არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩი არგენტინის ჩრდილოეთში, ხუხუიში გამართა და მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 29:45 დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე მაჩვენებელი გააუმჯობესა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაც მანამდე, ოთხ შეხვედრაში ვერ შეძლეს - ჩვენების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ლელო იყო. ამასთან, 29 ქულა არგენტინასთან აქამდე არასდროს დაგვიგროვებია, თანაც, ეს სტუმრად, მეტოქის მოედანზე მოხდა.

არგენტინის ნაკრების პროგრესსა და მის ადგილზე თანამედროვე რაგბიში აქ არ შევჩერდებით, ეს ისედაც კარგადაა ცნობილი. მნიშვნელოვანი და საინტერესო ისაა, ჩვენ რამდენად ჩამოვრჩებით მათ. კაცმა რომ თქვას,
ძალიან შორსაც არ არიან.

ყბადაღებული თემაა, მაგრამ იმავე არგენტინას ყოველ წელიწადს თითოჯერ მაინც რომ ვეთამაშოთ (აღარაფერს ვამბობთ ექვსი ერის გუნდებსა და სხვა ბობოლებზე), ეს ჩამორჩენაც მალე აღმოიფხვრება.

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? "ბორჯღალოსნები" 38-ე წუთისთვის 3:26 აგებდნენ, მეორე ტაიმში ჩამორჩენა უფრო გაიზარდა - 15:45. ამის მიუხედავად, გუნდმა მობილიზება ორივეჯერ შეძლო. სულ რამდენიმე წლის წინათ კი გავტყდებოდით და ხელებს ჩამოვუშვებდით.

ჩვენს გუნდს ეტყობა, რომ მეტი პოტენციალი გააჩნია, მეტი შეუძლია.

ამის დასტურად პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი უმაღლესი კლასის ლელოც გამოდგება. კონტრშეტევა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან დაიწყო. გზად რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი, არგენტინელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შეტევაში დავით კაჭარავა, ვასილ ლობჟანიძე და ოთარ გიორგაძე ჩაერთნენ. მათ ხელდახელ შესანიშნავად იბურთავეს და ლელოში კაჭარავამ შეაღწია. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ოდესმე გაუტანია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მერე გვქონდა საგრძნობი უპირატესობა შერკინებაში, რომელიც კიდევ უფრო გამოიკვეთა, როცა მოედანზე ჩვენი ახალგაზრდა ბურჯები გამოვიდნენ.

და მაინც, რატომ წავაგეთ არგენტინასთან, რით გვჯობია ეს გუნდი? სისწრაფეში, აგრესიულობაში, შეტევის ორგანიზებასა და ტაქტიკურ მონახაზში ჯერჯერობით "პუმები" წინ არიან.

ცუდი ისაა, რომ ცალკეულ მომენტებში დაცვაში თამაში გაგვიჭირდა, ისე, რომ მეტოქის გარემარბ რამირო მოიანოს სამი ლელოს გატანის საშუალება მივეცით. მასპინძლებზე ხშირად ჩვენ ვჯარიმდებოდით და მათმა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა ხუთი დარტყმიდან ოთხი გაიტანა. ჩვენ მას მხოლოდ ერთი საჯარიმოთი ვუპასუხეთ, ისიც მატჩის დასაწყისში.

თუმცა, ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ, როდესაც ორივე გუნდში ცვლილებები განხორციელდა და არგენტინელთა ლიდერებმა მარტინ ლანდახომ, ნიკოლას სანჩესმა და ავგუსტინ კრევიმ მოედანი დატოვეს, უპირატესობას ჩვენი ნაკრები დაეუფლა და ისე გამოვიდა, რომ მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" 21:19 მოიგეს.

ესეც რაღაც ახალია - აქამდე პირველი ტაიმი ორჯერ გვქონდა მოგებული და, როგორც წესი, მეორეში ვმარცხდებოდით. ახლა პირიქით მოხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 8:26 წავაგეთ, საქართველოს ნაკრებმა სამი ლელო გაიტანა. ამათგან ერთი საჯარიმო ლელო იყო. "ბორჯღალოსნების" შერკინების მიძალებას მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და აშკარა ლელოსგან თავის ხსნას წესის დარღვევით აპირებდნენ. არბიტრი წამითაც არ შეყოვნებულა, საჯარიმო ლელო დააფიქსირა.

ძალიან კარგი გამოდგა სოსო მათიაშვილის მიერ გატანილი ლელოც. "ბორჯღალოსნები" მორკინალების დარტყმებით დიდხანს უტევდნენ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში. რაკში არგენტინელები უხვად ჩაითრიეს, ისე, რომ მარცხენა ფრთა მოუშიშვლდათ. ეს დროულად შენიშნა შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ, რომელმაც ბურთი ხაზზე გაიტანა. იქ კი, რიცხობრივი უპირატესობის გათამაშება ჩვენებს არ გასჭირვებიათ.

