ქართული რაგბი - წინ და მხოლოდ წინ

AutoSharing Option
რაგბიში საქართველოს პირველობაში მონაწილეობის განცხადების წარდგენის ვადა 11 მარტს ამოიწურა. ახლა უკვე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ უმაღლეს და პირველ ლიგაში 8-8 გუნდი იასპარეზებს. გუშინ რაგბის კავშირში მთელი სამუშაო დღე მომავალ შეჯიბრებებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით იყო დატვირთული.

საგულისხმოა, რომ სპორტის არც ერთ სათამაშო სახეობაში არ არის საქართველოში სპორტული კალენდარი ისე "დამძიმებული", როგორც რაგბიში. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების გარდა თავიანთ პირველობებს ჩაატარებს დუბლიორთა შემადგენლობა, მეორე ლიგა, ა და ბ ლიგები (შესაბამისად აღმოსავლეთი და დასავლეთი ზონები), დაგეგმილია აგრეთვე შვიდკაცა ჩემპიონატი სამ ტურად,
საქართველოს თასის გათამაშება, ბავშვთა ტურნირები, ქვიშის რაგბი... ასპარეზობები აპრილდან დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც ხედავთ, რაგბი მთელს საქართველოში განეფინა და აქტიური სპორტული ცხოვრების სტიმულად იქცა. მაგრამ ერთია კლუბებისა და გუნდების განუხრელი ზრდა, მეორე დონე, რაც კადრების და მათი კვალიფიკაციის პირდაპირპროპორციულია. როგორაა ამ თვალსაზრისით მდგომარეობა?

- რაც მთავარია, თვითდინებაზე არაა მიშვებული საქმე, ყველაფერი ორგანიზაციულ ჩარჩოში ჯდება, მივდივართ წინ - განვითარება-სრულყოფისკენ გვეუბნება რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, ნიაზ მამრიკიშვილი, რომელსაც ახლა, აპრილის მოახლოებასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად მოძალებია საქმე. მცირე დრო ჩვენთან სასაუბროდ მაინც გამონახა.

- ბატონო ნიაზ, კადრებზე გვინდა გკითხოთ, რაგბის პოპულარობა განუხრელად იზრდება, დღეს მისი თამაში ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში თუ სოფელში სურთ. რა კეთდება კადრების მოსამზადებლად?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კადრების დეფიციტი არ შეიქმნას. მოთხოვნას არ ჩამოვრჩეთ. გვეხმარებიან ყოფილი მორაგბეებიც. პარალელურად მიმდინარეობს მათი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი.

- რა პრინციპით და რა გზით?
- ჩამოყალიბებულია ლიცენზირების სისტემა, რომელსაც გიორგი ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს. იგი უფლებამოსილია შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ჩაატაროს მეცადინეობები ანუ სწავლება-ტესტირება. წელიწადში ორჯერ ბარდება ტესტები. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა ლიცენზია. აქვე გეტყვით, რომ უკვე 2012 წლიდან ულიცენზიოდ არც ერთ მწვრთნელს არ ექნება ჯგუფებთან თუ გუნდებთან მუშაობის უფლება.

- ბარემ მსაჯებზეც ვთქვათ...
- მსაჯთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაც ორგანიზებულად მიმდინარეობს. ამ მიზნით მსაჯთა კომიტეტის პირველი ფილიალი შეიქმნა დასავლეთ საქართველოში და დიმიტრი ფულარიას ხელმძღვანელობით ცოდნას რეგიონის 18 მსაჯი იმაღლებს. კვალიფიკაციის ხარისხის მონიტორინგს თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ნოდარ რობიტაშვილი და უჩა ნარიმანიძე ჩაატარებენ.

- აღმოსავლეთ საქართველოში რამდენია ჩართული მსაჯთა სწავლებაში...
- აბიტურიენტებიანად ორმოცდაათამდე. სწავლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს კვირაში ორი დღე. აქაც ტესტირება წელიწადში ორჯერ ტარდება და ცოდნის შესაბამისად ენიჭებათ კვალიფიკაცია. რაც აქვს, იმის დაცვაც აუცილებელია, მაგრამ ყველა უფრო მაღალ დონეზეა ორიენტირებული, რაც უდავოდ კარგია.

- უცხოეთიდან მსაჯების მოწვევას ხომ არ გეგმავთ...
- ასეთი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ წლეულს რამდენად იქნება შესაძლებელი, ძნელი სათქმელია.

- რატომ?
- ფინანსები! თუმცა წინა წლების მსგავსად, პლეი-ოფის სტადიაში ალბათ წავალთ ამ ნაბიჯზე. ახალი პროექტით  გვინდა მოწვეული მსაჯები გაუძღვნენ მატჩებს, მაგრამ ეს ჯერ იდეის დონეზეა, ვნახოთ!..


ესაუბრა თენგიზ თომაშვილი





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული