- რატომ დათანხმდით საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას?
- როცა ირბ-მ საქართველოში სამუშაოდ მომავლინა, მოვლენები ასე თუ განვითარდებოდა ვერც წარმოვიდგენდი. ჩემი თვითმიზანი ნაკრების მწვრთნელობა არ ყოფილა. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა საქართველოს ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს. მაგრამ, ამასთან ერთად, იმ ათი თვის განმავლობაში, რაც აქ ვმუშაობ, საკმაოდ კარგად გავიცანი ქართული რაგბის კულტურა, შესაძლებლობები და პრობლემები. ვფიქრობ, იმ მოკლე დროში, მსოფლიო თასის დაწყებამდე რომაა დარჩენილი, სწორედ ჩემნაირ კაცს შეუძლია, ქმედითად დაეხმაროს "ბორჯღალოსნებს".
მართალია, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მათ თამაშს ვაკვირდებოდი, კარგი მორაგბეები არიან. რაც მთავარია, ისინი კარგად აცნობირებენ რა დატვირთვა აქვს საერთაშორისო მატჩებს, მორაგბეებმა იციან, რა სარგებლობა შეუძლათ მოუტანონ ქართულ რაგბის წარმატებული თამაშით. ცხადია, აუცილებლად შევხვდები და მათ აზრს, თუ რა არის საჭირო საიმისოდ, რათა ნაკრებმა პროგრესი განიცადოს, აუცილებლად გავითვალისწინებ.
- 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში შოტლანდიის ნაკრები ჩვენი მეტოქეა. რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს სამშობლოში, როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თქვენი დანიშვნის ამბავი შეიტყვეს?
- გაზეთებში გამოქვეყნდა რამდენიმე წერილი. საერთო აზრი დადებითი იყო. შოტლანდიური რაგბის თემს მოსწონს, რომ შოტლანდიელი სპეციალისტები სხვა ქვეყნებსაც ეხმარებიან რაგბის განვითარებაში. იყო ნეგატიური შეფასებებიც, თუმცა იმდენად უმნიშვნელო, რომ არც ღირს მათზე ყურადღების გამახვილება. თანაც, ჩემი თაობის მწვრთნელებიდან პირველი არ ვარ, ვინც უცხო ქვეყნის გუნდს სათავეში ჩაუდგება. ჩვენ პროფესიულ სამყაროში ვცხოვრობთ, რაგბიც პროფესიული სპორტია. ის, რომ შოტლანდიის ნაკრები მსოფლიო თასზე ჯგუფურ ტურნირში ჩვენი მეტოქეა, ბედის ირონიაა.
- ეროვნულ ნაკრებში ასისტენტობას ავსტრალიელი ჯონ მაგლტონი გაგიწევთ. თქვენთან ერთად ჩამოვიდა უკანა ხაზის მწვრთნელი დონ სასკი. მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე სპეციალისტთან. გთხოვთ, დაგვიხასიათოთ ისინი.
- ჯონ მაგლტონი უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის მწვრთნელია. მან წლების განმავლობაში წარმატებით იმუშავა ავსტრალიის ნაკრების დაცვის მწვრთნელად. რაც ყველაზე მთავარია, მას აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ამიტომ კარგად ესმის ევროპული რაგბის სპეციფიკა. ვფიქრობ, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია საქართველოს ნაკრებისთვის. მისგან ჩვენი მოთამაშეები ფასდაუდებელ ცოდნას მიიღებენ
დონ სასკი უკანა ხაზის მწვრთნელია. მას საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა ახასიათებს. შოტლანდიურ რაგბიში რომ ვმუშაობდე, სასკის აუცილებლად ჩავრთავდი რომელიმე ნაკრების მწვრთნელთა შტაბში.
დონალდი ინგლისურ კლუბებში "ჩელტენჰემსა" და "მოზლიში" მუშაობდა. წვრთნასთან ერთად მას შეუძლია, თამაშიც მაღალ დონეზე გაანალიზოს.
მიმდინარეობს მოლაპარაკება ფიზმომზადების მწვრთნელთან. რაც შეეხება შერკინების მწვრთნელს, აქ საქმე ცოტა რთულად არის, თუმცა ეს ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, IღB-ში შერკინების ექსპერტად ვითვლები. თან ისიც აღსანიშნავია, რომ საკმაოდ გამოცდილი შერკინების მოთამაშეები გვყავს. მათი აქტიური მონაწილეობა წვრთნის პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ მთავრი მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობა მე უნდა ავიღო, მაგრამ მომწონს, როცა საქმეში ყველაა ჩართული, პასუხისმგებლობა მათაც უნდა იგრძნონ.
ჩემთვის საქმეში არ არსებობს ჩემი და შენი, არსებობს ჩვენი. წარმატებას ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ და ამისთვის ყველამ ერთად ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ.
რაც შეეხება ასისტენტებს, ჩვენი მიზანია, შევქმნათ კარგი პედაგოგების გუნდი, რომელიც არა მხოლოდ მართავს, არამედ ასწავლის კიდეც. ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რათა თითოეულ მორაგბეს დავეხმაროთ თავისი შესაძლებლობების წარმოჩენაში. ჩვენი გუნდის რეზერვი საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ თითოეული მორაგბე ჩვენთვის ძალიან ფასეულია, ყველას უნდა დავეხმაროთ როგორც ცალ-ცალკე, ისე - ერთად.
- თქვენი ასისტენტები მარტო ეროვნულ ნაკრებთან იმუშავებენ თუ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას ასაკობრივი ნაკრებებისა და კლუბების მწვრთნელებსაც გაუზიარებენ?
- ვფიქრობ, რომ მარტო ეროვნულ ნაკრებთან მუშაობით არ შემოვიფარგლებით. გვინდა, შინაური რაგბის განვითერებაშიც შევიტანოთ წვლილი. თანაც, ის პროგრამები, რომლის შექმნაც დავიწყე, ბოლომდეა მისაყვანი. ეს გრძელვადიანი პროგრამებია და მასზე მუშაობა მსოფლიო თასის მერეც კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
- უწინარესად რას შეცვლიდით ჩვენი ნაკრების თამაშში?
- რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავთ, არც იქნება სწორი. შავის თეთრად გადაქცევა ასე ერთბაშად არ ხდება. შევკრებთ გუნდს, დავსხდებით, დავილაპარაკებთ და ერთად გადავწყვეტთ, რაზე გვაქვს უფრო ყურადღება გასამახვილებელი. ნაკრების რამდენიმე წევრს უკვე შევხვდი. საკმაოდ საინტერესო საუბარი გვქონდა. ნამდვილი მუშაობა ნოემბრის ტესტებისთვის მზადებისას დაიწყება. მანამდე კი რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად მსოფლიო თასისთვის მზადების გეგმა უნდა შევიმუშავოთ.
- რას გეგმავთ მსოფლიო თასზე - საქართველოს ნაკრებს რამდენი თამაშის მოგების შანსი აქვს?
- პროგრამა მაქსიმუმი ორი თამაშის მოგებაა. ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ უნდა ჩავინერგოთ რწმენა, რომ ეს შეგვიძლია. თუ მოსამზადებელ პერიოდს კარგად გამოვიყენებთ, თუ მოთამაშეებს სწორად ავარჩევთ და იმ პოზიციაზე დავაყენებთ, სადაც ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, თუ ჩვეული თავდადებითა და შემართებით ვითამაშებთ, ყველაფერი შესაძლებელია.
რაგბი სპორტია, სპორტში ყველაფერი ხდება. შეიძლება, ისეთი თამაში მოიგო, რომელიც მოსაგები არ იყო და პირიქით - მოსაგები წააგო. ერთი სიტყვით, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასის გათამაშების უბრალო მონაწილეები არ ვიყოთ. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"