არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩი არგენტინის ჩრდილოეთში, ხუხუიში გამართა და მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 29:45 დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე მაჩვენებელი გააუმჯობესა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაც მანამდე, ოთხ შეხვედრაში ვერ შეძლეს - ჩვენების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ლელო იყო. ამასთან, 29 ქულა არგენტინასთან აქამდე არასდროს დაგვიგროვებია, თანაც, ეს სტუმრად, მეტოქის მოედანზე მოხდა.

არგენტინის ნაკრების პროგრესსა და მის ადგილზე თანამედროვე რაგბიში აქ არ შევჩერდებით, ეს ისედაც კარგადაა ცნობილი. მნიშვნელოვანი და საინტერესო ისაა, ჩვენ რამდენად ჩამოვრჩებით მათ. კაცმა რომ თქვას,
ძალიან შორსაც არ არიან.

ყბადაღებული თემაა, მაგრამ იმავე არგენტინას ყოველ წელიწადს თითოჯერ მაინც რომ ვეთამაშოთ (აღარაფერს ვამბობთ ექვსი ერის გუნდებსა და სხვა ბობოლებზე), ეს ჩამორჩენაც მალე აღმოიფხვრება.

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? "ბორჯღალოსნები" 38-ე წუთისთვის 3:26 აგებდნენ, მეორე ტაიმში ჩამორჩენა უფრო გაიზარდა - 15:45. ამის მიუხედავად, გუნდმა მობილიზება ორივეჯერ შეძლო. სულ რამდენიმე წლის წინათ კი გავტყდებოდით და ხელებს ჩამოვუშვებდით.

ჩვენს გუნდს ეტყობა, რომ მეტი პოტენციალი გააჩნია, მეტი შეუძლია.

ამის დასტურად პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი უმაღლესი კლასის ლელოც გამოდგება. კონტრშეტევა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან დაიწყო. გზად რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი, არგენტინელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შეტევაში დავით კაჭარავა, ვასილ ლობჟანიძე და ოთარ გიორგაძე ჩაერთნენ. მათ ხელდახელ შესანიშნავად იბურთავეს და ლელოში კაჭარავამ შეაღწია. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ოდესმე გაუტანია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მერე გვქონდა საგრძნობი უპირატესობა შერკინებაში, რომელიც კიდევ უფრო გამოიკვეთა, როცა მოედანზე ჩვენი ახალგაზრდა ბურჯები გამოვიდნენ.

და მაინც, რატომ წავაგეთ არგენტინასთან, რით გვჯობია ეს გუნდი? სისწრაფეში, აგრესიულობაში, შეტევის ორგანიზებასა და ტაქტიკურ მონახაზში ჯერჯერობით "პუმები" წინ არიან.

ცუდი ისაა, რომ ცალკეულ მომენტებში დაცვაში თამაში გაგვიჭირდა, ისე, რომ მეტოქის გარემარბ რამირო მოიანოს სამი ლელოს გატანის საშუალება მივეცით. მასპინძლებზე ხშირად ჩვენ ვჯარიმდებოდით და მათმა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა ხუთი დარტყმიდან ოთხი გაიტანა. ჩვენ მას მხოლოდ ერთი საჯარიმოთი ვუპასუხეთ, ისიც მატჩის დასაწყისში.

თუმცა, ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ, როდესაც ორივე გუნდში ცვლილებები განხორციელდა და არგენტინელთა ლიდერებმა მარტინ ლანდახომ, ნიკოლას სანჩესმა და ავგუსტინ კრევიმ მოედანი დატოვეს, უპირატესობას ჩვენი ნაკრები დაეუფლა და ისე გამოვიდა, რომ მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" 21:19 მოიგეს.

ესეც რაღაც ახალია - აქამდე პირველი ტაიმი ორჯერ გვქონდა მოგებული და, როგორც წესი, მეორეში ვმარცხდებოდით. ახლა პირიქით მოხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 8:26 წავაგეთ, საქართველოს ნაკრებმა სამი ლელო გაიტანა. ამათგან ერთი საჯარიმო ლელო იყო. "ბორჯღალოსნების" შერკინების მიძალებას მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და აშკარა ლელოსგან თავის ხსნას წესის დარღვევით აპირებდნენ. არბიტრი წამითაც არ შეყოვნებულა, საჯარიმო ლელო დააფიქსირა.

ძალიან კარგი გამოდგა სოსო მათიაშვილის მიერ გატანილი ლელოც. "ბორჯღალოსნები" მორკინალების დარტყმებით დიდხანს უტევდნენ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში. რაკში არგენტინელები უხვად ჩაითრიეს, ისე, რომ მარცხენა ფრთა მოუშიშვლდათ. ეს დროულად შენიშნა შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ, რომელმაც ბურთი ხაზზე გაიტანა. იქ კი, რიცხობრივი უპირატესობის გათამაშება ჩვენებს არ გასჭირვებიათ.

ეს მეორე ლელოა ახალგაზრდა ქართველი მორაგბის სანაკრებო კარიერაში, რომელიც მატჩში ფულბეკის, მერაბ კვირიკაშვილის ნაცვლად ჩაერთო. მათიაშვილმა, ლელოს გარდა,  კიდევ ორი გარდასახვაც გაიტანა.

აბა, ის რა თამაშია, ჩვენმა მორაგბეებმა ერთი მძლავრი მოლი მაინც თუ ვერ ააგორეს. მატჩის მიწურულს ესეც შეძლეს. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ და მოლი შევკარით, რომელიც არგენტინელთა ჩათვლის მოედანში სირბილით შევიდა. ლელო შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა მიითვალა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტებზე სამი მატჩიდან ორი მოიგო (კანადა, აშშ) და ერთში დამარცხდა.

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

ურიგო შედეგი არაა, მაგრამ გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ალბათ, უკეთესი თამაშის ხარისხია სასურველი.

მატჩის შემდეგ
დანიელ ურკადი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ამიტომ საქმეს დასაწყისშივე სერიოზულად მივუდექით. მაღალი სისწრაფეები ჩავრთეთ, თუმცა მერე ეს სისწრაფე დავკარგეთ და მეტოქემ თავისი სათამაშო სტილი მოგვახვია თავს - ისეთი, როგორშიც ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. შეხვედრის ბოლო წუთებმა მწარე გემო დაგვიტოვა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გადაწყდა. ამ დროს შეგვეძლო, თამაში უფრო გაგვეძლიერებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. მე-60 წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, რასაც ვერ ვიტყვი ბოლო 20 წუთზე. არადა, თამაში 80 წუთი გრძელდება".

ივნისის ტესტები
არგენტინა-საქართველო 45:29
არგენტინა: (15-9) ტუკულეტი, მორონი, ორლანდო (შულცი 54), დე ლა ფუენტე, მოიანო (ორლანდო 67), სანჩესი (გონსალესი 60), ლანდახო (ვერტრანუ 60). (1-8) ჩაპარო (პასი 52), კრევი (მონტოია 41)მ ეილანი (ერერა 51), პეტი, ალემანო, ლესანა (მატერა 17), ვაესი, სენატორე (მაკომე 51).
5ლ: კრევი, ტუკულეტი, მოიანო (3) 4გ,4ს: სანჩესი
სინბინი: მოიანო
საქართველო: (15-9) კვირიკაშვილი (მათიაშვილი 48), მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 55). (1-8) ნარიაშვილი (მატარაძე 55), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 55), ბეკოშვილი (ხატიაშვილი 62), ნემსაძე (მალაღურაძე 71), მიქაუტაძე, გიორგაძე (ჩხაიძე 70), კოლელიშვილი (ცუცქირიძე 58), ლომიძე.
4ლ: კაჭარავა, საჯარიმო, მათიაშვილი, მამუკაშვილი. 3გ: მათიაშვილი (2), ავტ. ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: ნემსაძე
მსაჯი: ლუკ პირსი (ინგლისი).

