4. დინ როჯერი, 5. ჯიმი ჰოჯსონი, 6. ენდრიუ ჰორნი, 7. დენიელ მარეკი, 8. ჰარი ჰენდერსონი.
16. ჯეკ სამუელი, 17. ჯორჯ თორტონი, 18. კალუმ ისტვუდი, 19. ჯორჯ ბორდილი, 20. ტომ დოდი, 21. რუარიდ დაუსონი, 22. კონორ ისტგეიტი, 23. ვილ ბრაუნი
საქართველო U20: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ბექა გავაშელიშვილი, 12. გიორგი წიკლაური, 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაიშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. გურამ პაპიძე, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. გიორგი ნუცუბიძე, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
16. გიორგი ზამთარაძე, 17. პეტრე ჯინჭარაძე, 18. რევაზ დუგლაძე, 19. კობა ჯიმშელეიშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. სანდრო ნახუცრიშვილი, 22. ბექა მამუკაშვილი, 23. სანდრო სვანიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული