"დინამოს" სტადიონზე 1000-ზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა და მთელი შეხვედრის განმავლობაში "აიას" ერთგულად უქომაგა.
ვიცე-ჩემპიონისა და უმაღლეს ლიგაში წლეულს აღზევებული "ბათუმი XV"-ის შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ზღვისპირელებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ეს არც იყო გასაკვირი, "ბათუმი XV" ხომ ჩემპიონატამდე არაერთი გამოცდილი მორაგბით გაძლიერდა. გუშინ სტუმართა რიგებში გამოცდილმა ირაკლი გიორგაძემაც ითამაშა, რომელიც გასულ სეზონში "აიას" ღირსებას იცავდა; მისი ძმა კობა გიორგაძე კი ქუთაისური გუნდის მწვრთნელია.
შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და მათ მალევე
"აია" მწვავედ უტევდა, ქუთაისელები ფლანგებსაც აქტიურად იყენებდნენ და შერკინებითაც კარგად აწვებოდნენ, მაგრამ შეტევის ბოლო ფაზაში, როცა თითქოსდა ლელო გარდაუვალი ჩანდა, ბურთს კარგავდნენ.
მასპინძლებს ასე ზედიზედ ორჯერ დაემართათ. პირველი ეპიზოდისას ჯარიმის დარტყმაზე უარი თქვეს, ბურთი აუტში გადააგდეს და მისი მოგების შემდეგ მეტოქის 22-მეტრიან ზონაში აღმოჩნდნენ. შეტევის ბოლო ფაზაში სინაურიძემ ზურა ძნელაძე გაიყვანა გარღვევაზე, მაგრამ "ტურბო" ზედ ჩათვლის მოედნის მისადგომებთან შეაჩერეს.
მეორე ეპიზოდში აუტის მოგების შემდეგ ქუთათურები მოლით მიაწვნენ, სალელოვე ხაზსაც მიუახლოვდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი მეტოქეს ჩააბარეს.
გამოუყენებელი მომენტების გამო მასპინძლები კინაღამ დაისაჯნენ. მახარაშვილმა თითქმის ცენტრიდან დაარტყა საჯარიმო, თუმცა "კოღოს" დარტყმა ამჯერად არაზუსტი გამოდგა.
ამის შემდეგ კვლავ "აიამ" იგდო უპირატესობა და სინაურიძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 3:3. ტაიმის ბოლოს რიონისპირელებმა კვლავ მწვავედ შეუტიეს, მაგრამ ბათუმელებმა ამ იერიშის მოგერიებაც მოახერხეს.
მეორე ტაიმში სტუმრებს დაღლა დაეტყოთ, "აიამ" კი უფრო აგრესიულად შეუტია და მთელი მეორე ტაიმი მეტოქის ნახევარზე გაატარა.
ქუთაისელთა კაპიტანს ირაკლი რევიშვილს თამაშის განახლებისთანავე ჰქონდა სალელოვე შანსი. იგი სწრაფი დრიბლინგით ბათუმელთა ჩათვლის ხაზამდე მივიდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბურთი წინ დაუვარდა.
შემდეგ სინაურიძემ და მახარაშვილმა უზუსტო საჯარიმოები გაცვალეს. ბათუმელები კიდევ დიდხანს იგერიებდნენ ქუთაისელთა შეტევებს, თუმცა მასპინძლების მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო.
"აიას" მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ზუსტად მოედნის ცენტრიდან გაიტანა საჯარიმო და მასპინძლები დააწინაურა. 73-ე წუთზე მსაჯმა ბაკურ გოშაძე გააძევა და ქუთათურები კაცნაკლულნი დარჩნენ.
მიუხედავად ამისა, მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ, ბოლო შეტევა კი ლელოთი დააგვირგვინეს.
შესანიშნავად ითამაშა ბექა ყურაშვილმა, რომელიც ოთხ მეტოქეს გაუსხლტა ხელიდან და ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა. ხამაშურიძემ გარდასახვა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 13:3. "აიამ" ფავორიტის სტატუსი გაამართლა, თუმცა ეს დიდი ოფლისღვრის ფასად დაუჯდა.
აია-ბათუმი 13:3
აია (15-9) ხამაშურიძე, აბრამიძე, კუხიანიძე (ფრუიძე 74), ძნელაძე, გოშაძე, სინაურიძე (შარვაშიძე 62), როხვაძე; (1-8) აბრამიძე (რატიაშვილი 65), მატკავა (თხელიძე 35), ულუმბელაშვილი (წაქაძე 42), ჯიმშიტაშვილი, შალამბერიძე, რევიშვილი (ცირეკიძე 63), შაშიაშვილი (ჩიტეიშვილი 41), ყურაშვილი.
ლ: ყურაშვილი. 2ს: სინაურიძე, ხამაშურიძე. გ: ხამაშურიძე
სინბინი: გოშაძე
ბათუმი (15-9) მახარაშვილი, სვინტრაძე, ხონელიძე, აშვეთია, ცისკარიშვილი, ი.გიორგაძე, გ.ბრეგაძე (ქოპილაშვილი 48); (1-8) მჭედლიძე (კაიკაციშვილი 41), ჯაჯაია (კელენჯერიძე 55), გოგიბერიძე, უჩავა, ბერიძე (ნიბლაძე 48), გრძელიშვილი (კორტავა 48), ჩირგაძე,მეგრელიძე
ს: მახარაშვილი
მსაჯი: უჩა ნარიმანიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"