სხვა მატჩები
სამოა-უელსი 17:19
ახ. ზელანდია-ბრ. ლომები 30:15
ფიჯი-შოტლანდია 27:22
ავსტრალია-იტალია 40:27
იაპონია-ირლანდია 13:35
სამ. აფრიკა-საფრანგეთი 35:12
კანადა-აშშ 28:28
რუმინეთი-ბრაზილია 56:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
რუმინეთმა ძალიან მოუმატა, მაგრამ ბრაზილია ჯერ ვერ არის იმ დონეზე რომ ძალისმიერ გუნდებს ტოლ-სწორად ეთამაშოს, გახსნილ თამაშში გაცილებით უკეთ თამაშობენ.
gio-ს
26 ივნისი 2017 13:16
0
მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ჩვენს ბიჭებს! ღირსეულად იბრძოლეს, არ გატყდნენ და არ მისცეს არგენტილებს იმის საშუალება სასაცილოდ ავეგდეთ. პირიქით, როგორია შენი გულშემატკივრის თვალწინ რო რეგულარულად გჩაგრავენ შერკინებაში?! რაგბი ხო მარტო ანგარიში არ არის... იმ პირველი ლელოს ყურება კი არ მწყინდება. დიდებული იყო და ღმერთმა ქნას ხასიათში გადაგვივიდეს ეგეთების კეთება:)
giglia
26 ივნისი 2017 13:06
0
რა კომენტატორი არ მოგეწონათ, რაგბს პირველად უყურეთ? :დ ნიაზაზე მაგარი რაგბის კომენატორი რომელია :))))
ირაკლი
26 ივნისი 2017 13:05
0
რაც შეეხება სიმულიანტობას ფეხბურთთან შედარებას, არგენტინა რა შუაშია იტალია არ სიმულიანტობს ან ნებისმიერი სხვა თუნდაც რამოსმა ფინალში რა კორდებალეტი დადგა. მეორე არგენტინელი, რომ დაიმტვრა მერე ავთამაშდით და მეორე გუნდი რო იყოს პასუხად გეტყვით, რომ რაგბში მესამოცე წუთიდან ცვლილებები მიდის და მეორე და მეშვიდე არაფერ სუაშია, ღუ გესმის რაგბი უნდა იცოდე, რომ ნამდვილ თამაშს უმაღლესი კლასის გუნდები ზუსტად მესამოცეზე იწყებენ და ფეხბურთივით არ არი შეიძლება სკამზე უკეთესი გეჯდეს მაგ დროისთვის დასვენებული, რომ შეიყვანო დაღლილების წინააღმდეგ.
მეკოზე შეფასებას ვეთანხმები და მთელი წელია ვამბობ კარგით რა ნუ გადაგვაყოლეთ ცენტურიინ-მექულეობანას, რომ გავიდა მაშინ ავთამაშდით.
Me
26 ივნისი 2017 13:00
0
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის! ვეთანხმები კახას, კრიტიკა არ ნიშნავს მტრობას და არ არის საჭირო ამის გამო ურთიერთლანგვაზე გადასვლა! მე მაინც ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ მომენტებში ძლიერი წნეხის ქვეშ ჩვენი გუნდი საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა...მეკოზე დავწერე და კიდევე ერთხელ დავწერ, მართლა დროა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთოს თამაშში. ტაქტიკურად უკეთ შეგვეძლო თამაში და ჩვენი ძლიერი მხარე მეტად გამოგვეყენებინა, მაგრამ დერეფანში პრობლემებმა ამის საშუალება არ მოგვცა. რა ვქნა მაინც უნდა დავწერო, ჰეიგს დიდი მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ უფრო მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელია უკვე საჭირო! ვიცი დაიწერება ხელფასზე, დაფასებაზე და ა.შ. მაგრამ რეალობას თუ არ გაითვალისწინებს ფედერაცია ნაკრების განვითარება შეფერხდება. ძალიან გამიხარდება თუ ვცდები და მელიტონი დადებს შედეგს (ვაფასებ მსოფლიოზე მაგარი შედეგი დადო!)!
პაატა
26 ივნისი 2017 12:53
0
Komentatori mec ar momewona zalian stranni xma ak, da ragac sisuleleebs laparakobs.
Kaxa qartveli.7
26 ივნისი 2017 12:34
0
არ შეიძლება ასე დაბრმავება კი ბატონო ჩვენი საამაყო ხალხია მორაგბეები მაგრამ მხოლოდ მაშინ შევძელით წინააღმდეგობის გაწევა როცა არგენტინელები მეორე შემადგენლობით იყვნენ მოედანზე(პირველ ტაიმში ჩვენი ამწიოკებელი რომ არ დამტვრეულიყო კიდე უარესი შედეგი გვექნებოდა) კრიტიკა მტრობას არ ნიშნავს ფედერაციამ უნდა გამოიფხიკოს ყურები ახალი მწვრთნელია საჭირო და არ უნდა დაელოდონ დამადლებულ თამაშებს სხვა გზებიც უნდა ეცადონ არაა აუცილებელი მანდამაინც ნაკრებებს ვეთამაშოთ მოიწვიონ ძლიერი კლუბები და მათთანაც შეიძლება კლასის ამაღლება სწორი მენეჯმენტი და ცოტა თანხების მოძიებაა საჭირო და ერთი ადგილის განძრევა და ფიჯიმ შოტლანდიას მოუგო რაგბის მაგარო მცოდნეებო???
კახა
26 ივნისი 2017 12:27
0
მოკლედ დავდებ გარჩვეას და ამასაც თუ არ გამოაქვეყნებთ არ ვიცი: ჩემი აზრით კარგია იყო:
1) რაქში თამაში. ამ კომპონენტში პროგრესი აშკარააა. 2) სასიამოვნოდ გამაოცა იმან, რომ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაგვივარდა წინ და ერთხელაც ბრძOლაში. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. 3) შერკინება როგორც ყოველთვის არის არანორმალურად მაგარი. დავანახეთ ყველას რომ მართლაც მსოფლიოში დიდ სამეულში შევდივართ ამ კომპონენტში. 4) ძალიან კარგი იყო სკამი. ჩვენმა სათადარიგოებმა აშკარად დაჩაგრეს არგენტინელი სათადარიგოები. ახლა რაც შეეხება უარყოფით მხარეებს. 1) აუტი. კოშმარი იყო. 2) თამაშის ორგანიზება. არგენტინელების ლელოები იმას არ მოჰყოლია რომ ბიჭებმა ბოჭვები არ იციან ან ძალა არ შესწევთ, უბრალოდ გვიჩირს მეტოქის ჩანაფიქრის მიხვედრა წამის მეასედში. თითქოს ვაგვიანებთ. ეს არა მხოლოდ ფიზიკური სისწრაფის ხარჯზე ხდება. დროულად გადაწყობას და სივრცეების ამოვსებას ვგუილისხმობ. 3) მაპატიეთ მარა არ შემიძლია არ ვტქვა: მეკომ სკამზე უნდა გადაინაცვლოს. მესმის რომ სარაგბო თემი მას მხარში უდგას მაგრამ მას ჯერ კიდევ უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძLია გუნდისათვის ტავისი გამოცდილებითა და კლასით მარა სკამიდან. ჩემი აზრი ასეთია. დასკვნა: თამაში უნდა შეფასდეს ორმაგი განცდით. წაგებულ თამაშს ვერ უწოდებ ვერანაირად მაგარს, მაგრამ უკვე კარგია რომ ბობოლასთან გასვლაზე ორმაგი განცდა გვაქვს და არა ისეთი მაგალითად როგორიც სქოთებთან თამაშის მერე დამრჩა. მადლობა და გამოაქვეყნეთ :(
xvistani
26 ივნისი 2017 12:19
0
ერთი კარგი მორბენალი რა გახდა ჩვენი გუნდისთვის? 3-ჯერ ჩარბენით დადებული ლელოდან ორს ნორმალური მორბენალი შეაჩერებდა. 2 ლელო გარდასახვებით 14 ქულაა. მძლეოსნობის გარეშე ვერ გავხდებით ზე რაგბის ქვეყანა, რით ვერ გაიგეს?! ბიჭები ბდღვნიან შერკინებაში და მათი შრომა წყალში იყრება. მოაშორეთ ეს ნაგავი სპორტის უცოდინრები სამინისტროდან და ფედერაციებიდან, აი მერე ვნახოთ შედეგები!!!
გიორგი
26 ივნისი 2017 12:06
0
პროგრესი აშკარაა 4 ლელო 15 არგენტინელისა და მე­16 მოთამაშის მსაჯის წინააღმდეგ ცუდი არ არის, შერკინებაში ჩავხადეთ, დაცვაში იყო უხეში შეცდომები..
მაგრამ თამაში კარგი იყო...
ბრწყინვალედ მიყავს ნიაზ მამრიკიშვილს რეპორტაჟები... და რატომ გაკლებენ ქართველ ტელემაყურებელ ამ სიამოვნებას. ნიაზისა და ზაალის მაგივრად ვიღაც უვიცი კომენტატორები რომ გამოყავთ
dato
26 ივნისი 2017 12:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული