[ისტორია] საქართველოსა და რუსეთის 9 დასამახსოვრებელი სპორტული ომი [VIDEO]

AutoSharing Option
12 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ ტურში დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის უკვე 20 დაპირისპირება გაიმართა, რომელთაგანაც საქართველომ 18 მოიგო.

ამ ქვეყანასთან სპორტული დაპირისპირება ჩვენში ისედაც განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. შესაბამისად, საქართველო-რუსეთის მეტოქეობა მარტო რაგბით არ შემოიფარგლება და ის პრაქტიკულად ყველა სპორტის სახეობას ეხება.

გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებები საქართველოსა და რუსეთს შორის...

2001 წლის 4 მარტი. რაგბი. კრასნოდარი
რუსეთი-საქართველო 23:25
ერთა თასის ეგიდით
ეს იყო ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც კრასნოდარში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა 25:23. ამ წლის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიგო ერთა თასი.

პირველ ტაიმში ჩვენებმა საჯარიმო ლელო გაიტანეს, მეორე ტაიმში კი რუსეთის ნაკრები ილია ზედგენიძემ და გია ლაბაძემ დაალელოვეს. ლაბაძის ლელოს რუსებმა ლელოთი უპასუხეს, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ვეღარ გარდასახეს.

2012 წლის 12 ოქტომბერი. ფეხბურთი. თბილისი
საქართველო-რუსეთი (ჩაიშალა)
რუსეთის დელეგაცია ვიაჩესლავ ფეტისოვის თამადობით ჩამოვიდა. მატჩი კი "ლოკომოტივის" სტადიონზე მომხდარი ელმომარაგებასთან დაკავშირებული ავარიის გამო, 41-ე წუთზე შეწყდა. რამდენიმე წუთში ელექტროენერგია სტადიონზე აღდგა, თამაშიც განახლდა, მაგრამ მხოლოდ სამი წუთით.

მეორე დღეს რუსული მედია ნიშნისმოგებით წერდა ქართულ პრობლემებზე. ჟურნალისტები მეორე დღის რაგბისთვისაც დარჩნენ, მაგრამ რადგან მათმა გუნდმა წააგო, მშრალი ცნობების გარდა, არც არაფერი დაუწერიათ. ზოგიერთი ცნობით, საყოველთაო პანიკის ფონზე რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმირ პუტინმა დაურეკა. სერიოზული ინციდენტები მაინც არ ყოფილა, უბრალოდ, რუსთა ავტობუსს ქვები და კვერცხები დაუშინეს.

2002 წლის 13 ოქტომბერი. რაგბი. თბილისი
საქართველო-რუსეთი 17:13
ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო მატჩზე. გამარჯვებული გუნდი მსოფლიოს თასზე გადიოდა, რაც ორივე მხარისთვის ისტორიაში პირველად მოხდებოდა.

50 ათასი ადამიანის მხარდაჭერით "ბორჯღალოსნებმა" 17:13 იმარჯვეს და მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვეს. რუსები 13:9-ს იგებდნენ, როცა ლევან ცაბაძის ლელოს წყალობით ჩვენი გუნდი 14:13 დაწინაურდა. საბოლოოდ, გუნდმა უპირატესობა კიდევ გაზარდა და თბილისში ზეიმმა დაისადგურა.

ამ მატჩით დაიწყო მოგებების სერია რუსეთის ნაკრებთან, რომელიც აგერ უკვე 15 წელიწადი (15 მატჩი) გრძელდება...

2003 წლის 30 აპრილი. ფეხბურთი. თბილისი
საქართველო-რუსეთი 1:0
მატჩის პირველ ტაიმში გავიდა ერთადერთი გოლი, გიორგი დემეტრაძის ჩაწოდებულს მალხაზ ასათიანი თავით შეწვდა და გაიტანა. ასე იმარჯვა საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც მაშინ ივო შუშაკი წვრთნიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებამ ქვეყანაში დიდი ზეიმი გამოიწვია. ვაკიდან დაძრულმა ხალხმა გვიანობამდე იზეიმა გამარჯვება.

2008 წლის 13 აგვისტო. ძიუდო. პეკინი
ირაკი ცირეკიძე-ივან პერშინი
მაშინ, როცა რუსეთი საქართველოს ბომბავდა, ირაკლი ცირეკიძემ პეკინის ოლიმპიადის ნახევარფინალში პუტინის ფავორიტი სპორტსმენი ივან პერშინი ტატამს ბეჭებზე გააკრა და მერე ჟესტით ზურგზე დაწერილ "საქართველოზე" მიუთითა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დაჯილდოების ცერემონიალზე ირაკლი შავი ლენტით მივიდა.

2010 წლის 20 მარტი. რაგბი. ტრაბზონი
საქართველო-რუსეთი 36:8
ომის შემდეგ ეს ამ გუნდების მეორე დაპირისპირება იყო, კვლავ ნეიტრალურ მოედანზე. თამაში ამჯერად ტრაბზონში ჩატარდა. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ "ბორჯღალოსნებს" თურქეთში 6 ათასზე მეტი გულშემატკივარი გაჰყვა.

ჩვენი გუნდის უპირატესობა ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭქვეშ - 36:8. ჩვენებმა ხუთი ლელო გაიტანეს, რომელთაგანაც განსაკუთრებით ლამაზი ზირაქაშვილის ლელო იყო 3:5-ზე. ამის შემდეგ ლელო ნატრიაშვილმა, ჩხაიძემ და უდესიანმა გაიტანეს, ერთიც ტექნიკური ლელო იყო.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ახალი ზელანდიის მსოფლიოს თასის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა.

2011 წლის 19 მარტი. რაგბი. სოჭი
რუსეთი-საქართველო 9:15
ომის შემდეგ რუსეთმა პირველად გვიმასპინძლა, თუმცა "ბორჯღალოსნებს" ქომაგობა არც სოჭში მოკლებია, სტადიონზე ბევრი ადგილობრივი ქართველი იმყოფებოდა, რომელიც სტუმართა გუნდს გულშემატკივრობდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა კვლავ იმარჯვა - 15:9.

ქართველების ორი ლელოდან ერთი ტექნიკური იყო, მეორე ლელო კი ჯაბა ბრეგვაძის ანგარიშზეა. მატჩი კოკისპირულ წვიმაში გაიმართა.

2011 წლის 1 სექტემბერი. კალათბურთი. კლაიპედა
საქართველო-რუსეთი 58:65
ევრობასკეტზე დაპირისპირებაში გადამწყვეტი მეორე მეოთხედში რუსთა მიერ მოპოვებული უპირატესობა გამოდგა. მატჩის მეორე ნახევარში ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს სიტუაციის დაძაბვა, თუმცა მაინც დამარცხდნენ - 58:65.

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო იყო მანუჩარ მარკოიშვილი 21 ქულით. ანდრეი კირილენკომ 20 ქულა ჩაგვიგდო.

2016 წლის 8 აგვისტო. ოლიმპიადა. ძიუდო.
ლაშა შავდათუაშვილი-დენის იარცევი
ეს შეხვედრა რიოს ოლიმპიადაზე გაიმართა. სიმბოლური იყო, რომ ლაშა შავდათუაშვილმა 8 აგვისტოს გამართულ რეპეშაჟში რუს ძიუდოისტ დენის იარცევს იპონით მოუგო. ძირს დაგდებულ მეტოქეს  ლაშამ საქართველოს დროშაზე მიანიშნა. მერე შავდათუაშვილმა ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული