გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" წლევანდელ გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა. "ბორჯღალოსნების" ექვსწლიანი ჰეგემონია ბუქარესტში დასრულდა. წინ ივნისის ტესტებია. იქამდე კი ევროპის 18-წლამდელთა და მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატებია. დასასრულს უახლოვდება საქართველოს ჩემპიონატის გათამაშებაც.

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ქომაგებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.

არასწორი სელექცია?
ვიგრძენი, რომ სწორედ ახლა არის ის მომენტი, როცა ქომაგებთან და მედიასთან არის საჭირო შეხვედრა. ვფიქრობ, ინფორმაციისა და აზრთა გაცვლა ყველასთვის სასარგებლო იქნება.

მინდა დავიწყო იმ ნეგატივით, რომელიც ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშმა დატოვა.
საქმე მარტო მარცხში არ არის. მთავარი ისაა, რომ გუნდის თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი არც ჩვენთვის, არც ქომაგებისთვის და არც თვითონ მორაგბეებისთვის.

ცხადია, გვქონდა მილტონ ჰეიგთან საუბარი ამ თემაზე. მან თქვა, რომ ნაკრებში საჭიროა როტაცია და ახალგაზრდა მორაგბეების გამოცდა. დიახ, ახლა რომ არ გამოგვეცადა ახალგაზრდა მორაგბეები, ჩვენ ვკარგავდით ერთ წელიწადს მსოფლიოს თასისთვის მზადების კონტექსტში. თუმცა, ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდის პირობებშიც შეიძლებოდა უკეთ თამაში და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მოგება.

ცხადია, აზრთა სხვადასხვაობაა თვით მწვრთნელთა შტაბშიც შერჩეულ ტაქტიკასა და სელექციაზეც. ეს მუშა პროცესია.

მილტონ ჰეიგთან კონტრაქტი 2+2 წელიწადია. წლის ბოლოს გავაკეთებთ ანალიზს და გადავწყვეტთ, განვაგრძოთ მასთან კონტრაქტი თუ არა. არ მინდა, ეს ნათქვამი ისე გაიგოთ, თითქოს რაგბის კავშირს ჰეიგის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. იმას, რაც ზემოთ ვთქვი, კონტრაქტი გვავალდებულებს.

დანაპირები არ შესრულდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მზადება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ შეგვისრულა დანაპირები და ახალი ათი სავარჯიშო სარაგბო მოედნის მოწყობა ვერ მოხერხდა. თუმცა, გვპირდებიან, რომ ეს პროექტი ერთი წლის განმავლობაში ორ ეტაპად მაინც განხორციელდება. დამატებით კიდევ ათი სარაგბო ბაზა ათეულობით ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენას ნიშნავს.

მადლობა გვინდა ვუთხრათ ფეხბურთის ფედერაციას, ძმებ კოკაიებს, თენგიზ სულაქველიძეს და კარლო მჭედლიძეს, რომლებმაც თავიანთი ბაზები დაგვითმეს მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდებისთვის სავარჯიშოდ.

მატჩები გაიმართება ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში. თბილისში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მეორე მხრიდან ტრიბუნა ემატება. მატჩების ნაწილი ვაკის სტადიონზე გაიმართება. ქუთაისში კი მატჩებს "აია არენა" უმასპინძლებს.

თამამად შემიძლია გთხრათ, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ქართულმა პროექტმა გაამართლა. ილია მაისურაძე, ლადო კილასონია და ზურაბ ამონაშვილი თანამოაზრეები არიან, ძალიან გაიზარდნენ. გუნდში რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომლებმაც შარშანაც ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. მათ უკვე აქვთ გამოცდილება და მიმაჩნია, რომ ეს გუნდი, ამჯერად, უფრო ხარისხიან თამაშსაც აჩვენებს.

ძალიან კარგი გუნდი გვყავს წლეულს 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე. კარგი თაობაა, რომელიც, იმედი მაქვს, უფრო მაღალი დონის რაგბის ითამაშებს. ხვალ პირველი თამაში აქვთ კანადასთან და ვნახოთ, რა მოხდება.

ბიუჯეტი პრობლემურია
შარშან ბიუჯეტი 14 მილიონამდე გვქონდა. წლეულს გაზრდილი განაცხადი გავაკეთეთ, დაახლოებით 25 მილიონამდე მოვითხოვეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ინფლაციით გამოწვეული დანაკლისი შეგვევსო და გუნდებისთვის საბაზო დაფინანსება გაგვეზარდა, მაგრამ იგივე დაგვიტოვეს. ამჟამად კლუბების საბაზო დაფინანსება 400 ათასი ლარია, პრემიის სახით კი, 500 ათასი თამაშდება.

შემოდგომიდან ტელეკომპანია "რაგბი ტივი" საქართველოს ჩემპიონატის ყველა მატჩს გადასცემს. შესაბამისად, გაჩნდება სარეკლამო არეალი, რომელიც კლუბებს შეუძლიათ პოტენციურ სპონსორებს შესთავაზონ. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ "რაგბი ტივის" ხელს, რათა განვითარდეს და ამით რაგბის პოპულარიზაცია, გნებავთ, დაფინანსება გაიზარდოს.

აქვე მინდა ერთი სიახლე გავთქვა: ჩვენი ძალებით მოვიძიეთ სპონსორი და საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იქნება ფასიანი. ანუ გამარჯვებული მიიღებს სოლიდურ თანხას. რამდენი იქნება საპრემიო თანხა და ვინ არის სპონსორი, მოგვიანებით გაცხადდება.

შესაბამისად, ჩემპიონ გუნდს მიეცემა შანსი, ევროთასების გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა.

გვეღირსება ჩელენჯ კაპი?
ჩელენჯ კაპის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ადგილი გვაქვს. აქამდე მასზე უარს ვამბობდით და ჩვენს კვოტას სხვა იყენებდა. ამჯერად ორგანიზატორებს მონაწილეობაზე თანხმობა შევუთვალეთ. ამას რომ ვაკეთებდით, ზურგს არაფერი გვიმაგრებდა.

მართალია, ჯერ ახალ ფორმატზე მუშაობენ და ის ჩამოყალიბებული არაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფინანსების გარეშე იქ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე სწორედ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იქნება. ამასთან ერთად, შესაძლოა გამოჩნდნენ სპონსორები, დაგვეხმაროს თბილისის მერია და ასე შემდეგ. მთავარია, ჩვენ ბრძოლაში ვართ, უკან არ ვიხევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მე მგონი რახან ნაკრების პერსპეტივა არ ჩანს (უფრო მაღალ დონის ტურნირებში მონაწილეობაზე) უნდა დავიწყოთ კლუბების ტამასჰის დონის ამაღლება, საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისათვის. საკლუბო რაგბის დონის ამაღლება ტავისტავად ნაკრების დონესაც აამაღლებს! მწვრთნელი კი , ცჰემი აზრიტ უნდა გამოვცვალოთ ალბატ მაღალი დონის ავსტრალიეკლი სპეციალისტით
nugzari
06 აპრილი 2017 18:24
0

რაღაც ძალიან შეუჩნდნენ მილტონს

ჯერ მოთხოვეს-შეთანხმდნენ ახალგაზრდების თამაში-გამოცდა,მერე ცოტა რომ ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ა დ შედეგი
ისე არ დადგა,როგორსაც
ველოდით...აკრიტიკებენ ?!

რუმინეთთან 7-8 წაგება ა რ არის არანაირად საგანგაშო...მით
უმეტეს არასრულყოფილი
1-ლი და მე-3-ე ხაზით (!)

ჯერ ერთი რუმინეთი არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები და მათაც აქვთ
სპორტული ღ ი რ ს ე ბ ა და მით
უმეტეს რაგბისადმი...მეორეც, ეს თამაში იყო მათი მ ა ქ ს ი მ უ მ ი,ხოლო საქართველოსათვის ...როტაციული (!)
დარწმუნებული ვარ თბილიში მინიმუმ 20 ქულით მოუგებს სწორად მილტონის საქართველოს ნაკრები!

ვ წ უ ხ ვ ა რ ხელისუფლება არ ჩაერიოს რაგბის საქმეში,თავისი არაკომპეტენტურობით,ნეპოტიზმით,კარიერისტული ბუნებით ...(ეს უკვე თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო დ გამოჩნდა- 20- წლამდე მსოფლიო ჩემპიონატისადმი უ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო დამოკიდებულებით ,თითქმის ა რ ა ფ ე რ ი თუ მიზანმიმართულად ვ ე რ ა ფ ე რ ი გააკეთეს ინფრასტრუქტურისათვის!) ...
ან რომელი მაღალკვალიფიციური მწვრთნელით შეცვლა უნდათ ?!

რომელიც ისევ შერკინებაზე რომ აიღებს ორიენტირებას..შ ე დ ე გ ე ბ ი ს დადებისათვის ?!
და მოედანზეც რომ არ შევა ბიჭებთან ერთად სავარჯიშოდ ?!
ანუ ხარისხობრივად რომ რეალურად ჰეიგა-მდე
დონეზე დავიდეთ ?!

ვწუხვარ იმასაც ,მიზანმიმართულად მთლად არ დ ა ა მ უ ხ რ უ ჭ ო ნ ქართული ეაგბი (დაფინანსება ფაქტიურად შეუმცირეს,ანუ თითქმის გაუნახევრეს,ლარის კურსის დაცემის გამო !) და ურუსეთის დონეზე არ დავიდეთ,ვიმეორებ მ ი ზ ა ნ მ ი მ ა რ თ უ ლ ა დ, რა მიზანიც ა მ ო ძ რ ა ვ ე ბ თ მხოლოდ რუსეთს (!)
შეიძ;ება ვაჭარბებ,მაგრამ...
ვნახოთ,ვნახოთ
ამერიკაში ტურნეს შედეგებიც!

glaxuna
06 აპრილი 2017 18:20
0
ეროვნული ნაკრების ბევრი ვარცკვლავი სავარაუდოდ სანაკრებო კარიერას მომავალი მსოფლიო თასის გათამაშების შემდეგ დაასრულებს და ზუსტად რომ მილტონ ჰეიგის დამსახურება იქნება რომ ამით გამოწვეულ ცვლილებებს მზადყოფნაში შეხვდება ნაკრები. ჰეიგის გაშვება დღეს შეცდომად მიმაჩნია, ნაკრების მწვრთნელი ჩამოყალიბებულ მორაგბეს ბურთის დაჭერას და გაუმართლებელი ჯარიმების თავიდან აცილებას ვერ ასწავლის, მიუხედავად ამისა ასეთი შეცდომების რაოდენობაც მცირდება. ხელდახელ თამაშში რომ წინსვლაა ესეც თვალსაჩინოა. ჩემი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში ჰეიგი საქართველოდან გასაშვები არაა და თუ შემდეგ ციკლამდე აცალეს, შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს ან სარაგბო აკადემიას ჩავაბარებდი, რომ ის უნარ-ჩვევები, რაც ბავშვობიდან უნდა ჰქონდეთ მორაგბეებს სისხლში გამჯდარი, ბევრად სისტემურ ხასიათს მიიღებს და შედეგებიც არ დააყოვნებს. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში სამუშაოდ არ წამოვლენ თუნდაც ფინანსების და ქვეყანაში სოციალური პრობლემების გამო. აქ შესაძლოა ისეთი მწვრთნელი ჩამოვიდეს, ვისაც უდიდეს ამბიციასთან ერთად სარაგბო სამყაროსათვის ბევრი აქვს დასასაბუთებელი, ამისთვის კი საქართველოს ნაკრები საუკეთესო არჩევანია. ასე რომ ორი წლის თავზე სწორედ ასეთი, ახალგაზრდა მწვრთნელის მოძებნაა საჭირო, რომელიც ტოპ მწვრთნელობაზე აცხადებს პრეტენზიას და ეს დასამტკიცებელი აქვს.
murtalo
06 აპრილი 2017 18:15
0
რაგბის ევროპის თამაშებში რამდენიმე კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა. მათთვის ეს უდიდესი სკოლა იყო. ივნისის ტესტებშიც უნდა მივცეთ მათ თამაშის საშუალება.
მთლიანობაში, თამაშის ხარისხი, რათქმაუნდა არ იყო სასურველი. ამასთან, ნუ იფიქრებთ, რომ ჰეიგის ხელფასით ძალიან მაღალი დონის მწვრთნელის მოწვევას შევძლებთ. ფინანსები გადამწყვეტია ბევრი მიმართულებით. იქნებ მთავრობამ ყური შეიბერტყოს და ფული გამოძებნოს. ნუ დაგვიჩაგრავთ რაგბის - ის ჩვენი თამაშია.
gogig
06 აპრილი 2017 17:38
0
ჩემი აზრით სწორს ამბობს ბატონი გოჩა,განიხილავენ წლის ბოლოს შედეგებს ,თუ როგორ ჩაატარებს ნაკრები წლევანდელ ტესტებს და იმის მიხედვით გადაწყდება წავიდეს თუ დარჩეს ჰეიგი.მე ვფიქრობ ,რომ უნდა წავიდეს,არა წაგების გამო,არამედ ჰეიგმა ამოწურა თავისი თავი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე(6 წელი თუ რაიმეს გაკეთება შეგიძლია საკმაო დროა).საჭიროა ახალი,უფრო მაღალ კვალიფიციური ახალზელანდიელი მწვრთნელი,რათა გაგრძელდეს იგივე სტილის რაგბის თამაში,ოღონდ უფრო მაღალ დონეზე .
mamulo
06 აპრილი 2017 17:15
0
მარტო რუმინეთთან თამაში არ არის პრობლემა. ბოლო თამაშები ავიღოთ ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული. გუნდი დგას და არავითარი განვითარება აღარ ეტყობა. არადა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას ქართულ რაგბს. ან დღითიდღე უნდა მოუმატოთ, რომ მსოფლიო რაგბიმ დაინახოს ჩვენი განვითარებს და საშუალება მოგვცეს უფრო მაღალ დონეზე თამაშის, ან პირიქით უკან წავალთ და რუმინეთივით დაგვემართება. დრო იყო რუმინეთი ფრანგებსაც უგებდა და იტალიას ხო საერთოდ არაფრად თვლიდა და დღეს ხომ ხედავთ როგორ ჩამორჩა. მილტონი გასაშვებია, აშკარად არ ყოფნის დონე, გუნდს არავითარი ტაქტიკა არ გააჩნია. მადლობა და გაუშვათ, თორემ უკან დახევს გუნდს.უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება და იგივე ხელფასზე რაც მილტონს აქვს მრავალი ტრენერი მოიძებნება ევროპაშიც და კუნძულებზეც უფრო მაღალი დონის, რომლებიც დიდი სიხარულით იმუშავებენ ჩვენს ნაკრებთან.
გასაშვებია
06 აპრილი 2017 16:52
0
ფინანსებს გულშემატკივარიც შეაგროვებს საჭიროა შეიქმნას გამჭირვალე ფონდი საიდაც ყველა შენატანი და ხარჯი გამჭირვალედ აისახება. თვეში თითო ლარის შეტანაც რომ შეძლოს ქომაგმა წლის განმავლობაში 10 მილიონით მაინც გავზრდით რაგბის ბიუჯეტს
მდა
06 აპრილი 2017 16:38
0
ფინანსებს გულშემატკივარიც შეაგროვებს საჭიროა შეიქმნას გამჭირვალე ფონდი საიდაც ყველა შენატანი და ხარჯი გამჭირვალედ აისახება. თვეში თითო ლარის შეტანაც რომ შეძლოს ქომაგმა წლის განმავლობაში 10 მილიონით მაინც გავზრდით რაგბის ბიუჯეტს
მდა
06 აპრილი 2017 15:58
0
მილტონის გაშვებაზე საუბრი წაგებული თამაშის გამო არასწორია. შარშან მამუკა გოგრგოძემაც იგივე აზრი გამოთქვა როცა ახალგაზრდების როტაციაზე ისაუბრა. ფაქტია ჰეიგის ხელში გუნდმა ყოველმხრიმ მოუმატა.

რაც შეეხება ქართული კლუბების ევროტურნირში მონაწილეობას თავისთავად მისასლმებელია. აღნიშნული ინტერესს და მაყურებელთა დასწრებას კიდევ უფრო გაზრდის.
.
06 აპრილი 2017 15:19
0

სიახლეები პოპულარული