ეს მეორე ლელოა ახალგაზრდა ქართველი მორაგბის სანაკრებო კარიერაში, რომელიც მატჩში ფულბეკის, მერაბ კვირიკაშვილის ნაცვლად ჩაერთო. მათიაშვილმა, ლელოს გარდა,  კიდევ ორი გარდასახვაც გაიტანა.

აბა, ის რა თამაშია, ჩვენმა მორაგბეებმა ერთი მძლავრი მოლი მაინც თუ ვერ ააგორეს. მატჩის მიწურულს ესეც შეძლეს. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ და მოლი შევკარით, რომელიც არგენტინელთა ჩათვლის მოედანში სირბილით შევიდა. ლელო შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა მიითვალა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტებზე სამი მატჩიდან ორი მოიგო (კანადა, აშშ) და ერთში დამარცხდა.

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

ურიგო შედეგი არაა, მაგრამ გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ალბათ, უკეთესი თამაშის ხარისხია სასურველი.

მატჩის შემდეგ
დანიელ ურკადი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ამიტომ საქმეს დასაწყისშივე სერიოზულად მივუდექით. მაღალი სისწრაფეები ჩავრთეთ, თუმცა მერე ეს სისწრაფე დავკარგეთ და მეტოქემ თავისი სათამაშო სტილი მოგვახვია თავს - ისეთი, როგორშიც ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. შეხვედრის ბოლო წუთებმა მწარე გემო დაგვიტოვა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გადაწყდა. ამ დროს შეგვეძლო, თამაში უფრო გაგვეძლიერებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. მე-60 წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, რასაც ვერ ვიტყვი ბოლო 20 წუთზე. არადა, თამაში 80 წუთი გრძელდება".

ივნისის ტესტები
არგენტინა-საქართველო 45:29
არგენტინა: (15-9) ტუკულეტი, მორონი, ორლანდო (შულცი 54), დე ლა ფუენტე, მოიანო (ორლანდო 67), სანჩესი (გონსალესი 60), ლანდახო (ვერტრანუ 60). (1-8) ჩაპარო (პასი 52), კრევი (მონტოია 41)მ ეილანი (ერერა 51), პეტი, ალემანო, ლესანა (მატერა 17), ვაესი, სენატორე (მაკომე 51).
5ლ: კრევი, ტუკულეტი, მოიანო (3) 4გ,4ს: სანჩესი
სინბინი: მოიანო
საქართველო: (15-9) კვირიკაშვილი (მათიაშვილი 48), მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 55). (1-8) ნარიაშვილი (მატარაძე 55), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 55), ბეკოშვილი (ხატიაშვილი 62), ნემსაძე (მალაღურაძე 71), მიქაუტაძე, გიორგაძე (ჩხაიძე 70), კოლელიშვილი (ცუცქირიძე 58), ლომიძე.
4ლ: კაჭარავა, საჯარიმო, მათიაშვილი, მამუკაშვილი. 3გ: მათიაშვილი (2), ავტ. ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: ნემსაძე
მსაჯი: ლუკ პირსი (ინგლისი).

სხვა მატჩები
სამოა-უელსი 17:19
ახ. ზელანდია-ბრ. ლომები 30:15
ფიჯი-შოტლანდია 27:22
ავსტრალია-იტალია 40:27
იაპონია-ირლანდია 13:35
სამ. აფრიკა-საფრანგეთი 35:12
კანადა-აშშ 28:28
რუმინეთი-ბრაზილია 56:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
შალვა-ს. ნეტავ ისეთი სიტუაცია იყოს, რომ სპორტის ყველა სახეობას ქონდეს არნახული დაფინანსება. ვფიქრობ ამ კუთხით რაგბს არაფერი აქვს საწუწუნო. თუნდაც რამდელი სარაგბო სტადიონი აიგო და რამდენი ბავშვი ვარჯიშობს საძრაურის გარეშე (იხდის "ის") და ასე შემდეგ, მაგრამ ფეხბურთისკენ თუ ვინმე გაიხედავს (თუნდაც სახელმწიფო), ნუ ვიქნებით წინაამღდეგი და ნუ ვაყენებთ შეურაცყოფას, განსაკუთრებით დამწყებ ფეხბურთელებს. ამაზე გავამახვილე ყურადღება, მეტი არაფერი.
ლადო
26 ივნისი 2017 17:57
0
ლადო, გეთანხმები, მაგრამ ალბათ კარგი იქნება თუ ყველა ამოიღებს და მოითხოვს, რომ ნუ გამოვარჩევთ სპორტის ერთ სახეობას, ქონდეს დაფინანსება ფეხბურთს და მივცეთ დაფინანსება რაგბსაც. არა მგონია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ძალიან დამატებითი ტვირთი იყოს წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ლარი, რაც ძალიან წაადგებოდა რაგბის განვითარებას.
შალვა
26 ივნისი 2017 17:41
0
ლელა კაკლულიამ ვის როგორ მომავალი უწინასწარმეტყველა არ ვიცი მაგრამ ფეხბურთში რომ არაფერს ვაკეთებთ ფაქტია! დაენიშნებათ ხელფასები და კიდიათ მერე ყველაფერი გულაობენ ბიჭები! ხელფასიდან დიდი დაქვითვა უნდა იყოს და მერე გაანძრევენ ერთ ადგილს! ასე თუ გაგრძელდა მეც იმ აზრისკენ ვიხრები რომ შეუწყვიტონ დაფინანსება ფეხბურთს! რამდენი სპორტის სახეობა ვერ ვითარდება უსახსრობუის გამო! მსოფლიოზე კანოეთი მეხუთზეზე რომ გავიდა არც ახლა ვარჯიშობს სახარბიელო მდგომარეობაში მაგრამ მაინც არ ნებდებნა! მშვილდოსნობა სროლა და კიდე რა ვიცი ბევრ სპორტს არ აქვს დაფინანსება მგარამ ცდილობენ და ღარაც შედეგს დებენ და ფეხბურთში შედეგი ნოლი ფეხზე თუ მოხვდებათ და ისე გავა ბურთი თუ არა თვითონ რაის გამტანები არიან
:)
!!!
26 ივნისი 2017 17:39
0
ავთო-ს. არ მინდა გეწყინოს, მაგრამ შენი ეს მართლაც კარგი შეფასება რაგბთან მიმართებში, ერთი ხელის მოსმით გადაყარე წყალში ამ უაზრო პასკვილით - "წაართვით იმ უმაქნის და უნიჭო ფეხბურთელებს ფული და ჩადეთ ის რაგბში და მიიღებთ შედეგ". თუ გიფიქრია, რამდენ დამწყებ და უკვე თითქმის არენაზე გამოსულ ფეხბურთელს გაუტეხე ამით გული? გიფიქრია!! არა მგონია. გამოდის რომ ამ მართლაც უმაგრესი რაგბისტების გამო, უნდა მოვისროლოთ სანაგვეზე ისეთი ტალანტები, როგორიც თუნდაც გიორგი არაბიძე და გიორგი ჩანკვეტაძეა, რომელსაც ძალიან მაგარ მომავალს უწინაწსარმეტყველებენ სპეციალისტები!!! ან რატომ ადარებ სპორტის ამ სახეობებს ერთმანეთს. მათი შედარება მკრეხელობაა მხოლოდ და მეტი არაფერი. ფეხბურთი იყო არის და დარცება სატამაშო სპორტის უპირველეს სახეობა. ეგაა რა!!!
ლადო
26 ივნისი 2017 17:18
0
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, სულ რამდენიმე წლის წინ ასეთი გუნდების 22 მეტრიანტანთან ახლოსაც ვერ მივდიოდით,ახლა კი არგენტინას მის მოედანზე 4 ლელოს ვუდებთ. ამას თუ დავუმატებთ 20- წლამდელებში, სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან დადებულ ლელოებს, ხოლო ამ უკანასკნელის საერტოდაც დამარცხებას, შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი სახეზეა. მე რაგბისტი არ ვარ და რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან ვმსჯელობ, მაგრამ ნუ ვიქნებით ზედმეტად კრიტიკულები,და მაქსიმალისტები დიდი გამარჯვებების დროც მოვა, მაგრამ ამას უდიდესი შრომა სწორი მიდგომა და ფინანსები ჭირდება. პ.ს. წაართვით იმ უმაქნის და უნიჭო ფეხბურთელებს ფული და ჩადეთ ის რაგბში და მიიღებთ შედეგს.
ავთო.
26 ივნისი 2017 16:34
0
საბოლოო ჯამში წარმატებული ტურნე გამოვიდა და შედეგიც საკმაოდ ნორმალურია. უბრალოდ გულდასაწყვეტი ის არის, რომ ეპიზოდებში გვაქვს ჩავარდნები და ამ დროს ვუშვებთ ლელოს. ასეთ გუნდებს თუ ხშირად შევხვდებით დარწმუნებული ვარ, შედეგიც არ დააყოვნებს.
ggg
26 ივნისი 2017 15:22
0
ყოველთვის მინდა რაგბის ეროვნულ ნაკრებზე დადებითად ვისაუბრო, თამაშა არ მიყურებია თუმცა ველოდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებასაც. თუ ეს თაობა მეტი წინ ვერ მიდის რა უნდა ვქათ, ისევ მომავლის იმედათ უნდა ვიოთ.
კოლა
26 ივნისი 2017 13:58
0
ნამდვილად კარგი კომენტატორია! იმედია შემდეგშიც ის იქნება.
ლევანი
26 ივნისი 2017 13:55
0
სისწრაფე აბსოლიტურად ყველა სპორტში ჩვენი ნაკრებების აქილევსის ქუსლია, ყველგან ამ კომპონენტში გვაქვს პრობლემები
gega
26 ივნისი 2017 13:49
0
რუმინეთმა ნეტა მოუმატოს ჩვენთვის უკეთესია მე ფიჯი მაწუხებს მაგრად წინ წავიდნენ უკვე.
ისე ბრაზილიასთან კაი თამაშისთვის რუმინეთის შექება ცოტა სირცხვილია.
Me
26 ივნისი 2017 13:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული